გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ახალგაზრდობაში ჩვეულებრივი თინეიჯერი იყო - სიგარეტი 14 წლისამ გასინჯა, ერთხელ კი წვეულებაზე ისე დათვრა, რომ ნავიდან გადმოვარდა. მაგრამ საერთო ჯამში, მერკელი საკმაოდ მოკრძალებული გოგონა იყო და წვეულებები არ უყვარდა, - წერს გერმანული გამოცემა Der Spiegel.
გერმანულმა ჟურნალმა ცნობილი პოლიტიკოსის ცხოვრების ზოგიერთი უკვე ცნობილი ფაქტები შეაგროვა. გამოსაშვები საღამოს წვეულების შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში მერკელმა აღიარა - "მაშინ ძალიან ბევრი ალუბლის ვისკი დავლიე და გავითიშე".
მაგრამ ასეთი შემთხვევები მისი თქმით, ცოტა იყო - ახალგაზრდა მერკელს წვეულებები დიდად არ უყვარდა. "ვიყავი გოგონა, რომელიც გამუდმებით თხილს ჭამდა და არ ცეკვავდა, ერთადერთი ჯგუფი, რომლის კონცერტებზეც დავდიოდი Puhdys იყო",- ამბობს მერკელი. პოლიტიკოსმა აღიარა, რომ "ჰაშიშსა და ჰეროინს შორის სხვაობა იცის", მაგრამ ისინი არ გაუსინჯავს.
მერკელი ძალიან საქმიანი გოგონა იყო, მაგრამ მისი საქმიანობა ზოგჯერ "დანაშაულებრივ ელემენტებს შეიცავდა". საკუთარ პირველ შემოსავალზე კანცლერმა 2009 წელს ისაუბრა. "მოცვს ვაგროვებდით და კილოგრამს 4 მარკად ვაბარებდით. ერთი აბარებდა, მეორე ერთ საათში მაღაზიაში გარბოდა და იმავე მოცვს კილოგრამს უკვე 2 მარკად ყიდულობდა",- გაამჟღავნა სქემა გერმანიის კანცლერმა.
ოჯახში ანგელა მერკელი თავშეკავებით არ გამოირჩეოდა. მშობლებთან კამათისას იგი ხშირად წყობიდან გამოდიოდა და მღვდელ მამას არ უსმენდა, რის შესახებაც მერკელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა. იგი ცხარდებოდა, როდესაც დედა ოხრახუშისთვის ბოსტანში აგზავნიდა. სკოლაში მომავალი პოლიტიკოსი ყოველთვის თვალსაჩინო მოსწავლე არ ყოფილა. ერთხელ ფიზიკაში 1 ქულა მიიღო.
1986 წელს ანგელა მერკელი პოლონეთში ჩავიდა, სადაც მეგობრებთან და მის მომავალ მეუღლე იოახიმთან ერთად კოცონთან ბულატ ოკუჯავასა და ვლადიმერ ვისოცკის ანტისაბჭოურ სიმღერებს მღეროდა.
მომზადებულია Der Spiegel-ის მიხედვით.