ოთახში რაც უნდა ქაოსი იყოს, სავარძელში რომ მოვკალათდები და წიგნს გადავშლი, მისი სურნელით მთვრალი, სულ სხვა განზომილებაში გადავდივარ, - გვითხრა ყოფილმა ტელეწამყვანმა და მომღერალმა, ამჟამად კი განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა თათია გიორგობიანმა, რომელიც დღეს "წიგნის თაროს" სტუმარია.
- სკოლაში რომ შევედი, მართალია, გამართულად ვერ ვკითხულობდი, მაგრამ ანბანი ვიცოდი. მეოცნებე ვიყავი და ძალიან მიყვარდა ზღაპრები, განსაკუთრებით - კონკია. მართალია, ძალიან მეცოდებოდა, მაგრამ ამ ზღაპრის დასასრულზე ვგიჟდებოდი. ცხოვრებაშიც მიყვარს კეთილი ფინალი, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ასე არ ხდება... სხვათა შორის, კონკიობაზე არასდროს მიოცნებია, პრინცესასავით ცხოვრება უფრო მომწონდა - ლამაზი კაბები, სიკეთის კეთება... ეს დღესაც ძალიან მიზიდავს. შემდეგ შემიყვარდა მერი პოპინსი, პეპი, მაგრამ არასდროს გარდავსახულვარ. მერე კარლსონზე გავგიჟდი...
როდესაც ზღაპრების ეპოქა დასრულდა, სათავგადასავლო ლიტერატურის კითხვა დავიწყე და ეს სამყარო დღემდე მიზიდავს.
კარგი წიგნით მოგვრილი ემოცია დიდხანს მიჰყვება ადამიანს... ახლა კი ვცდილობ, ჩემს ქალიშვილს შევაყვარო კითხვა და დავაინტერესო იმ ნაწარმოებებით, რომლებმაც ჩემზე ბავშვობაში უდიდესი გავლენა მოახდინა. როგორ შეიძლება, ეგზიუპერის "პატარა უფლისწული" საბავშვო ლიტერატურად მიიჩნიო? ამ ნაწარმოების მკითხველს ასაკი არა აქვს.
- რომანტიკოსი მკითხველი ყოფილხარ...
- ნამდვილად, თუმცა რეალობის აღქმა არ დამიკარგავს. რომანტიკა ჩემში დაბალანსებულია. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი რომანტიკოსია, უბრალოდ, ამას ზოგი აღიარებს, ზოგიც არა.
ოჯახში მდიდარი ბიბლიოთეკა გვქონდა და იცოდნენ წიგნის ფასი, მირჩევდნენ, რა უნდა წამეკითხა. გამიმართლა და პედაგოგებიც ისეთი შემხვდა, რომელთა რჩევით ვეზიარე არაერთ კლასიკოსს. სწორედ ჩემი პედაგოგის დამსახურებაა, რომ რუსული ლიტერატურა მიყვარს. ვგიჟდები ბუნინზე, პუშკინსა და ლერმონტოვზე, აღარაფერს ვამბობ ბულგაკოვზე. უცხოელი მწერლებიდან ძალიან მომწონს რემარკი, მარკესი, დღესაც მიყვარს ვიქტორ ჰიუგო. აგრეთვე, პრუსტი და შტეფან ცვაიგი. შექსპირი ხომ ყველა დროის უდიდესი შემოქმედია. მიყვარს ქართული პოეზია, მაგრამ ვაჟა მაინც განსაკუთრებულია. მიყვარს რობაქიძის "გველის პერანგი", გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები... გალაკტიონს ვაღმერთებ. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ? ბევრი საყვარელი მწერალი და პოეტი მყავს. სხვათა შორის, ჩემი მეუღლე, ლუკა ხოჯავა ძალიან ნაკითხია, მაგრამ ჩვენი გემოვნება განსხვავდება. ის ფანტასტიკას ამჯობინებს... მისი საყვარელი მწერალი კურტ ვონეგუტია.
- შენს პირად წიგნის თაროზე რომელ ნაწარმოებებს შემოდებდი?
- ნაწარმოებებს არა, მხოლოდ საინტერესო და დასამახსოვრებელ ფრაზებს ამოვიღებდი.
- რომელია შენი საყვარელი ფრაზა?
- "ქალი, რომელიც გაზაფხულს არ თმობს"... ეს ფრაზა ქართველ პოეტს, გენო კალანდიას ეკუთვნის და რატომღაც მგონია, რომ ჩემზე თქვა (იღიმის). მეც ვარ ქალი, რომელიც არასდროს თმობს გაზაფხულს.
- რომელიმე ნაწარმოების გმირზე თუ გამიჯნურებულხარ?
- არასდროს. თუმცა ყოველთვის მყავდა გამოგონილი მამაკაცი, რომელიც რეალურ სამყაროში არ არსებობდა... უფრო სწორად, მეგონა, რომ არ არსებობდა, ვიდრე ლუკას არ შევხვდი.
- რომელ პერსონაჟს ჰგავს ლუკა?
- არავის. უფრო სწორად, მრავალი პერსონაჟის თვისებებია მასში თავმოყრილი. არ იფიქროთ, რომ ლუკას ვაიდეალებ. თვითონ კი ხშირად მეხუმრება, დ"არტანიანი ვარო (იცინის).
- როგორ შეაფასებ დღევანდელ საზოგადოებას, არის თუ არა წიგნიერი?
- ბოლო ხანს საზოგადოება მიუბრუნდა წიგნს, რაც ძალიან მახარებს. ვისურვებდი, წიგნზე უფრო მეტად ვიყოთ დამოკიდებული.
ესაუბრა ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)