ლაგოდეხში ახალი გამგებლის არჩევისას ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც საკრებულოს ცამეტივე წევრმა ახალ გამგებლად ვალერი ალიბეგაშვილი დაამტკიცა. ის წინა ხელისუფლების დროსაც გამგეობაში მუშაობდა. "ქართული ოცნების" აქტივისტებმა მას უნდობლობა გამოუცხადეს და საკუთარ კანდიდატად კოტე კაპანაძე დაასახელეს. ლაგოდეხელების ნაწილი მაჟორიტარ დეპუტატ ლუკა კურტანიძეს ადანაშაულებს. მათი თქმით, ალიბეგაშვილი კურტანიძის ნათესავია და ამიტომ აირჩიეს რაიონის გამგებლად. პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა ლუკა კურტანიძის საარჩევნო ბანერი დახიეს.
"კვირის პალიტრა" მომხდართან დაკავშირებით ლუკა კურტანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ალიბეგაშვილთან ნათესაობა უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ ემხრობა კოჰაბიტაციის პრინციპს და მზად არის, მხარი დაუჭიროს წინა ხელისუფლების იმ წარმომადგენლებსაც, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია და მზად არიან, ქვეყანას ემსახურონ.
- გეცოდინებათ, ლაგოდეხელებმა თქვენი საარჩევნო ბანერი რომ დახიეს...
- სამწუხაროა, რომ ლაგოდეხში აღმოჩნდნენ ადამიანები, თავიანთი ინტერესების გამო უდანაშაულო ადამიანისთვის ტალახის სროლას რომ არ ერიდებიან. "ნაციონალებსაც" კი არ დაუხევიათ ჩემი პლაკატები დღისით, სახალხოდ, ისინი ღამით მავნებლობდნენ.
ამ აქციის მონაწილეთა უკან დგანან ისინი, ვისაც გამგებლობა სურდა - ასეთი იყო 140-მდე ადამიანი. ამდენი ხალხი წინასაარჩევნო კამპანიის დროს შტაბში რომ გვყოლოდა, არჩევნები სხვა შედეგით დამთავრდებოდა. გამგებლობის მსურველთა რაოდენობა სპეციალურმა კომისიამ შეამცირა. ბოლოს არჩევანი შვიდ ადამიანს შორის უნდა გაკეთებულიყო. გამგებლის დანიშვნის შემდეგ ვითარება რომ არ დაძაბულიყო, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ჩავედი ლაგოდეხის რაიონში, გავესაუბრე კანდიდატებს. ვკითხე, მზად იყვნენ თუ არა, ნებისმიერი მათგანის დანიშვნის შემთხვევაში დანარჩენები გვერდით დასდგომოდნენ. სამწუხაროდ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, ზოგიერთისთვის პირადი ინტერესები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია