ბრიტანელი მოზარდი სემ ვუდჰედი ავსტრალიის უდაბნოში უწყლობით სიკვდილს კონტაქტური ლინზების შესანახი სპეციალური სითხის წყალობით გადაურჩა. იგი სითხეს სამი დღე სვამდა.
18 წლის ახალგაზრდა კონტინენტზე ფერმაში სეზონური სამუშაოსთვის თებერვლის დასაწყისში ჩავიდა. იგი დასვენების პირველ დღეს სარბენად გაემართა. ვუდჰედმა თან ზურგჩანთა და რამდენიმე საათის სამყოფი წყალი წაიღო.
"შევცდი და ტყის გავლით ყველაზე მოკლე გზა ავირჩიე, უკვე ნახევარი საათის შემდეგ მივხვდი, რომ გზა ამერია და გარემოს ვერ ვცნობ",- ყვება ახალგაზრდა.
ჰაერის ტემპერატურა, სადაც სემი დაიკარგა, 40 გრადუს ცელსიუსს აღწევდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მან გააცნობიერა, რომ წრეზე დადის და გზის გაგნებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებს.
მეორე დღეს წყურვილის გამო ჰალუცინაციები დაეწყო. მაშინ, მოზარდმა გაიხსენა, რომ ზურგჩანთაში მშობლების გატანებული კონტაქტური ლინზების შესანახი ერთჯერადი სითხე ედო.
"თავიდან ეჭვი შემეპარა, შეიძლებოდა თუ არა მისი გამოყენება, მაგრამ ეს უკეთესი იყო, ვიდრე არაფერი. რამდენიმე ცალი დავლიე და მაშინვე უკეთ გავხდი",- იხსენებს სემი.
მისი დაკარგვით შეშფოთებულმა დამსაქმებლებმა სამაშველო სამსახურს შეატყობინეს, რომლებმაც რაიონში სამაშველო ვერტმფრენი გააგზავნეს.
დაქანცულ მოზარდს ცაში მოტორის ხმა ესმოდა, მაგრამ მის ადგილსამყოფელს მრავალრიცხოვანი ბუჩქები და ხეები მალავდნენ.
"მაშინ ტანსაცმელი გავიხადე და მათი დახმარებით სიგნალი SOS დავწერე, ეს ჩემი გადარჩენის ერთადერთი იმედი იყო",- აღიარა ვუდჰედმა.
ბიჭი 15 თებერვალს იპოვეს. ვერტმფრენის პილოტმა მიწაზე დაფენილი სემის სპორტული შარვალი შენიშნა, რომელსაც ქარი არხევდა.
"ლინზების სითხე რომ არა, ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი. საკუთარი შარდის დალევა ვცადე, მაგრამ ეს იმდენად აუტანელი იყო, რომ ამ იდეაზე უარი ვთქვი",- ამბობს სემი.
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.