მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი - გიორგი გაგლოევი პოპულარულ ტელესერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" მორიდებული, გოგონებთან ურთიერთობაში წარუმატებელი ზურიკოს როლით გამოჩნდა, შემდეგ კი მექალთანე ზურა ექიმად "გადაიქცა". ახლა გიორგი კომედიურ სერიალში - "შუა ქალაქში" თეკლათი მოხიბლული კახა უფროსის როლს ასრულებს... დავინტერესდით, თუ როგორი ადამიანია გიორგი გაგლოევი რეალურ ცხოვრებაში, როგორი ურთიერთობა აქვს თაყვანისმცემლებთან, რამდენად ხშირად იცვლის სიყვარულის ობიექტს და რით განსხვავდება სერიალში განსახიერებული პერსონაჟებისგან...
- ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობაში "ციდან ვარსკვლავებს ვწყვეტდი", მაგრამ მახსოვს, მოსწავლეობის პერიოდში რამდენიმე გოგონას ვუყვარდი. ისინი ჩემს საკლასო ოთახში მოდიოდნენ, ვითომ ცარცი უნდოდათ... სხვათა შორის, საჩუქრებსაც მიგზავნიდნენ. მახსოვს, ერთმა გოგონამ წერილი მომწერა, - ყველაზე მეტად რა გიყვარსო? მაშინ მინიატიურული "კარტი" ახალი გამოსული იყო. ჰოდა, მივწერე, რომ ეს "კარტი" და იმ დროს პოპულარული სუნამო მინდოდა. მეორე დღეს გოგონამ სურვილი ამისრულა.
- თავად გოგონა თუ მოგწონდა?
- ვერ მოგატყუებ - არ მომწონდა. უბრალოდ, მსიამოვნებდა, მას რომ მოვწონდი.
- საჩუქრების სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა?
- ძალიან ცელქი და მოუსვენარი ვიყავი. როგორც კი ლაპარაკის წამოწყებას დააპირებდა, რაღაცას ვიმიზეზებდი და გავრბოდი ან სიტყვას ბანზე ვუგდებდი. მაშინ სოციალური ქსელები არ იყო. ჰოდა, შესაბამისად, ჩემთან კონტაქტს გაკვეთილებს შორის არსებულ შუალედებში ახერხებდა; გაკვეთილების დამთავრების შემდეგ სკოლიდან თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი.
- გოგონების მიმართ ინტერესი როდის გაგიჩნდა?
- მეცხრე კლასში ვიყავი, პირველად რომ შემიყვარდა, მისგან კი გრძნობის პასუხად, სილის გარტყმა მივიღე. მიუხედავად ამისა, სულ მალე ჩვენ შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩვენმა სიყვარულმა მთელ წელიწადს გასტანა.
- მისი გული როგორ მოიგე?
- იმ სილის გარტყმაში დიდი სიყვარული "იდო". ხომ იცი, ადრე სხვანაირი სიყვარული ვიცოდით (იცინის)...
- აგრესიით გამოხატული?
- არა. უბრალოდ, პატარები ვიყავით და მისთვის წარმოუდგენელი იყო, - როგორ შეიძლებოდა, პარალელურ კლასელს ჰყვარებოდა?! შემდეგ მოვლენები ეტაპობრივად განვითარდა: ერთმანეთს სკოლაში, შესვენებაზე ვხვდებოდით და ხან საკლასო ოთახში ვისხედით, ხან მეგობრის ოჯახში მივდიოდით...
- პირველი პაემანი გაიხსენე.
- სატრფოს პაემანი რომ დავუნიშნე, ზამთარი იყო. საერთოდ, მცივანა ვარ და სიცივეში ქუჩაში დგომა არ მიყვარს. მოგეხსენება, ქალებს დაგვიანება უყვართ, განსაკუთრებით - პაემანზე. მან ცივ და ქარიან ამინდში 15 წუთი მალოდინა.
- მერე, ღირდა ლოდინად?
- ღირდა რომელია! როცა მოვიდა, აღარც ქარი ქროდა, აღარც ციოდა, ცაზე ღრუბლებიც აღარ იყო; ის კი არა, მზე ანათებდა (იცინის)...
- ის დღე როგორ გაატარე?
- 10-12 წლის წინანდელ ამბავს გიყვები, მაშინ კი ქვეყანაში ხალხს თავის გატანა ძალზე უჭირდა... ჯიბეში ბევრი ფული არ მქონდა, გოგონა სადმე რომ დამეპატიჟებინა. ქუჩაში გავისეირნ-გამოვისეირნეთ, მესამე წრეზე კი მივხვდით, რომ ძალიან გვციოდა და სახლებში წავედით. ამჯერად, უკვე უბრალოდ ვუთხარი: იცი, მე შენ მიყვარხარ, ოღონდ - სილა აღარ გამარტყა-მეთქი. ბაგეზე მაკოცა... ერთი წლის მერე, ყოველგვარი ჩხუბის გარეშე დავშორდით; ასაკის მატებასთან ერთად მივხვდით, რომ ერთმანეთი ისე ძლიერ არ გვყვარებია, როგორც გვეგონა...
- სერიოზული გრძნობა როდის გეწვია?
- მას მერე, კარგა ხანს შეყვარებული არ მყოლია. მოწონებები, ფლირტები, ხანმოკლე ურთიერთობები მქონდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა უნივერსიტეტში განვაგრძე და მთლიანად პროფესიის დაუფლებაზე გადავერთე.
- ცოტა უფრო სერიოზული, არაბავშვური პაემანი გაიხსენე...
- მაშინ, ერთ-ერთ რომანტიკულ პაემანს გავიხსენებ: რამდენიმე წლის წინ ზღვაზე ვისვენებდი. იქ ერთ გოგონასთან ფლირტი გავაბი და რომანტიკული საღამო მოვუწყვე: პლაჟისგან გამოყოფილ ადგილას, ფანჩატურის მსგავს მყუდრო, ღია ბარში - თეთრი აფრებით და ვერანდით, პაემანი დავუნიშნე. ჩვენ უკან ტყე იყო, წინ - ზღვის ხედი, ბარი - პატარა სანთლებით განათებული, ფანჯრებზე - ლურჯი ფარდა, ბევრი პუფი... თავი სამოთხეში გეგონებოდა! მე და ის გოგონა ვისხედით, ვსაუბრობდით და მზის ჩასვლას ვუყურებდით მანამ, ვიდრე ორასივე სანთელი არ ჩაიწვა.
- საკურორტო რომანების უმრავლესობის მსგავსად, ეს ურთიერთობაც ხანმოკლე იყო?
- რა თქმა უნდა! ხანგრძლივი და სერიოზული ურთიერთობა არ გვქონია, მაგრამ ზღვისპირა ფლირტი ძალიან მხიბლავს...
- ამჟამად შეყვარებული ხარ?
- კი. ჩვენ თავდაპირველად ვმეგობრობდით, მაგრამ მერე ეს მეგობრობა სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა. ერთად ფანტასტიკურად ვართ. ის ჩემზე 10 წლით უფროსი გახლავთ. მიმაჩნია, რომ თუკი ადამიანთან თავს კომფორტულად გრძნობ, ასაკობრივ ზღვარს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, შენს მეორე ნახევართან იდეალური, კარგი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეს.
- ახლობლებს, ოჯახის წევრებს როგორი რეაქცია ჰქონდათ, როცა შენი რომანის შესახებ შეიტყვეს?
- ჩვეულებრივი. ზრდასრული ადამიანი ვარ და ახლობლები ჩემს შეხედულებებს პატივს სცემენ. რაც მთავარია, ამ სერიოზული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას არ ვაპირებ, ეს ორივემ კარგად ვიცით.
- ანუ გამორიცხავ, რომ თქვენი ურთიერთობა ოჯახის შექმნით გაგრძელდეს?
- უბრალოდ, რამდენიმე წელი ოჯახის შექმნას არ ვაპირებ, თორემ არასდროს არაფერს გამოვრიცხავ. ადამიანმა არ იცის, ხვალ ან ზეგ რა მოხდება...
- გიორგი, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს?
- ვერ ვიტყვი, ფანკლუბი აქვთ გახსნილი, თაყვანისმცემლები კარს მიმტვრევენ და ფანჯრებს მილეწავენ ან "მიპადიეზდებენ"-მეთქი, მაგრამ საზოგადოებისგან სიყვარულს ვგრძნობ, რაც ხშირად, სუსტი სქესის წარმომადგენლებისგან სოციალურ ქსელში მოწერილი სასიყვარულო მესიჯებით გამოიხატება.
- საჩუქრებს არ გიძღვნიან?
- შენ წარმოიდგინე - არა! ჰოდა, იცოდნენ, რომ მათგან საჩუქრებსაც ველი (იცინის)...
- როგორ ფიქრობ, გოგონებს შენში განსაკუთრებულად რა იზიდავთ?
- ჩემი სიმაღლე, ბრგე ტანი, სექსუალური გამოხედვა... შემომხედავენ და იტყვიან, - აი, მთა კაცი მოდისო! მოკლედ, ჩემი ჰაბიტუსი მოსწონთ!.. სერიოზულად კი, სიმაღლეს რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, კარგი ადამიანი იყო...
- შენზე მაღალ გოგონასთან რომანტიკული ურთიერთობა გქონია?
- ვინც მომწონდა, ყველა ჩემზე მაღალი იყო...
- მექალთანე ხარ?
- ჩემს ერთ-ერთ პერსონაჟს, სერიალიდან - "გოგონა გარეუბნიდან", რომელიც გოგონებს ხელთათმანებივით იცვლიდა, ნამდვილად არ ვგავარ. ერთგული ადამიანი ვარ...
- დაბოლოს, რას ურჩევ იმ ადამიანებს, რომლებიც პაემანზე წასვლას აპირებენ?
- პირადი გამოცდილების საფუძველზე ვურჩევ: ისეთები იყავით, როგორიც სინამდვილეში ხართ, არაფრის თქმის მოგერიდოთ და მერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება.
ეთო ყორღანაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)