თენგიზ კიტოვანი: "2008 წელს მიშას უფრო მეტი ხალხის დაღუპვა უნდოდა, მაგრამ რუსებმა აღარ ქნეს ეგ"

თენგიზ კიტოვანი: "2008 წელს მიშას უფრო მეტი ხალხის დაღუპვა უნდოდა, მაგრამ რუსებმა აღარ ქნეს ეგ"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნდა და უკვე აქციაც გამართა დაბა ბორჯომში. მან, ადგილობრივებთან ერთად, ბორჯომის წყლების ბორჯომელებისთვის დაბრუნება მოითხოვა. მისი თქმით, ის ქართული პოლიტიკიდან არსად წასულა, მიუხედავად იმისა, რომ აქ არ ცხოვრობდა.

- ბატონო თენგიზ, საბოლოოდ დაბრუნდით საქართველოში?

- ჯერ არა, თუმცა ჩამოვალ ცოტა ხანში ალბათ. სააკაშვილის ხელისუფლების დროს არ მიშვებდნენ, ერთხელ დიდი თხოვნით შემომიშვეს, მერე კი პასპორტი ჩამომართვეს და აღარ მომცეს ახალი. როგორც ვიცი, ჩემი დაპატიმრებაც უნდოდა მიშას. დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ უკვე და ვიცი ვინ რას წარმოადგენს. მიშა რომ დაღუპავდა ამ ქვეყანას, თავიდანვე ვამბობდი. იმასაც ვამბობდი, რომ ზურაბ ჟვანია მოკლული იყო და რომ სააკაშვილმა მოკლა პირადად. ამაში დარწმუნებული ვარ, ახლა ეს გამოძიებამაც დაადასტურა, უბრალოდ, არ ამბობენ ჯერ, როგორც ჩანს, ამერიკელებს არ აწყობთ ამის გახმაურება. რაც შეეხება "ბორჯომს", ბორჯომის წყალი მთლიანად გაყიდულია, ისე ქნეს, რომ მონოპოლისტად აქციეს ერთი კომპანია, დანარჩენ მეწარმეებს კი შეუზღუდეს ბორჯომის წყლის ჩამოსხმა, და ტყუილად იღვრება წყლის 60%, რითაც ქვეყანაც ზარალობს და ბორჯომის მოსახლეობაც. ამათ ყველაფერი გაყიდეს, მიწები, წყლები, ტყეები. მე როგორც ქართველი კაცი, მოვითხოვ, რომ დაუბრუნდეს ეს ყველაფერი ქართველ ხალხს.

- ხომ არ აპირებთ ჩამოაყალიბოთ პოლიტიკური პარტია?

- არა. თუმცა ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ამ მოთხოვნით. თავიდანვე ვამბობდი, რომ ის პოლიტიკა, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ატარებდა, არ გამოადგებოდა საქართველოს. დღეს ეს ყველაფერი უკვე გამოჩნდა ნათლად, ქვეყნის 20% დაკარგეს, გამოვიდა მიშა და ხალხს ჩააგონა, ჩვენ გავიმარჯებთო. ომი სამაჩაბლოში მიშამ დაიწყო, დაბომბა ცხინვალი და შემოიყვანა რუსები. მაგას კიდევ უფრო მეტი ხალხის დაღუპვა უნდოდა, მაგრამ რუსებმა აღარ ქნეს ეგ. არ დაბომბეს მთლიანად გორი და არ გაანადგურეს მშვიდობიანი მოსახლეობა. მაინც ქრისტიანული სახელმწიფოა და თავი შეიკავეს მასშტაბურ დაბომბვაზე, რაც მიშას უნდოდა.

- რთული დასაჯერებელია თქვენი ნათქვამი, რაში სჭირდებოდა?

- მახსოვს, 1989 წელს 9 აპრილის მერე, ზვიად გამსახურდიამ უნივერსიტეტთან თქვა, ცოტა მოკვდაო, საკუთარი ყურით გავიგონე, - ცოტაო. როგორც ჩანს, რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით მეტი რეზონანსი ექნებოდა მომხდარს საერთაშორისო ასპარეზზე, მიშასაც ეს უნდოდა. რუსეთის სახე დავანახეთ მსოფლიოსო, - ხომ უხაროდათ.

- ბატონო თენგიზ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშ სწორედ ხელისუფლებაში თქვენი ყოფნისას დადგა. ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ არაერთხელ თქვა, აფხაზეთის ომი კიტოვანის კისერზეაო…

- დაბერდა და გამოჩერჩეტდა, ზუსტად ასე დაწერეთ, ჩვენ აფხაზეთში შევედით სარკინიგზო ხაზის დასაცავად, გამუდმებით იძარცვებოდა მატარებლები, ძირითადად სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის განკუთვნილი ტვირთით, თითქმის 13 მილიარდის ვალი დაედო საქართველოს, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, ესეც მიზანმიმართულად ხდებოდა ალბათ. იმ თათბირს, რომელზეც გენერალური შტაბის იმჟამინდელმა უფროსმა ავთო ცქიტიშვილმა აფხაზეთში შესვლის გეგმა წარმოადგინა, შევარდნაძე უძღვებოდა. საერთოდ, ის ომი შევარდნაძემ დაიწყო და მე მაბრალებს. ჩვენ ომი არ გვინდოდა, მაგრამ შევარდნაძის დავალებით გაგვიხსნეს ცეცხლი ოჩამჩირეში, რადგან მაგას აქ ნატოს ჯარების შემოყვანა უნდოდა. ფიქრობდა, რომ აქ თუ სიტუაცია დაიძაბებოდა, ამერიკელები შემოვიდოდნენ.

- კარგით რა, ბატონო თენგიზ, მაშინ ნატოზე ვინ ლაპარაკობდა საერთოდ?

- როგორ არა, 1992 წლის 3 სექტემბერს აფხაზებთან ცეცხლის შეწყვეტაზე პირველი ხელშეკრულება გავაფორმეთ და ომი გავაჩერეთ, შევარდნაძეც მეორე დღესვე ამერიკაში გაფრინდა და იქ სპეცსამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ვიცი, შეპირდნენ, რომ ამერიკა შემოვიდოდა, როგორც მაშველი ძალა და დადგებოდა აფხაზეთში. მერე იქიდან მოსკოვში ჩავიდა, ორი დღე ელოდა და არ შეხვდა ელცინი. ამის ფონზე, ელცინი ადგა და განჯის 345-ე დივიაზია შემოიყვანა და დაგვისვა გუდაუთაში. აი, ამის მერე ჩვენ დავკარგეთ გაგრა და უკვე მალევე აფხაზეთის დიდი ნაწილი. შევარდნაძე ორმაგ თამაშს თამაშობდა, რამაც დაგვაკარგვინა აფხაზეთი. ეგ არის ამერიკის აგენტი, ისევე როგორც მიშა სააკაშვილი.

- ამას თუ ხედავდით, რატომ გაყევით შევრდანაძეს?

- არ ვიცოდი მაშინ, მერე გავიგე, რომ თურმე გარიგებული იყო. მე რა, გიჟი ვიყავი, რომ შემეკრიბა ხალხი და თვითნებურად დამეწყო ომი?

- ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი რუსეთისგან იყო პროვოცირებული…

- რუსეთი ხმას არ ამოიღებდა, თუ არ დავიწყებდით ამერიკისკენ გაქაჩვას, ხომ ხედავთ, ჩვენთვის ნატო გადაიქცა კატოდ. ნატოში ჩვენ არავინ მიგვიღებდა, მაგრამ დაბრმავდნენ ქართველები და დაიჯერეს ეს ტყუილი. ნატოში ჩვენ ვერ შევალთ, რუსეთმა ძალიან ჭკვიანური რამ გააკეთა, ამერიკას საჰაერო გზა გაუხსნა ავღანეთისკენ, სწორედ იმის ფასად, რომ ჩვენ ნატოში არ შეგვიყვანონ.

- თბილისის ომზე რას იტყვით, ამ გადასახედიდან ხომ არ ნანობთ მასში მონაწილეობას?

- თბილისის ომი დაიწყო გამსახურდიამ. თენგიზა სიგუა რომ მიტინგს ატარებდა, იმ მიტინგს ესროლა გამსახურდიას ხალხმა. თქვენ არ გახსოვთ ალბათ, მაგრამ გამოსვლები იყო, ხალხი ითხოვდა გამსახურდიას წასვლას ხელისუფლებიდან. მე, კაცო, ზღვაზე ვიყავი, იქედან არ ჩამოვდიოდი. ომი დაიწყო 22 დეკემბერს, მე ჩამოვედი ზღვიდან 24-ში. ისე, გამსახურდიამ კი არა, მანანა არჩვაძემ და მისმა დამ, ლელემ დაიწყეს ის ომი. გამსახურდიამ არც იცოდა, მგონი, როცა ლელე შევარდა შინაგანი ჯარის წარმომადგენლებთან და უყვიროდა, რაღას ელით, ესროლეთო. მაშინ დაჭრეს რომან გვენცაძე და რამდენიმე ჟურნალისტი. სროლა დაიწყო მთავრობის სახლიდან

- თქვენ თუ თბილისის ზღვაზე იყავით, აბა, ვინ ომობდა?

- ხალხს რომ ესროლეს, ჩავერთეთ მერე ჩვენც. მე სულ ვამბობდი, ვინც ომს დაიწყებს, ის წააგებს-მეთქი, არ შეიძლებოდა ომის დაწყება. არაერთხელ ვცადეთ მოლპარაკება, მაგრამ გამსახურდია იძახდა, მე მთელი საქართველო მიჭერს მხარს და ვერ დამამარცხებთო. ჩაუშესკუს მაგას ეძახდნენ, მე კი არა. განხეთილება ჩემსა და გამსახურდიას შორისაც მისი მიზეზით მოხდა, როდესაც შეშინებულმა ხელი მოაწერა ეროვნული გვარდიის დაშლას. მე ჯარი არ დავშალე, იმდენი სისხლი და გული მქონდა ჩადებული და ამ კაცმა ერთი ხელის მოწერით გააუქმა საქართველოს სიძლიერე, ამიერკავკასიაში ეგეთი ჯარი არავის ყავდა.

- თქვენ ხშირად მოგიხსნებენ რუსეთის კაცად. ამბობენ, რომ სწორედ რუსეთის კარნახით გამოხვედით გამსახურდის წინააღმდეგ. რა კავშირი გქონდათ რუსეთთან?

- მე რუსებთან მქონდა სამხედრო კავშირი, როგორც თავდაცის მინისტრს, ისინი მაძლევდნენ იარაღს, აბა, მე ამერიკელბთან არაფერი მაკავშირებდა. რუსებმა შეაიარაღეს ქართული ჯარი. თვითმფრინავები მომცეს, ვეტმფრენები, მანეთი არ გადაუხდია საქართველოს ამაში. ეს იყო ყველაფერი ნაჩუქარი.

- რატომ გაიარაღებდათ რუსეთი?

- რუსეთს იმედი ჰქონდა რომ პარტნიორები ვიქნებოდით და მის გვერდით იდგებოდა ქართული ჯარი და ეს რომ ასე ყოფილიყო, აფხაზეთიც ჩვენი იქნებოდა და ცხინვალიც. 600 000 ათასი მცხოვრებით ჩაიბარა რუსეთმა საქართველო და სამ მილიონნახევარი გახადა. ერეკლე რა, უჭკუო კაცი იყო? ერეკლემ გადაარჩინა საქარათველო გამუსულმანებას. ჩვენა ვართ ქრისტიანები, ჩვენი პატრიარქი რუსეთშია, აბა, რატომ არის რუსეთში? იმიტომ, რომ ეს არის ქრისტიანული ქვეყანა, ჩვენ ერთი ღმერთი გვწამს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა