რამდენიმე თვის წინ მომღერალ ნინა წკრიალაშვილის მეუღლე, თენგო წივწივაძე გარდაიცვალა. ნინა და თენგო მაშინ უკვე დაშორებულები იყვნენ, მაგრამ ნინას მისი სიკვდილი დღემდე ვერ დაუჯერებია. არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, უბრალოდ, შინაგანი განწყობის გამო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სულ შავები ეცვა. შავები გაიხადა და ლურჯი ფერის სამოსი ინტერვიუს გამო ჩაიცვა. ნინა სიყვარულზე ბევრს და გულახდილად საუბრობს.
- ხომ არიან ადამიანები, რომლებიც გგონია, სულ ცოცხლები იქნებიან და სულ სიურპრიზები უნდა აკეთონ. ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებოდა თენგო. ერთ საშინელ დღეს დედაჩემი და ჩემი ძმა მოვიდნენ და მითხრეს, რომ ასეთი უბედურება მოხდა. ვერ ვიჯერებდი, მარტო მე კი არა, თურმე ყველას ასე ეგონა. დღემდე არ მჯერა, რომ წავიდა, სულ მგონია, მოვა ან დარეკავს. ორივე ბებია-ბაბუა და ჩემი ბევრი მეგობარია გარდაცვლილი, მაგრამ არავისზე მსგავსი შეგრძნება არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი-ოთხი თვე ერთად აღარ ვცხოვრობდით, მაინც ასე მგონია.
გასულ წელს ამ დროს ძალიან ბედნიერი ვიყავი. თენგოს სიკვდილმა ჩემში ღირებულებების გადაფასება მოახდინა. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ადამიანური გრძნობები, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ყველაფერი სისულელეა. ადამიანები უფრო მეტად უნდა გაუფრთხილდნენ ერთმანეთს.
- ყველაზე მეტად რაზე გწყდება გული?
- რომ არ შევურიგდი. თავი გავიგიჟე და არ შევურიგდი. ზოგადად ასეთი არ ვარ. ადვილად შემიძლია პატიება, მაგრამ რაღაც დამემართა. ვფიქრობ, რაღაც ძალამ გამაჩერა, თუმცა ძალიან მინდოდა შერიგება. ბოლოს ხაშურში მუშაობდა. 15 წლის შვილი მყავს. მას ვერ დავტოვებდი და ხაშურში ვერ გადავიდოდი საცხოვრებლად. თბილისში ჩემი საქმეები მქონდა. ჩვენ შორის ამ სიშორემ წარმოქმნა პრობლემები. მანამდე აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ გვქონია. მგონია, რომ ახლაც ხაშურშია.
- თუმცა თქვენს ურთიერთობაში რთული პერიოდები იყო. ამბობენ, რომ ის შენ მიმართ უხეში იყო...
- თუ დამიჯერებთ, თენგოს მსგავსი ადამიანი არ მინახავს. ტრავმირებული ვარ მისი სიკვდილით, მაგრამ ისეთი წუთები მაჩუქა ცხოვრებაში, რასაც, დარწმუნებული ვარ, სამყაროში ბევრი ქალი ვერც კი წარმოიდგენს. საოცრად ზრუნავდა და მივლიდა. დარწმუნებული ვარ, თბილისში ჩემნაირი "ლავსთორი" არც ერთ ქალს არ ჰქონია. დამიტოვა ისტორია დრამატული ფინალით, მაგრამ ამ ურთიერთობაში ბევრი ფეიერვერკი იყო. როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, არც ვიცი. ალბათ ვერავინ ვეღარ შეძლებს, იგივე მომცეს. ერთად რომ ვყოფილიყავით, ბევრ რაღაცას და ვიღაცას გადავახტით. ერთ-ერთი პრობლემა ის იყო, რომ ძალიან ეჭვიანი გახლდათ. მარჯვენა მხარეს ძალიან ბევრი პლუსი იდო, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს. მარცხენა მხარეს იყო ერთი უზარმაზარი პრობლემა - ეჭვიანობა.
- გთხოვდა, რომ არ უნდა გემღერა? არ უნდა ჩაგეცვა ისე, როგორც მანამდე იცვამდი?
- ჩემი სიმღერა მოსწონდა. როგორც მეცვა, ისიც მოსწონდა, მაგრამ ისე სახლში უნდა მცმოდა. უნდოდა, რომ გარეთაც ასე მევლო, მაგრამ ერთად რომ ვიყავით, სადარბაზოდან თავის პიჯაკს მაცმევდა. თან მოსწონდა და თან სულ დაძაბული იყო. თამამად მხოლოდ სცენაზე მაცვია და ზაფხულში ყველა შორტით დადის, ეს ჩვეულებრივი მომენტია. არასოდეს ისე არ მაცვია, რომ ქუჩაში ყურადღება მივიპყრო. სულ დაძაბული იყო, მის გარეშე თუ წუთით მაინც სადმე წავიდოდი, თუნდაც მარკეტში. მას არ შეეძლო თბილისში ხშირად ყოფნა, არადა ამბობდა, რომ გარეთ მარტო არ უნდა გავსულიყავი. თავიდან გორში გადავედი საცხოვრებლად, მაგრამ მერე ბავშვის გამო პრობლემები გაჩნდა, შვილს ვეღარ ვაქცევდი ყურადღებას. ფაქტობრივად, ტრასაზე ვცხოვრობდი. დავიღალეთ ამდენი მგზავრობით. ამ ყველაფერმა ნერვებზეც იმოქმედა. გადავწყვიტე, დროებით ცალ-ცალკე ვყოფილიყავით. მე მას გული ძალიან ვატკინე. ცუდად კი არ მოვექეცი, უბრალოდ, ვეღარ გავუძელი ამ ყველაფერს და დავამთავრე. ერთი პერიოდი თენგომაც გადაწყვიტა, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ვერ დამთავრდა ეს სიყვარული. თენგო როგორი განსაკუთრებულიც იყო, ისე განსაკუთრებულად წავიდა. ჩვეულებრივ ადამიანებს არ შეუძლიათ, გული ასე გატკინონ. არ ვამეტებ. ერთხელ ვისაც ჰყავდა ნანახი, ყველა შოკში ჩავარდა მისი სიკვდილით. არანორმალურად დიდი ენერგია ჰქონდა. სულ მეგონა, ვეღარ ვუძლებდი მის სითბოს და ყურადღებას. საერთოდ არ გვეძინა, ამის ხარჯზე ვახერხებდით ურთიერთობას. ბოლოს ავად ვიყავი. უძილობისგან ხან რა მტკიოდა და ხან რა. თვითონ ჯანმრთელი იყო. არ ჰქონდა უძილობის პრობლემა, დილით მაინც ენერგიული, სიმპათიური და ხალისიანი იყო.
- მის შვილებთან თუ გაქვს ურთიერთობა?
- სამწუხაროდ, ახლა უფრო ხშირად მაქვს მათთან ურთიერთობა, ვიდრე მანამდე მქონდა. დედამისთან თითქმის ყოველდღე დავდივარ. ორმოცი დღე სულ მათთან ვიყავი. მე ბოლოს ვამბობდი, რომ მისი ცოლი აღარ ვიყავი, მაგრამ თვითონ ბოლო წამამდე ამბობდა, რომ მისი ცოლი ვიყავი. მისი ოჯახის წევრები ძალიან მიყვარს და ახლა უფრო მეტად მინდა, მათ გავუფრთხილდე, ისინი ჩემი თენგოს ადამიანები არიან და თენგო ჩემთან სულ იქნება. გული მწყდება და თან სულ მეამაყება, რომ ასე გარდაიცვალა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. სამსახური ძალიან უყვარდა. ამბობდა, ცხოვრებაში ჩემი პოლიციის და ჩემი ნინას გარეშე ვერ ვძლებო. პირველ ადგილზე პოლიციას აყენებდა. მეუბნებოდა, რომელიმე გადამიყოლებთო. თითქოს გული უგრძნობდა. კიდევ კარგი, მე არ გადავიყოლე. ამას ვერ გადავიტანდი.
შვილიშვილიც ჰყავდა. არადა, მხოლოდ 41 წლის იყო. ყველაფერი მოასწრო. წინასწარ გრძნობდა, რომ ადრე წავიდოდა. ბევრი რამ მოასწრო, ბოლო დროს სულ სიკვდილზე ლაპარაკობდა და მწერდა. ხშირად გამთენიისას მოუწერია სიკვდილზე. ვფიქრობდი, დეპრესია აქვს-მეთქი. როგორც ჩანს, გრძნობდა, რაც ელოდა.