"პინოქიოს" ეკრანიზაციაზე საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. პროექტზე ტიმ ბარტონს და რობერტ დაუნ უმცროსს უნდა ემუშავათ. ფილმის გადაღება თავის თავზე სტუდია Warner Brothers-მა აიღო. მართალია პროექტი დიდი ხნით გადაიდო, თუმცა მასზე მუშაობა კვლავ განახლდა, მაგრამ ამჯერად რეჟისორ ტიმ ბარტონის გარეშე.
იტალიური მედია რობერტ დაუნი უმცროსის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სურს "პინოქიოთი" თავისი კოლეგა, მსახიობი და რეჟისორი ბენ სტილერი დააინტერესოს. თავად რობერტი კი ოსტატ ჯეპეტოს განასახიერებს.
"მინდა, რომ "პინოქიო" რეალური მსახიობებით შევქმნა, ანიმაციის გარეშე. ვიცი, რომ ბენ სტილერის დახმარებით ნამდვილად შესანიშნავ პროდუქტს შევქმნით. ისეთს, რომელიც ისტორიაში შევა. გადაღებები ძირითადად იტალიაში იგეგმება, ამიტომ ყველაფერი მხოლოდ ჩვენს შეთანხმებაზეა დამოკიდებული", - განაცხადა მსახიობმა.
ფილმის სიუჟეტის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, მაგრამ დაუნი უმცროსი აცხადებს, რომ კარლო კოლოდის წიგნის ეკრანიზაციის "ფანტასტიკური ელემენტებით გაძლიერება" სურს.
"ეს ძალიან ცხოვრებისეული ისტორიაა ექსცენტრული ადამიანის შესახებ, რომელიც უსულო საგანში დებს ყველაფერ იმას, რაც თავად არ ჰყოფნის. ამ იდეით აღფრთოვანებული ვარ... ჩემთვის ხის ბიჭი ნამდვილია ბიჭია, რომელიც უბრალოდ ვერ ხვდება, რამდენად კარგია", - აღნიშნა ვარსკვლავმა.
მომზადებულია contactmusic.com-ის მიხედვით.