გლდანის ავტოპარკში "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებსა და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების გაფიცულ მძღოლებს შორის მოლაპარაკება დასრულდა.
როგორც მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მძღოლებმა განუცხადეს, შეხვედრას შედეგი არ მოჰყოლია. მათი თქმით, მთავარ მოთხოვნაზე, რომელიც არის გეგმის შემცირება, "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებისგან მიიღეს პასუხი, რომ ამას მონიტორინგი სჭირდება. გაფიცული მძღოლების განცხადებით, ეს დროში გაიწელება, ისინი კი გეგმის შემცირებას მყისიერად ითხოვენ.
რაც შეეხება მეორე საკითხს, ინდმეწარმის სტატუსის გაუქმებას, მძღოლების ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით "თბილისის მიკროავტობუსისგან" მიიღეს განმარტება, რომ ეს პარლამენტის გადასაწყვეტია. მათივე თქმით, ისინი იურისტებთან გაივლიან კონსულტაციას, რის შემდეგაც გაარკვევენ, რამდენად სწორია "თბილისის მიკროავტობუსის" განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით.
შეხვედრის მონაწილეების თქმით, მათ ერთადერთ მოთხოვნაზე მიაღწიეს შეთანხმებას - ეს არის სხვადასხვა ხაზიდან გათავისუფლებული მძღოლების სამუშაო ადგილებზე დაბრუნება.
შეხვედრას საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ გააჟღერეს ხვალინდელი გეგმებიც. კერძოდ, ისინი გაფიცვას გააგრძელებენ და ხვალ, 10.30 საათიდან თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილებას თბილისის მერიასთან მოითხოვენ. მძღოლები ყველა სამარშუტო ხაზის წარმომადგენელს მოუწოდებენ, მივიდნენ აქციაზე და ამას ფართომასშტაბიანი სახე მისცენ, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.
შეხვედრა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. მძღოლები უკვე მესამე დღეა გაფიცულები არიან.