სამუშაო კაბინეტის კედელზე მარგარეტ ტეტჩერის ფოტოა... კომპიუტერის ეკრანზე - მეუღლის ფოტო. ოთახის ერთი კუთხე ხატებს აქვს დათმობილი, თუმცა ამბობს, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, იქ ფოტოს გადაღებას ყოველთვის ერიდება... მაგიდაზე წიგნებსა და ქაღალდებთან ერთად ბადრი ბიწაძის კიდევ ერთი ფოტო დევს. საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ყველაფერში, მათ შორის კარიერაში, წარმატებას ოჯახის წევრების თანადგომით მიაღწია. როგორ აპირებს გამარჯვების მოპოვებას, ამის შესახებ პრეზინდეტის მოვალეობის არაერთგზის შემსრულებელს ვესაუბრეთ.
- ქალბატონო ნინო, საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გყავთ, როგორ აფასებთ თქვენს შანსებს?
- "ძლიერ კონკურენტში" ვის გულისხმობთ?
- თუნდაც გიორგი მარგველაშვილს...
- კონკურენტი კი არა, მისი დამსახელებელია ძლიერი, მაგრამ იმედია, საზოგადოებას ესმის, რომ ასეთ თანამდებობაზე ადამიანი იმის მიხედვით კი არ უნდა აირჩიონ, ვინ დაასახელებს მას, ან ვინ არის მისი მხარდამჭერი, არამედ იმის მიხედვით, რამდენად შეძლებს ამ თანამდებობისთვის თავის გართმევას. უდავოდ ვუწევ ანგარიშს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, მაგრამ ქართველი ხალხის იმედიც მაქვს. ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში სამჯერ ძალიან მძიმე შეცდომა დავუშვით, როდესაც იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ხალხის ნდობა ჰქონდა, სრული ძალაუფლება მივეცით და სერიოზულ პრობლემებამდე მივედით. ახლა საჭიროა დაბალანსებული ხელისუფლება, რომელსაც მე ვთავაზობ საზოგადოებას, ასევე ის წინადადებები, თუ როგორ უნდა მოგვარდეს არსებული პრობლემები, როგორ უნდა ამოვიდეთ იმ კრიზისიდან, მუდმივად შეცოდების პოზიციაში არ ვიყოთ, როცა მუდმივად სხვები წყვეტენ ჩვენს პრობლემებს და ქართველი ხალხი დახმარების ობიექტია.
- პოლიტიკაში ფინანსური მხარდაჭერა გადამწყვეტია, თქვენ რას აპირებთ?..
- ფინანსები მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი რომ ყოფილიყო, ოქტომბრამდე აღარ გაჩნდებოდა კითხვები, "ოცნება" გაიმარჯვებდა თუ "ნაციონალები"... ასე რომ, ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი პოლიტიკის ცოდნაა. იმის მეასედი თუ მექნება, რასაც "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" პიარკამპანიაში დახარჯავს, აუცილებლად გავიმარჯვებ. ივანიშვილი თუ შევარდნაძესავით მოიქცევა, როდესაც ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილი ხელჩაკიდებული დაჰყავდა არჩევნების დროს, მე თუ მიჭერთ მხარს, ამას მიეცით ხმაო და გიორგი მარგველაშვილს ატარებს ასე, ან ასეულობით მილიონ დოლარს დახარჯავს, მაშინ, კი ბატონო, გაიმარჯვებენ, მაგრამ პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის იმიჯი დაზარალდება და მარგველაშვილის გამარჯვება ქვეყანასაც და "ოცნებასაც" ძვირად დაუჯდება.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ თუ გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს, ძალიან მოკლე ხანში "ნაციონალები" ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. ხედავთ, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალებს" ვერ უმკლავდება?.. სწორედ ეგაა საქმე, რომ "ნაციონალებს" პოლიტიკური მანევრირების მეტი გამოცდილება აქვთ, ფაქტია, რომ "ოცნება" ძალიან სუსტია მათ პირისპირ და წარმოგიდგენიათ, ხვალ და ზეგ რა მოხდება?.. ნაციონალების განეიტრალების ერთადერთი გზა ობიექტური მართლმსაჯულებაა. ნამდვილად არ მინდა ხეზე ჩამოკიდებული "ნაციონალების" ხილვა, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ისინი, როგორც საფრთხე, რეალურად არსებობენ და "ოცნებას" მათ გასანეიტრალებად ძალა და კომპეტენცია არ აღმოაჩნდა.
ის, რომ ბოლო დრო დასავლეთის მხრიდან ახალი ხელისუფლების კრიტიკისა და "ნაციონალების" დაცვის მეტი არაფერი ისმის, ახალი ხელისუფლების კრახს ნიშნავს. მათ ვერ შეძლეს დასავლეთისთვის წინა რეჟიმთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს - "ქართულ ოცნებაში" არიან ადამიანები, რომელთაც "ნაციონალების", როგორც პოლიტიკური ძალის გაქრობის სურვილი არ აქვთ და არც მალავენ.