"ბორჯომი" მზად არის, რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს. კომპანიის ინფორმაციით, 19 ნოემბერს კომპანია IDS Borjomi International-მა ოფიციალური წერილით მიმართა "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელს, გენადი ონიშენკოს, სადაც სთხოვს, დაუბრუნდეს მინერალური წყლის "ბროჯომის" რუსეთის ბაზარზე რეგისტრაციის საკითხის განხილვას და ასევე, დაგეგმოს რუსი ექსპერტების საქართველოში ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ქარხნების ინსპექტირება.
"ბორჯომის" რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნების საკითხი 2011 წელსაც იდგა დღის წესრიგში. წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც გაიმართა "როსპოტრებნდაზორის" ხელმძღვანელს, გენადი ონიშენკოსა და IDS Borjomi International-ის გენერალურ დირექტორს, ვლადიმერ აშუროვს შორის, მწარმოებელ კომპანიას დაევალა გარკვეული ფორმალური მოთხოვნების შესრულება. მოგვიანებით, 2011 წლის 27 დეკემბერს, კომპანია IDS Borjomi International-მა გადააგზავნა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი, რომელიც საჭირო იყო მინერალური წყლის რეგისტრაციისთვის. თუმცა, ამის მერე "როსპოტრებნდაზორის" მიერ, კერძოდ კი ი.ვ. ბრაგინას მიერ 2012 წლის 24 იანვარს გამოგზავნილი წერილის №01/482-12-31 თანახმად, კიდევ იყო მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია. 2012 წლის 17 თებერვალს მოთხოვნილი ინფორმაციის სრული პაკეტი გადაეგზავნა უწებას და მხოლოდ ამის შემდეგ "როსპოტრებნადზორმა" ოფიციალურად მიიღო კომპანიის განაცხადი მინერალური წყლის რეგისტრაციის მოთხოვნაზე.
გენადი ონიშენკოს მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, კომპანიებმა, რომლებმაც თავის დროზე გააკეთეს განაცხადი "როსპოტრებნადზორში" და რომელი კომპანიების დოკუმენტაციამაც გაიარა საჭირო შემოწმება, უნდა მიიღონ რუსი ექსპერტები წარმოების ადგილზე, საწარმოების ინსპექტირების მიზნით.
IDS Borjomi International-ი მზადაა, ყველანაირად გაუწიოს დახმარება რუს ექსპერტებს, რათა მათ ხელი არ შეეშალოთ საწარმოების ინსპექტირების საქმეში", - აცხადებს IDS Borjomi International-ის გენერალური დირექტორი ვლადიმირ აშუროვი.