16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ოჯახის ახლობლები მიიჩნევენ, რომ გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი ტერორისტი იყო. "ამბები.გე"-სთან საუბრისას ოჯახის ახლობელმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს მოზარდი "უცნაურად" იქცეოდა, კომპიუტერთან ღამეებს ათენებდა და სულებსა და გარდასახვაზე წიგნებს კითხულობდა.
მარიამი ლიცეუმის წარჩინებული მოსწავლე იყო. კარგად იცოდა თურქული და ინგლისური ენები. ახლობლები ამბობენ, რომ ადრეც არ ყოფილა გახსნილი ბავშვი, მაგრამ ბოლო დროს ძალიან შეიცვალა და ჩაიკეტა. ძალიან მორწმუნე, ეკლესიური იყო, თუმცა აღარც ეკლესიაში დადიოდა და ჯვარიც მოიხსნა.
ახლობლები მიიჩნევენ, რომ ადამიანი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში საზღვრის გადაკვეთის დროს ჩანს, არ ჰგავდა უბრალო მაწანწალას და ის გამიზნულად ცხოვრობდა ახალი ბულვარის ბოლოს, საიდანაც აეროპორტი მოჩანს.
"ის ადამიანი არ ჰგავდა მაწანწალას, სპეციალურად ჰქონდა ასეთი იმიჯი. მას ლეპტოპის ჩანთაც ეჭირა ხელში. ის იმ ტერიტორიაზე იყო დაბანაკებული, საიდანაც კარგად ჩანს აეროპორტის ტერიტორია, თვითმფრინავების ფრენა. ხომ შეიძლებოდა ტერორისტული აქტი მოეწყო. გვერდით კორპუსში მცხოვრებმა ბავშვმა თავი ჩამოიხრჩო. მარიამი მას მერე სიკვდილზე ლაპარაკობდა. სიკვდილი ძალიან ადვილია, სიკვდილი მხოლოდ სხეულის დატოვებაა, შემდეგ კი სიცოცხლე გრძელდება. ვვარაუდობთ, რომ ხდებოდა ბავშვის ფსიქოლოგიური დამუშავება, როგორც კამიკაძეები ფიქრობენ, თავს აიფეთქებენ და სამოთხეში მოხვდებიან, ალბათ ისე. ყველაფერი ემთხვევა, თუ უბრალოდ სხვა რამეა არ ვიცი. უნდოდათ ამ ბავშვის რაღაცაში გამოყენება. მან იცოდა უცხო ენები და სხვანაირი მსოფლხედველობის ბავშვი იყო, სხვანაირად აზროვნებდა", - აღნიშნა ახლობელმა.
ოჯახის ნათესავები აცხადებენ, რომ მარიამი მოძღვართან მიიყვანეს და ჯვრის დაკიდვაზეც დაითანხმეს. მკვლელობის დღეს სახლიდან გასვლის წინ გოგონას ჯვარი ეკიდა. ერთ-ერთი ახლობელი ვარაუდობს, რომ მკვლელმა მარიამი ჯვრით რომ დაინახა, იფიქრა, ჩემს შესახებ პოლიციას გააგებინებს, ან ახლობლებს მოუყვებაო და ამიტომაც მოკლა. "ვფიქრობ, ტერორისტულ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე. შეეშინდა, რომ არ ალაპარაკებულიყო ბავშვი და მოკლა. მანამდე ინტერნეტით ჰქონდა კავშირი, იმიტომ, რომ ბოლო დროს ღამეებს ათენებდა კომპიუტერთან. შეიძლება სპეციალურად მარიამთან კონტაქტის დასამყარებლად გადმოვიდა ერთი თვის წინ თურქეთიდან ბათუმში", - აღნიშნა ახლობელმა.
მკვლელობის ადგილიდან დაკარგული იყო ველოსიპედი და მობილური ტელეფონი "IPHONE 5". ველოსიპედი პოლიციამ ბათუმში იპოვა, ის ერთ-ერთმა მოქალაქემ ჩააბარა სამართალდამცველებს. ხოლო ტელეფონი ამ დრომდე დაკარგულია. ახლობლები ვარაუდობენ, რომ მკვლელმა ტელეფონი ნაპირისკენ მოისროლა. მკვლელობის საღამოს 23:30 წუთამდე ტელეფონზე ირეკებოდა, თუმცა არავინ პასუხობდა, შემდეგ კი ზარიც შეწყდა. სავარაუდოდ, ზღვა აღელდა და ტელეფონი ზღვის ტალღებში აღმოჩნდა.
მარიამი ხშირად დადიოდა ახალი ბულვარის ბოლოს, წიგნს კითხულობდა და ჩანაწერებს აკეთებდა. ჩანაწერების ბლოკნოტი სამართალდამცველებს აქვთ. ახლობელი ამბობს, რომ ერთი ჩანაწერი დასათაურებული იყო შემდეგნაირად - "ქალწული, რომელიც შეიძლება გახდეს ვაჟკაცი".
სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე მარიამმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა ინგლისური წარწერით: "you can only see as far as you think" ("იმდენად შორს ხედავ, რამდენადაც ფიქრობ").
ნინო ხოზრევანიძე სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის