31-ე ქარხნის სამხედრო აეროდრომზე ავია-შოუ მიმდინარეობს. ღონისძიებაში მონაწილეობას Су-25 და L-39-ის ტიპის თვითმფრინავები იღებენ, რომლებიც სხვადასხვა საავიაციო ილეთს და მანევრს ასრულებენ.
31-ე ქარხნის თავზე თვითმფრინავები მარნეული სამხედრო აეროდრომიდან მიფრინდნენ. ღონისძიება პარაშუტისტებმა გახსნეს. ორი მათგანი თვითმფრინავიდან ამერიკისა და საქართველოს დროშის ფერებში შეღებილი პარაშუტებით გადმოხტდნენ.
ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სამხედრო და სამოქალაქო პირები ესწრებიან. ღონისძიებას ესწრება თბილისის მერი გიგი უგულავა.
ავია-შოუ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველიშვილის (ქართველის) დაბადების დღეს ეძღვნება.
ალექსანდრე ქართველიშვილი (ქართველი) თბილისში 1896 წლის 9 სექტემბერს დაიბადა. აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ალექსანდრე ქართველი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ავიაკონსტრუქტორად.
ქართველი ავიაკონსტრუქტორი ნიუ-იორკში 1974 წელს გარდაიცვალა.
იხილეთ ფოტოგალერეა