პარლამენტარი გოგა ხაჩიძე, ასლან აბაშიძის საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, ტყეში გავარდნით იმუქრება. ამის შესახებ პოლიტიკოსმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
"თუ ისე მოხდა, რომ ასლან აბაშიძეც დაბრუნდა საქართველოში, ავიღებ ზურგჩანთას, შიგ ჩავდებ ცოტა საჭმელს, ცოტა სასმელს, გადავივარცხნი თმებს მარჯვნივ (ან მარცხნივ), წავალ სადმე ტყეში, ვიპოვი დიდ გაშლილ მინდორს, დავიკიდებ იმ ადამიანების აზრს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ტყეში გაშლილი მინდორი არაა, მოვიხსნი ზურგჩანთას, ფეხებს დავდგამ მხრების სიგანეზე, ჩავახველებ, ღრმად ჩავისუნთქავ და რამოდენიმე კონკრეტულ ადამიანს ყვირილით ვაგინებ!", - დაწერა ხაჩიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
პოსტი 400-მდე ადამიანმა მოიწონა და 30-მა გაიზიარა. კომენტარებში "ფეისბუქის" მომხმარებლები ხაჩიძის იდეას სოლიდარობას უცხადებენ.
"თავიდან ისე დაიწყეთ, მეგონა ზურგჩანთაში ყველს, სადგისსა და ნაცარს ალაგებდით", - დაწერა "ფეისბუქის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე 2004 წლის 6 მაისიდან თავს რუსეთს აფარებს. ამავე წელს მასზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა. მას ბრალი სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში და მითვისება-გაფლანგვაში ედება.