"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივას ქუთაისელთა და ზოგადად, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ "დივერსიად" აფასებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მთავრობასთან და პარლამენტთან მიმართებაში პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი პროექტი "ქართული ოცნების" "ფობიებითა" და "შიშებითაა" გამოწვეული.
აკაკი მინაშვილის განცხადებით, პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის წინადადების გახმაურებისთანავე, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გაჩერდა და შესაბამისად, სამუშაო ადგილები დაიკარგა.
რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამ კონტექსტში მინაშვილი უმცირესობის მისამართით აცხადებს, რომ "ფობიებსა და შიშების აყოლას, სჯობს, საარჩევნო დაპირებები შეასრულონ".
"საქართველოში მოქმედებს კონსტიტუცია, რომელზეც კომისია დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. ის შეიცავს ყველა იმ პრინციპს, რომელიც დაბალანსებისა და ურთიერთკონტროლის მხრივ, დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციას უნდა ჰქონდეს და უნდა დარჩეს იმ ფორმით, როგორც არსებობს" - აცხადებს მინაშვილი.
პარლამენტში ინიცირებულ ორ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტთან დაკავშირებით შექმნილმა ორმა საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიამ დღეს პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა.