საქართველოში, დასავლეთისგან განსხვავებით, მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაანგარიშება საერთოდ არ ხდება. ჩვენთან უფრო საშუალო ხელფასის ცნება გამოიყენება. თუმცა ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე დაგვეხმარა იმის გამოანგარიშებაში, თუ საშუალოდ რამდენს იღებს საქართველოს მოქალაქე საათში.
- მინიმალური საათობრივი ანაზღაურება - ეს არის ცნება, რომელიც საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია და მისი საწყისი ფორმა ჯერ კიდევ 1930-იანი წლების ამერიკაში წარმოიშვა, ხოლო შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ეს არის როგორც მოქალაქის სოციალური დაცულობის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი. ქვეყნის განვითარებაზე ისიც მეტყველებს, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება ამ ტერმინს. როგორც ვიცი, ჩვენს ქვეყანაში მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ცნება საერთოდ არ გამოიყენება, უფრო მინიმალური ხელფასის ცნებაა დამკვიდრებული.
- საშუალოდ რომ ვიანგარიშოთ, რამდენია საქართველოში მინიმალური საათობრივი ანაზღაურება?
- იმ სამართლებრივი რეგულირებით, რომელიც დღეისათვის გვაქვს, ამასთანავე, სამუშაო საათების რაოდენობის გათვალისწინებით, დღეისათვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება საშუალოდ 75-80 თეთრის ფარგლებშია. ეს არ არის დიდი ციფრი, თუ შევადარებთ სხვა ქვეყნების მდგომარეობას. ასე მაგალითად: აშშ-ში ეს ციფრი 8 დოლარს აღემატება, ჩვენთან კი მხოლოდ 50 ცენტი გამოდის. იქ მინიმალური საათობრივი ანაზღაურება კანონით არის დადგენილი, მაგრამ ამერიკაში ეს საკითხი იმდენად დახვეწილია, რომ საათობრივი ანაზღაურება განსხვავდება შტატებისა და პროფესიების მიხედვითაც კი: იქ, სადაც შეიძლება ადამიანმა მეტი გამოიმუშაოს და კლიენტები ზოგჯერ დამატებით თანხასაც უტოვებენ (მაგალითად, სილამაზის სალონის მუშაკებს, ოფიციანტებს, ტაქსის მძღოლებს და ა.შ.), მინიმალური საათობრივი ანაზღაურება შეიძლება იყოს ნაკლები, ვიდრე სხვა სტრუქტურებშია, ჩვენთან კი ჯერ ოფიციალური ციფრიც კი არ არის დადგენილი. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს - ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლებს თუ გავითვალისწინებთ, ჩვენთან მინიმალური საათობრივი ანაზღაურება ევროპის ქვეყნებთან შედარებით მხოლოდ 8 პროცენტია. მეორე მხრივ, საშუალო ხელფასის მსყიდველობითუნარიანობა საქართველოში გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროკავშირში, იმიტომ, რომ ფასებისა და ტარიფების სიდიდით ამ ქვეყნებს თუ ვუსწრებთ, თორემ არ ჩამოვრჩებით. არცთუ სასიამოვნო სურათი გვაქვს. თუ თავს მოვიტყუებთ და ისე წარმოვაჩენთ, რომ მდგომარეობა არც ისე რთულია, ეს სოციალურ დაძაბულობასა და პროტესტს გამოიწვევს, რაც არცთუ ისე კარგი შედეგებით დამთავრდება. ამიტომ უმჯობესია სინამდვილეს თვალი გავუსწოროთ და თუ სარკეში ჩვენი გამოსახულება არ მოგვეწონება, მაინცდამაინც სარკეზე ნუ ვიყრით ჯავრს. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე საათობრივი მაჩვენებელი დადგენილიც კი არ არის, რადგან ამას სჭირდება სათანადო მეთოდოლოგიური ბაზა და საკმაოდ დიდი ფინანასები. ყველაფერი ერთბაშად ვერ გაკეთდება, თუმცა, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება ქვეყანაში უნდა დადგინდეს და ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ცივილიზებული საზოგადოების ფორმირების გზაზე. ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერ საკმარისი დაფინანსება არ არსებობს.
ხათუნა ჩიგოგიძე