ხმები იმის შესახებ, რომ მოსკოვის დიდ თეატრში ესკორტ-მომსახურების ტრადიცია არსებობს, დიდი ხანია დადიოდა. თინა კანდელაკის და მარგარიტა სიმონიანის ახალ თოქ-შოუში "რკინის ქალი", ბალერინა ანასტასია ვოლოჩკოვამ მოსკოვის დიდი თეატრის კულუარებზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსკოვის დიდ თეატრში მოცეკვავეებს სექსუალურ მომსახურებას აიძულებენ, უარის შემთხვევაში კი სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებიან.
ვოლოჩკოვას განცხადებით, ბალერინებს თეატრის ხელმძღვანელობა იბარებს და რომელიმე მდიდრულ წვეულებაზე აგზავნის, რათა იქ მყოფი ოლიგარქებისთვის საღამო განსაკუთრებით "დასამახსოვრებელი" გახდეს. წვეულების გაგრძელება კი საწოლია. თუკი გოგონები უარს იტყვიან, ადმინისტრაცია მათ ეუბნება, რომ "დიდ თეატრში" პრობლემა შეექმნებათ.
ეს მანკიერი ტრადიცია 10 წლის წინ დაიწყო. ვოლოჩკოვას თქმით, მან მხოლოდ ახლა იმიტომ გაბედა ამ თემაზე საუბარი, რომ "დიდ თეატრში" აღარ მუშაობს და საკუთარი დასი აქვს.