ავსტრიაში მდებარე მღვიმე Healing Caves of Gastein-ს ყოველ წელს 75 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტურისტული ცენტრია, რომელსაც სხვადასხვა დაავადებისგან განსაკურნად სტუმრობენ.
მღვიმეში რამდენიმე ჯგუფი ერთად შედის, ისინი ტრუსებს იცვამენ და სპეციალურად მათთვის განკუთვნილ საწოლებზე წვებიან. სხვადასხვა სამედიცინო პრობლემებს, მათ შორის ართრიტს, ფსორიაზს, ძვალკუნთოვან ტკივილს, ასევე რესპირატორულ და კანის სხვადასხვა დაავადებების პრობლემებს რადიოაქტიური რადონის აირი კურნავს. რადონს მედიცინაში რადონის აბაზანების მოსამზადებლად ხშირად იყენებენ.
მღვიმეში შესვლამდე პაციენტები გამოსაცვლელ ოთახში შედიან, სადაც მობილურ ტელეფონებსა და სხვადასხვა ტექნიკას ტოვებენ. ყველა ადამიანს ინდივიდუალური კუთხე აქვს და ნივთების შესანახი უჯრის გასაღები თან მიაქვთ. შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელი მათ ინსტრუქციას აცნობს და ფოტოსურათების საშუალებით შიდა ტერიტორიას აჩვენებს. მოგვიანებით ყველა პაციენტი ყვითელ მატარებელში ჯდება, რომელიც მთაში 2 კილომეტრის სიღრმეში შედის. დანიშნულების ადგილზე 40 გრადუსი სიცხეა. შემდეგ ჯგუფის ყველა წევრი ხის ლოგინებზე წვება. აკრძალულია საუბარი. ტერიტორიაზე სამარისებური სიჩუმეა და მხოლოდ კლდის გვირაბებში მოსიარულე დარაჯების ფეხის ხმა ისმით.
როგორც ტურისტები ამბობენ, მღვიმეში საოცარი შეგრძნება ეუფლებათ - სიმშვიდე და სხეულის მოდუნება დადებითად მოქმედებს როგორც ფიზიკურ აქტივობაზე, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. თუმცა, ყველა ადამიანი ვერ უძლებს ჩაკეტილ სივრცეში მაღალ ტემპერატურაზე ყოფნას. მათ, ვინც სიცხეს ვეღარ უძლებს, გრილ ადგილას გადაჰყავთ, სადაც ჰაერის ნორმალური ტემპერატურაა და სუფთა ჰაერსაც ჩაყლაპავთ, მაგრამ თუკი ისე შეუძლოდ გახდებით, რომ მღვიმის ვერც ამ მონაკვეთში ჩერდებით, სპეციალური სასწრაფო დახმარების მატარებლით რამდენიმე წუთში დატოვებთ მღვიმეს; ტერიტორიაზე ექიმების რამდენიმე ჯგუფია, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.
მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.