ძლიერი და მშვენიერი სქესი ყოველთვის კარგად როდი უგებენ ერთმანეთს... ვიდრე ეს შეუსაბამობა სასიყვარულო დუელის ნაწილია, ის ურთიერთობას მხოლოდ სიმძაფრეს მატებს, თუმცა არის სიტუაციები, როდესაც მამაკაცი უთანხმოებას ვერ ურიგდება და თავის გატაცებას წერტილს უსვამს - ქალთან ურთიერთობას ასრულებს.
სუსტი წერტილი N1: "სასაცილო ხომ არ ვარ?!"
მამაკაცებს ქალებზე გაცილებით მეტი სუსტი წერტილი აქვთ, გაცილებით მოწყვლადნი არიან, განსაკუთრებით - დღეს, როცა ტრადიციული მამაკაცური საქმიანობა - ომი და ნადირობა - მათთვის უკვე უცხოა, ხოლო ისეთი სფერო, სადაც ქალები მათ ტოლს ვერ დაუდებენ, არცთუ ისე ბევრია. თითქმის ყველა მამაკაცში ცხოვრობს პატარა ბიჭუნა - ერთგვარი პიტერ პენი, რომელიც უარს არ იტყვის ცხოვრებით, ქალებით თამაშზე, მაგრამ როდესაც იგრძნობს, რომ მისით "თამაშობენ", რისხვა შეიპყრობს. ნებისმიერ მამაკაცს ყველაზე მეტად იმისა ეშინია, სხვების დასაცინი არ გახდეს - ეს ხომ მისი მნიშვნელობის დამცირებას ნიშნავს! რჩევა ქალბატონებს: სათუთად მოეპყარით მამაკაცის თავმოყვარეობას და მასთან ხუმრობისას ფრთხილად იყავით. ირონია არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს მამაკაცის გარეგნობას, ინტიმურ შესაძლებლობებს, ოჯახისა წევრებს, ფულის შოვნის უნარს... თუმცა ეს სია შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ.
სუსტი წერტილი N2: მათ არ სურთ სხვის დაკრულზე ცეკვა
მამაკაცის როგორც პირველაღმომჩენის, მზვერავის, ექსპერიმენტატორის ბიოლოგიურმა ფუნქციამ ჩამოაყალიბა მისი ტემპერამენტი, რომელიც ვერ ითმენს ქცევის შტამპებსა და ერთფეროვნებას. თუმცა პარადოქსია: ჯარი შედგება მხოლოდ მამაკაცებისგან, რომლებიც ემორჩილებიან მეთაურს და ეწევიან ცხოვრების ერთობ რეგლამენტირებულ წესს. საქმე ის არის, რომ მამაკაცები თავიანთი ფსიქოლოგიური განწყობის მეოხებით სწრაფად რეაგირებენ სიტუაციის ცვლილებებსა და მკაფიო სიტყვიერ ფორმულირებაზე, ამიტომ მამაკაცთა საზოგადოებაში გარეგნული დისციპლინის დამყარება გაცილებით ადვილია. მიუხედავად ამისა, როცა "მეთაურის" რანგში საყვარელი ქალი გამოდის, მამაკაცი ამას აღიქვამს როგორც ძალადობას მამაკაცის იდუმალ არსზე (უფროსი მას ისედაც ბევრი ჰყავს!), ამან კი შეიძლება სრულიად დაუკარგოს ასეთ ქალთან ურთიერთობის სურვილი - თავმოყვარე მამაკაცური ბუნება "დედაკაცის დაკრულზე ცეკვას" ვერ აიტანს. რჩევა ქალბატონებს: შეიცვალეთ ქცევის სტერეოტიპები, ერიდეთ ისეთ გამოთქმებს, როგორიც არის: "ყველა ასე იქცევა", "ასეა საჭირო". ეცადეთ, ამოუცნობი იყოთ.