"50 წიგნის" პროექტით დასაბეჭდი წიგნების საპრეზენტაციო წერილებში, როდესაც მწერლების ბიოგრაფიაზე ვწერდით ხოლმე, განსაკუთრებით, თუკი საუბარი XIX საუკუნეში მოღვაწე ევროპელ მწერლებს ეხებოდა, რამდენჯერმე გვითქვამს, - თუ მათი ცხოვრების დეტალებს არ ჩავუღრმავდებოდით, ისე, ამ დეტალების გარეშე, მხოლოდ წლებითა და მშრალი ფაქტებით გადმოცემული ყოველი მათგანის ბიოგრაფია ძალიან "ჰგავს" ერთმანეთს: დაიბადა შეძლებულ ოჯახში; მშობლებს უარი უთხრა, "სარფიანი პროფესიისთვის" მოეკიდა ხელი, მწერლობა არჩია; სახლიდან წამოვიდა; მერე, პირველ წარმატებას რომ მიაღწია, ოჯახსაც შეურიგდა და საზოგადოების ელიტასაც დაუბრუნდა; მიიღო ბევრი ლიტერატურული პრემია, გამოსცა უამრავი წიგნი და ბედნიერად დაბერებული, საკუთარ ლოგინში გარდაიცვალა...
დიახ, ასეთია ბევრი დიდი ევროპელი მწერლის "სტანდარტული" ბიოგრაფია, თუკი მას "ქიშმიშებს" გამოვაცლით, მაგრამ მწერალი, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, ამ მხრივაც გამორჩეულია - ემილ ზოლამ მოახერხა ცხოვრების ფსკერიდან ფრანგული და ევროპული მწერლობის მწვერვალზე აჭრა და წლების განმავლობაში ამაყად გადმოჰყურებდა ზემოდან თანამოკალმეებს.
ეს "ზემოდან ყურება" სულაც არ არის გადაჭარბებული ეპითეტი, რადგან სწორედ ემილ ზოლა იყო მამამთავარი იმ ლიტერატურული მიმდინარეობისა, რომელიც ნატურალიზმის სახელით არის ცნობილი და გი დე მოპასანი, ალფონს დოდე, ჰუისმანსი და პოლ ალექსისი - იმ დროის საფრანგეთის უპოპულარულესი მწერლები ზოლას მოწაფეებად თვლიდნენ თავს და რაც მთავარია, ზოლასგან დაწყებული ფრანგული ნატურალიზმის "შვილიშვილები" არიან ამერიკული ნატურალიზმის გენიალური წარმომადგენლები: თეოდორ დრაიზერი, სტივენ კრეინი, ფრენკ ნორისი, ჯეკ ლონდონი, ჯონ სტეინბეკი და სხვები.
ცხადია, კრიტიკოსებიც ბევრი ჰყავდათ ნატურალისტებს - ასევე დიდი მწერლები, თუნდაც გუსტავ ფლობერი ან ივან ტურგენევი, რომელიც წერდა: "იქ ძალიან ბევრია ღამის ქოთანში ქექვა".
ამას უშუალოდ ზოლას რომანებზე ამბობდა, მაგრამ "მთავარ კრიტიკოსსა" და მთავარ შემფასებელს - მკითხველს, ზუსტად ეს ადამიანური ტკივილი და სიხარული, "ფოტოგრაფიულად" აღწერილი სასიყვარულო თუ ჩხუბის სცენები, შიშველი და დამაჯერებელი ემოციები, ნამდვილი სისხლი და ცრემლი აინტერესებდა. ვისაც ზოლას რომანები, თუნდაც ჩვენ მიერ თქვენთვის ამჯერად შემოთავაზებული "ხაფანგი" წაუკითხავს (ვისაც არ წაუკითხავს, დარწმუნებული ვართ, მომავალი ორშაბათიდან შეუდგება კითხვას), დაგვეთანხმება, რომ რომანის დებიუტშივე, ვირჟინისა და ჟერვეზას ჩხუბით დაწყებული, "ლოგინის სცენებით" გაგრძელებული და სასიკვდილო აგონიების აღწერით დამთავრებული, ყველაფერს თითქოს ეკრანზე უყურებს მკითხველი და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ზოლას რომანებს ძალიან ძნელად მოსწყდები, მიუხედავად თითქოს მარტივი და ადვილად "გამოსაცნობი" სიუჟეტისა.