დღეს მსახიობ ანჯელინა ჯოლის დეიდა, 60 წლის დები მარტინი კალიფორნიაში სან-დიეგოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დების მეუღლის, რონ მარტინის თქმით, ჯოლის უმცროსი დის გარდაცვალების მიზეზი მკერდის კიბოა.
რონის თქმით, დეფექტური გენი BRCA1 დების 2004 წელს გამოუვლინდა, ანუ მაშინ როდესაც მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. "ადრე რომ გვცოდნოდა, ანჯელინასავით მოვიქცეოდით",- აღნიშნა მარტინმა.
ჯოლის დედა საკვერცხეების კიბოთი 2007 წელს გარდაიცვალა. ორი კვირის წინ კი ანჯელინამ განაცხადა, რომ მკერდი მოიკვეთა.
"მთელი კვირის განმავლობაში ანჯელინა და მისი ძმა ჯეიმსი ჩვენთან იყვნენ, ყოველ დღე გვამხნევებდნენ. დები ორივეს ძალიან უყვარდათ და მიუხედავად იმისა, რომ ენჯიმ დღეს ჩვენთან მოსვლა ვერ შეძლო, დიდი სიყვარულით მოგვიკითხა, რაც ძალიან კარგია, წარმოუდგენელი მხარდაჭერა გამოიჩინა ანჯელინას მამა ჯონ ვოიტმაც, წინა კვირას მან დები მოინახულა და მთელი დღე მასთან საუბარში გაატარა",- ამბობს რონი.
ამ მოვლენების ფონზე კი, ანჯელინა ჯოლის ოპერაციის შემდგომ ნახევრად შიშველ პორტრეტს აუქციონზე ყიდიან.
შვედმა მხატვარმა იოჰან ანდერსონმა ინტერნეტ-აუქციონზე ჯოლის პორტრეტი გამოიტანა, რომელზეც ანჯელინა მკერდის მოკვეთის შემდეგაა აღბეჭდილი. მხატვარს იმედი აქვს, რომ ნახატი სულ მცირე 22 000 დოლარს მოუტანს. ჯოლის პორტრეტი ამჟამად ლონდონის ერთ-ერთ გალერეაში ინახება. ვაჭრობიდან შემოსულ თანხას მხატვარი ქველმოქმედებას მოახმარს.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.