"თბილისობა" წელს 4-6 ოქტომბერს აღინიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, "თბილისობა" წელს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება; დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები.
"თბილისობა" 4 ოქტომბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღში ახალბედა მუსიკალური ბენდების კონკურსით გაიხსნება. პროგრამის მიხედვით ძირითადი ღონისძიებები 5-6 ოქტომბერს გაიმართება. კერძოდ, მეიდანზე, გორგასლის მოედანზე, ტრადიციული საწნახელი მოეწყობა და ყურძენი დაიწურება.
აბანოთუბანში ბავშვებისთვის თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა "ფიროსმანი" ჩატარდება. მეიდანზე ასევე ქორეოგრაფიულ ანსამბლ "როკვას", ბიჭუნათა ფოლკლორულ ანსამბლ "ჩოხოსნების" და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ "შეჯიბრი-პატარა მედოლეების" კონცერტი გაიმართება.
ჩატარდება ნარდისა და ჭადრაკის სამოყვარულო ტურნირები, ხილის ფესტივალი, თბილისის IV საერთაშორისო სამხატვრო პლენერზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, ავტო შოუ, სადღესასწაულო მსვლელობა ბოტანიკურის ქუჩაზე, გასეირნება მტკვარზე ტივით - მეარღნის, მედუდუკეებისა და ყარაჩოღელების თანხლებით, ბაიდარების მსვლელობა მტკვარზე, პანტომიმის თეატრის წარმოდგენა რიყის პარკის ამფითეატრში, ევროპის მოედანზე ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა -"შავფაროსნები", ბაზიერების შოუ; ასევე, გორგასლის მოედანზე ქართული პოპ მუსიკის კონცერტი, სხვადასხვა ეროვნების ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა; აბანოთუბანში, გორგასლის მოედანზე, კი ჯგუფის "ეგარი" და ჯგუფის "ბანი" კონცერტები. ევროპის მოედანზე ოთარ რამიშვილის 75 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, რომელზეც ოთო ნემსაძე ოთარ რამიშვილის დაუვიწყარ მუსიკას წარმოადგენს.
6 ოქტომბერს კი თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.