ციხის სკანდალური კადრების ავტორის, ვლადიმერ ბედუკაძის დაკითხვა გლდანის ციხეში რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც დაკითხვის შემდეგ ბედუკაძის ადვოკატმა, ელზა ჯმუხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა , სავარაუდოდ, ხვალ პროკურატურა ბედუკაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ამის საფუძვლად ადვოკატი ასახელებს ბედუკაძის მხრიდან გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომელშიც, მისი თქმით, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფაქტები გაჟღერდა და აქამდე უცნობი თანამდებობის პირებიც დასახელდნენ. დაკონკრეტებისგან ადვოკატმა თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ გამოძიებამ მიიღო ძალიან დიდი მასალა, რომელიც აქამდე არ გახმაურებულა.
ამასთან, ადვოკატი იმედოვნებს, რომ ბედუკაძე პატიმრობიდან მალე გათავისუფლდება იმ მოტივით, რომ იგი გამოძიებისთვის მიმალვის მხრივ საფრთხეს აღარ წარმოადგენს, რადგან ბედუკაძე საქართველოში თავისი ნებით დაბრუნდა. ელზა ჯმუხაძის განცხადებითვე, ბედუკაძე, რომლის მიმართ, გავრცელებული ინფორმაციით, ორ მოწმეს მისი საწინააღმდეგო ჩვენება აქვს მიცემული, სიმართლეს არ შეესაბამება.
"ვლადიმერ ბედუკაძე, ამ ორ მოწმეს, ნახსენები ჰყავთ პატიმართა წამების დროს ადგილზე მყოფთა სიაში, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ის თვითონ იღებდა ამ პროცესებში მონაწილეობას. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იმჩნევდა ბედუკაძე და რატომ გამოთქვამდა სიტყვიერ შეურაცხყოფას პატიმრების მიმართ, ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ ის არ გაშიფრულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საზოგადოება ვერ ნახავდა იმას, თუ რა ხდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში", - განაცხადა ელზა ჯმუხაძემ.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ლადო ბედუკაძის დაკითხვა პროკურატურამ კიდევ გადაწყვიტოს.
კიდევ ერთი დეტალი, რაც ადვოკატმა დაკითხვის შემდეგ გაახმაურა ბედუკაძის ჩვენებიდან ეხება კადრებს, რომელშიც ბედუკაძის ხმა ისმის და კადრში მხოლოდ ერთი პატიმარი ჩანს. როგორც ადვოკატმა განმარტა, ყველა ვიდეოს გადაღებას ესწრებოდა ერთ-ერთი თანამდებობის პირი და ბედუკაძე არც ერთი ვიდეოს გადაღების დროს მარტო არ ყოფილა. შესაბამისად, იგი ფარავდა საკუთარ მიზნებს და პატიმრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას სწორედ ამ მიზნით აყენებდა.
ვლადიმერ ბედუკაძის დაკითხვის პროცესი დილის 11:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდა.