ინეს ჰაბირი წარმოშობით ავღანელია, ქაბულიდან. საქართველოში არასამთავრობო ეგიდით, ადგილობრივი კონფლიქტების შესასწავლად ჩამოვიდა. კავკასიის რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე წიგნის გამოცემას აპირებს... ავღანელი ქალბატონი ახლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას დიპლომატიური მისიით სტუმრობს. კარიერის გაკეთებამდე მძიმე გზა გამოიარა, - "ჩემი ცხოვრება ზედმიწევნით ჰგავს ჩემი სამშობლოს მიერ ბოლო ოცი წლის განმავლობაში განვლილ გზას," - ამბობს ჩვენი რესპონდენტი, რომელიც წლების შემდეგ, სამშობლოში დიპლომატის სტატუსით დაბრუნდა და დღემდე ცდილობს იქ მშვიდობის დასამყარებლად მცირედი წვლილი მაინც შეიტანოს...
ინეს ჰაბირი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქვეყნის ამბებსა და საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებზე მოგვითხრობს...
- თბილისში ჩამოსვლისთანავე ადგილობრივების თბილი დამოკიდებულება ვიგრძენი. საოცრად სტუმართმოყვარე ხალხი ხართ... ვიცი, რომ ქართველებს ევროპელებად მიიჩნევენ, მაგრამ თქვენს ხალხში აზიური ხასიათი უფრო შევნიშნე. უბრალო ადამიანებისგან ასეთ სითბოსა და ყურადღებას ევროპასა და ამერიკაში ვერასდროს მიიღებ... მსმენია, რომ ჩემს სამშობლოში ქართველი სამხედროები საერთაშორისო სამშვიდობო მისიით მსახურობენ. მათთან პირადად შეხვედრის საშუალება არასდროს მქონია, მაგრამ ყველა იმ ადამიანის მადლიერი ვარ, ვისაც ავღანეთში მშვიდობის დამყარებაში მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის. იმედია, ერთ დღეს იქაურობა ტურისტებით გაივსება და საერთაშორისო საზოგადოება ნახავს, ამდენი ნგრევისა და ომის მიუხედავად, რამხელა კულტურა გვაქვს... ისე კი, ზოგჯერ, როდესაც ქაბულის ქუჩებში 7-8 წლის იარაღასხმულ გოგო-ბიჭს ვნახულობ, უიმედობა მიპყრობს, - მგონია, რომ ჩემი ქვეყანა მუდმივი ომებისთვის არის განწირული და არაფერი ეშველება, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების იმედი მაქვს...
- თქვენ შესახებაც გვიამბეთ...
- ჩემი მშობლები წარმოშობით პუშტუნები (ავღანელების ეთნიკური სახელწოდება. - ავტ.) არიან. 90-იან წლებში ქაბულში ვცხოვრობდით. ჩემს ოჯახს, დედ-მამასა და და-ძმებს იმ საშინელი წლების მიუხედავად, იქაურობა არ მიუტოვებიათ და პაკისტანის ან ირანის ლტოლვითა ბანაკს არ შეჰფარებიან. მე ქალაქის მორიგი დაბომბვისას მძიმედ დავიჭერი. "წითელი ჯვრის" ორგანიზაციამ ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი პაკისტანში, თავშესაფარში გადამიყვანა, სადაც დევნილ ავღანელებთან ერთად გავიზარდე... ავღანეთში საერთაშორისო ორგანიზაციების სიმრავლის, ასევე ქვეყანაში სხვადასხვა დროს არსებული საომარი ვითარების გამო, ჩემი ოჯახის წევრები, მეც და ჩემი შვიდივე დედმამიშვილი დარისა და პუშტუს დიალექტებს, დურუს, ინგლისურსა და რუსულ ენებს ვფლობთ... თავდაპირველად სულ ათი და-ძმა ვიყავით, მაგრამ გაუთავებელმა ომმა ჩემი სამი ძმის სიცოცხლე შეიწირა... მუდმივად თვალწინ მიდგას მდინარე ქაბულის პირას, ყუბან კარტეჰესზე მდებარე ჩემი სახლი. დედა, სხვა ქალებთან ერთად, სარეცხს მდინარეში რეცხავდა... მაშინ იქაურობა დანაღმული არ იყო და მე და ჩემი და-ძმა სხვა ბავშვებთან ერთად, მდინარის ნაპირას ვთამაშობდით. ახლა იქ, ყოველ ნაბიჯზე სიკვდილია ჩასაფრებული...
- ქვეყნიდან წასულ და მერე უკან დაბრუნებულებს თანამემამულეები ალმაცერად ხომ არ უყურებენ?
- მათ, ვისაც დროებით ქვეყნის დატოვებამ მოუწია, ადგილობრივები მართლაც, ეჭვის თვალით უყურებენ და არ ენდობიან. მუდმივად გვიწევს იმის ახსნა, რომ სამშობლო ნებით არ დაგვიტოვებია, ეს დრომ და გარემოებამ განაპირობა... მამაჩემს ქაბულში დიდ პატივს სცემენ და იქ უსაფრთხოდ ყოფნაში მისი ავტორიტეტიც გვეხმარება... ლტოლვილობის მერე ავღანეთში პირველად 5 წლის შემდეგ ჩავედი. გამუდმებული თავდასხმებისგან ქაბული ნაცრისფრად იყო ქცეული. თვალში მეცა გადამწვარი უბნები, გაპარტახებული მაღაზიები და ადამიანები, რომელთაც დაკონკილი ტანსაცმელი ეცვათ... სამშობლოში საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებთან ერთად ვიყავი და თავდასხმის საფრთხეს ყოველ წამს ვგრძნობდი. ჯალალაბადისკენ მივდიოდით, როდესაც თალიბებმა ჩვენ წინ მიმავალ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. იქვე სკოლა იყო, საიდანაც მოზარდები გამოდიოდნენ. 7 მათგანი დაიჭრა, ერთი მძიმე მდგომარეობაში იყო... საქმეში კოალიციის ჯარები ჩაერთვნენ. ვხედავდი, რომ რამდენიმე მეტრში ბავშვი სიკვდილს ებრძოდა, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი. გარშემო ტყვიების წვიმა იყო. სანამ ვითარება ჩაწყნარდებოდა, მასთან ამერიკელი სამხედრო ექიმი მივარდა. თავის შეკავება ძნელი იყო. ბიჭი 10-11 წლის იქნებოდა. მუცელში იყო დაჭრილი და ტკივილისგან კბილებს აკრაჭუნებდა. მას მშობლიურ ენაზე ვუთხარი: - ნუ გეშინია, გადარჩები-მეთქი, - ცრემლი გადაყლაპა და მიპასუხა: - არ მეშინია, უბრალოდ, სამი დღის წინ ჩემი და დაიღუპა და დედა მეცოდებაო... როგორც აღვნიშნე, სამი ძმა დაღუპული მყავს, ომი და სიკვდილი ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა, მაგრამ არასდროს დამავიწყდება იმ მოზარდის თვალები, რომელიც შველას ითხოვდა. მას სამედიცინო დახმარება ამერიკელმა სამხედრო ექიმმა აღმოუჩინა და ვერტმფრენით ამერიკაში გადააფრინეს...
- გადარჩა?
- არა, გზაშივე დაიღუპა...
- რა არის ადგილობრივთა საარსებო წყარო?
- ნაწილი, მცირეოდენი თხილის მოსავლით ირჩენს თავს, რომელიც ყველგან არ მოდის. იმ პროვინციებში, სადაც განსაკუთრებით ცხელა, მაგალითად, ჰილმენდსა და ყანდაარში, ეს მცენარე ვერ ხარობს. ადგილობრივთა ნაწილი ხალიჩის გაყიდვით ირჩენს თავს. უმეტესობა მესაქონლეობას, ძირითადად, მეცხვარეობას მისდევს. ქაბულის ბაზრებში ქაშმირსაც შეხვდებით, რომელიც პაკისტანში, იქიდან კი დანარჩენ მსოფლიოში გააქვთ გასაყიდად... შეიძლება ითქვას, რომ ახლა ავღანეთის მოსახლეობისთვის საერთაშორისო დახმარებები ერთადერთი გამოსავალია, შიმშილით სიკვდილს რომ გადაურჩნენ. მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა მიზეზის გამო, მილიარდობით გამოყოფილი გრანტი ადრესატამდე ვერ აღწევს. განათლების, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჯერაც შორეულ პერსპექტივად რჩება. გაეროს, სავარაუდოდ, არასრული მონაცემებით, ჩემს ქვეყანაში, ყოველწლიურად, 100000 მშობიარედან 6500 იღუპება, ვინაიდან იქ არ არსებობს არც ორგანიზებული საპენსიო და სოციალური ფონდები. ბევრ პროვინციაში ელექტროენერგიაც არ არის... ავღანეთში ჯერ კიდევ არ არის რკინიგზის მაგისტრალი, რადგან მისი გაკონტროლება და უსაფრთხოება შეუძლებელია. იქ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც წერა-კითხვა არ იციან და ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ასეთი ცხოვრების ფილოსოფიაში ჩაწვდომა ევროპელებისა და ამერიკელებისთვის ძნელია.
- თქვენთვის?
- ჩემთვისაც მიუღებელია და ამიტომაც ვცდილობ, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, რაღაც შევცვალო... უმკაცრეს ტრადიციებს ჩემი ხალხი მსოფლიო საზოგადოებისგან იზოლირებისთვის იყენებს და ამას ასობით ადამიანი ბრმად ეწირება. ხშირად მინატრია, ადგილობრივთა მენტალობაში რამის შეცვლა შემძლებოდა, განსაკუთრებით - გენდერულ პირობებზე, ქალების უფლებებზე გავაკეთებდი აქცენტს... თუმცა მხოლოდ ეს არ არის პრობლემა. იქ დღემდე არსებობს ე.წ. სკოლა, სადაც თალიბები მცირეწლოვანი ბავშვებისგან მოსიარულე ბომბებს "ქმნიან". ეს ზოგისთვის ბიზნესია, ზოგისთვის მოწინააღმდეგესთან ბრძოლის საშუალება. ეს სასტიკი ტრადიცია დღემდე ჩემი სამშობლოს განუყოფელი ნაწილია და მას ძალით ვერ შეცვლი. ჯერჯერობით არც ვიცი, რა გზა არსებობს ამის აღმოსაფხვრელად... ამჟამად იქ მხოლოდ რელიგიური ექსტრემიზმი კი არა, ეთნიკური კონფლიქტებიც მძვინვარებს, რომელიც სათავეს შორეული წარსულიდან იღებს... ისე კი, ამ ერთი შეხედვით სასტიკ და დაუნდობელ ერს, ბუნებაში გენეტიკური კოდივით უდევს სტუმართმოყვარეობა, სამართლიანობა, დაუცველისთვის თავშესაფრის მიცემის ჩვეულება, საკუთარი თავისა და სხვების პატივისცემა, ხშირ შემთხვევაში, მათთვის თავგანწირვაც. დაუსრულებელი ომების მიუხედავად, ძალიან მხიარული და გახსნილი ხალხია. გული მტკივა, რომ ავღანეთს მხოლოდ "კამიკაძეებისა" და ტერორისტების სამშობლოდ იცნობენ. სინამდვილეში ავღანეთი ძალზე საინტერესო ქვეყანაა, სასტიკი, მაგრამ უნიკალური ტრადიციებით, რომელიც დღემდე შენარჩუნებულია.
- განსაკუთრებით რომელი ტრადიციაა შემონახული?
- ქალების, როგორც მონების მიმართ დამოკიდებულება. ავღანეთში ქალები თითქმის უჩინრები არიან. იქ, ქუჩაში მარტო გამოსულ ქალს ვერ ნახავთ. მამაკაცები ქალების წრეში არასდროს ჩნდებიან და - პირიქით. მაგრამ ნებისმიერ საჭირო დროს მათ გვერდით არიან. ეს ჩვენი რწმენის ნაწილია, რომელსაც ავღანელ ქალთა უმეტესობა უდრტვინველად იტანს, რადგან წინააღმდეგობის შემთხვევაში, საკუთარი ოჯახი მოუღებს ბოლოს... პატრიარქატის მიუხედავად, გვყავდა ეროვნული გმირი ქალი - მალალაი, რომლის შესახებაც ყველა ავღანელმა იცის. ის ავღანეთის დამოუკიდებლობას შეეწირა... და მაინც, ავღანეთი ის ქვეყანაა, რომლის ბოლომდე დამორჩილება ალექსანდრე მაკედონელმაც კი ვერ შეძლო. თუმცა საგარეო ფაქტორებმა და 80-90-იან წლებში ქვეყნის მმართველობის მახინჯმა ფორმამ მთელი ავღანეთი თვითგადარჩენისთვის მებრძოლთა ქვეყნად აქცია. ახლა იქ 6-7 წლის ბავშვსაც კი "კალაშნიკოვზე" თავდადებულს სძინავს... 60-70-იან წლებში ქაბული ყვაოდა. იქ ყოველწლიურად ათიათასობით ჰიპი და ნარკოტიკის მომხმარებელი ჩადიოდა. ადგილობრივების ერთმა ნაწილმა იმ დროს ნარკოტიკების პლანტაცია გააშენა და მასში აღებული შემოსავლით სასახლეები აიშენა. ახლა ისინი მდიდრულ სახლებს უცხოელებზე აქირავებენ.
- რა ღირს თვეში ერთი სახლის დაქირავება?
- ავღანეთში ჩასვლას ხომ არ აპირებთ (იცინის)?.. საშუალო ფასი ალბათ 2 ათასი დოლარია, მაგრამ მშვიდობა ყველაფერს შეცვლის, თუ ოდესმე გვეღირსა. როდესაც ავღანეთში ჩავდივარ, ვგრძნობ თუ რამდენად განსხვავდება ის დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიოსგან. ალბათ სხვა ქვეყნებში დრო ერთი საუკუნით უნდა გაჩერდეს, რომ ავღანეთი მათ დაეწიოს...
ჩემს უბანში, ყუბან კარტეჰესზე გავბედე და სკოლა გავხსენი, მოზარდებს წერა-კითხვა რომ ესწავლათ. ცხადია, ეს პროექტი ამერიკის სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა. თავდაპირველად გრძელი, "რამდენიმეოთახიანი" სამხედრო "პალატკა" გავშალეთ. იქ მოსული მოზარდები სწავლას ხელ-პირის დაბანის შემდეგ იწყებდნენ. მანამდე კი ჩვენი მომავალი მოსწავლეების ოჯახებთან უნდა მეშუამავლა - დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რათა შვილები სკოლაში გამოეშვათ. რისკი დიდი იყო, რადგან ბევრი ამ შეთავაზებას აგრესიულად შეხვდა. რამდენჯერმე თავს დაგვესხნენ, რადგან სწავლა-განათლებას ზედმეტად მიიჩნევენ... მერე სკოლაში ქალებისთვის ქარგვისა და კერვის კურსებიც გავხსენი. მე და ჩემი გერმანელი თანამშრომელი ნანგრევებში შესახლებულ ავღანურ ოჯახებში დავდიოდით და მამაკაცებს ვუხსნიდით, რატომ უნდა ესწავლათ მათ ცოლებს ხელსაქმე. ამის მიღწევა რთული იყო, ვინაიდან იქ ქალს ქუჩაში ოჯახის წევრი მამაკაცის გარეშე გამოსვლის უფლება არ აქვს. თუნდაც მცირეწლოვანი, მაგრამ მაინც მამრობითი სქესის ოჯახის წევრი უნდა ახლდეს თან. ვინც ასე არ მოიქცევა, ცუდად დაასრულებს. პატარა ვიყავი, როდესაც 17 წლის ქალი სოფლის საბჭომ მხოლოდ იმიტომ გაასამართლა, რომ საზოგადოებაში უცხო მამაკაცის გვერდით ნახეს. ის სიკვდილით დასაჯეს...
- თქვენი ოჯახის წევრები ისევ ქაბულში ცხოვრობენ?
- დიახ, დედ-მამა და სამი და-ძმა იქ ცხოვრობს, დანარჩენები ამერიკაში ვართ... ავღანეთში, დაუზუსტებელი მონაცემებით, ბოლო წლებში 400 ათასზე მეტი ადამიანი დაბრუნდა საცხოვრებლად. უმეტესობა პაკისტანიდან ერთი ჩანთით წამოვიდა, მაგრამ რადგან საკუთარ მიწაზე ბრუნდებოდა, მაინც ბედნიერი იყო. ამერიკას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, მათ გამოკვებასა და დაბინავებაზეც უნდა ეზრუნა, რათა მათ ისევ ოპიუმითა და იარაღით ვაჭრობა არ დაეწყოთ. მასობრივი უმუშევრობის ფონზე, ეს ძალზე ძნელი იყო... ხშირად ვფიქრობ, რომ არა ამდენი ომი, როგორი იქნებოდა ავღანეთი? ომმა ხომ მილიონობით ადამიანს წაართვა მომავალი...
- ავღანეთში საცხოვრებლად დაბრუნებას აპირებთ?
- სამუშაოდ, რა თქმა უნდა - კი, საცხოვრებლად, ჯერჯერობით - არა...
ლალი პაპასკირი
(გამოდის ხუთშაბათობით)