გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2010-2020 წლები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ათწლეულად გამოაცხადა. სტატისტიკით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, გასული წლის მხოლოდ 9 თვეში 288 ადამიანი დაიღუპა. ავტოავარიების რიცხვი ზაფხულში, საკურორტო სეზონზე იმატებს. უახლოეს მომავალში, "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევა. ამ საკითხზე მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე გვესაუბრება:
- ახალი რეგულაციებით მოხდება საგზაო მოძრაობაში მონაწილე პირების - როგორც მძღოლების, ისე ფეხით მოსიარულეების უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, მაქსიმალურად ვუახლოვდებით ევროპულ სტანდარტებს; ზოგიერთ ნორმას ჩვენი კანონმდებლობა აქამდე არ იცნობდა, კერძოდ, შემოდის გარემოსთან ურთიერთობის ახალი წესები, - იკრძალება ავტომანქანების რეცხვა ტბებში, ზღვებში, წყალსაცავებში, მდინარეებსა და მათი ნაპირებიდან არანაკლებ 10 მეტრის დაშორებით, საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ეკრძალებათ გზის საფარისა და მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება; უსაფრთხოებისთვის, გზებზე სარემონტო სამუშაოებისას დღე-ღამის ნებისმიერ დროს მუშებს დიდ მანძილზე ადვილად შესამჩნევი, ფოსფორირებული და შუქამრეკლი ტანსაცმელი უნდა ეცვათ. კანონპროექტში კიდევ უფრო კონკრეტდება წესები სატრანსპორტო საშუალებებით ბავშვთა გადაყვანის თაობაზე, რაც ზაფხულში აქტუალურია: ბავშვთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ჯდომით, ფეხზე დგომით - აკრძალულია. აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა მსუბუქი ავტომობილის წინა სავარძლით, მოტოციკლით და მოპედით, ასევე მოტორიზებული კვადროციკლით, თუ მისი კონსტრუქციიდან გამომდინარე, შეუძლებელია საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება. 3 წლამდე ბავშვის გადაყვანისას, სავალდებულოა საბავშვო ეტლის ან სავარძლის გამოყენება, ამ ასაკის ბავშვი შეიძლება მოთავსდეს უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაშიც, იმ პირობით, თუ მას მხოლოდ ერთი ბავშვი უჭირავს.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)