58 წლის ექიმი ლალი ხაჭვანი და 46 წლის პაატა გოგილაშვილი 4 წელია ჯიქიას №18-ში, 18 კვადრატულ მეტრ ფართში ცხოვრობენ. ისინი იმ 40 ათას ოჯახს შორის აღმოჩნდნენ, რომლებსაც სოციალური დახმარება შეუწყდათ. იანვრის ბოლომდე მათი შემოსავალი 30-დან 54 ლარამდე მერყეობდა, ახლა კი ამ მინიმალური შემოსავლის გარეშე დარჩენილები საკვებად ქელეხებში დადიან. ჩასაცმელს - მრევლისგან შეწირულს - ეკლესია აძლევს. ოჯახის 2 წევრიდან არც ერთი არ მუშაობს.
"ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ჩვენი ბინა მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და ამის შემდეგ გადმოგვიყვანეს აღნიშნულ მისამართზე. 18 კვადრატული მეტრი ოთახი მოგვცეს. სკამებს ვაერთებდით და ისე გვეძინა. მერე ეკლესია დაგვეხმარა ჭურჭლითა და საწოლით. მეზობლებმა ძველი ავეჯი გვაჩუქეს. ერთადერთი მაცივარი გვაქვს ახალი, რომელიც ნათესავებმა ერთობლივად გვიყიდეს საახალწლოდ ფასდაკლების დროს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ლალი ხაჭვანი.
სოციალურად დაუცველი ოჯახი 2009 წლამდე თვეში 54-ლარიანი შემოსავლით ცხოვრობდა, რომელიც როგორც სოციალურად დაუცველებს, ეძლეოდათ. შემდეგ ლალის მეუღლე პაატა გოგილაშვილი დაიჭირეს და, შესაბამისად, მისთვის განკუთვნილი 24-ლარიანი დახმარებაც შეუჩერდა ოჯახს.
"მეუღლე 2009 წელს დააკავეს ჩინელების მაღაზიაში 2-ლარიანი წინდის ქურდობისთვის, რაც მას არ ჩაუდენია და 4 წელი მიუსაჯეს. 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. საპატრიარქო ჩაერია და პრეზიდენტმა შეიწყალა.
პაატას ციხიდან გამოსვლის შემდეგ კვლავ მივმართე სოციალურად დაუცველთა სააგენტოს, რომ მისთვის დახმარება აღედგინათ. აგენტი გამოგვიგზავნეს შესამოწმებლად. მან კი, რადგან მაცივარი გვქონდა, 59 ქულა დაგვიწერა და დახმარებაც საერთოდ მოგვიხსნეს.
არჩევნებამდე ამბობდნენ, რომ ყველა გაჭირვებულს დავეხმარებით და ხელს მოვუმართავთო, მაგრამ ახლა პირიქით ხდება. მინდოდა, გამეპროტესტებინა დახმარების მოხსნა და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების დეპარტამენტისთვის მიგვემართა, მაგრამ მიმღებში მითხრეს - ამით კიდევ უფრო გაიფუჭებთ საქმეს, გააღიზიანებთ და შეიძლება საერთოდ აღარ აღგიდგინონო.
ამბობენ, ქულების მინიმალური მაჩვენებელი, შესაძლოა, 60-მდე გაიზარდოსო და მაგას ველოდებით. სხვა რა გზაა... ჩვენისთანა ადამიანებს მეტი არაფერი შეგვიძლია", - უთხრა "მთელ კვირას" ხაჭვანმა.
სალომე სიგუა