საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ალილოს მონაწილეებს ტკბილეული გადასცეს. მსვლელობის მონაწილეებს თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის წინ შობა უმრავლესობის წევრებმა მანანა კობახიძემ, ვახტანგ ხმალაძემ, ზურაბ აბაშიძემ და სხვა დეპუტატებმა მიულოცეს. ასევე, მათ შობის დღესასწაული მიულოცეს საქართველოს და ქვეყანას წარმატებები უსურვეს.
როგორც ისინი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდნენ, ალილო არის ძველი კარგი ტრადიცია და პარლამენტიც ამ ტრადიციას უერთდება.
საშობაო ალილოს მონაწილეებმა მსვლელობა ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით დაიწყეს.
მსვლელობას წინ მიუძღვებიან სასულიერო პირები. ასევე, მსვლელობაში მონაწილეობენ სტიქაროსნები და ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეები. მსვლელობა თეატრალიზებულია.
მოსახლეობა ალილოში მონაწილეებს გზადაგზა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები 9 იანვარს ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება. ამ მიზნით მერიამ ავტობუსები გამოყო.
წელს პირველად, პარალელურად, მეორე მსვლელობა ისნიდან დაიწყო და ასევე სამებასთან დასრულდება.
საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია ისევ აღდგა.