გამარჯობა. პირველად გწერთ. მე ნამდვილად მეგობრის მხარდაჭერამ გადამარჩინა. შარშან ჩემს კლასში ერთი გოგო გადმოვიდა, რომელიც დანახვისთანავე მომეწონა. შემდეგ ახლოს გავიცანი და კიდევ უფრო მოვიხიბლე. ინტერნეტში ძალიან ბევრს ვწერდით ერთმანეთს. ხანდახან ვფიქრობდი, თავს ხომ არ ვაბეზრებ-მეთქი, მაგრამ როგორც კი დავინახავდი, ამ აზრს უარვყოფდი. 2 მაგარი ძმაკაცი მყავს და ჩემი გრძნობის შესახებ იმათ მოვუყევი. ჰოდა, ძმაკაცი რის ძმაკაცია? გვერდით დამიდგნენ.
ვინაიდან სიყვარულში მე ვერ ვუტყდებოდი, ისინი უჩიჩინებდნენ ჩემ შესახებ. ერთ დღეს კი პირდაპირ უთხრეს, უყვარხარო. იმან უპასუხა - მე მეგობარი მეგონაო. მისი სიტყვები გულზე კი მომხვდა, მაგრამ არ შევიმჩნიე და ბრძოლა გავაგრძელე. ძმაკაცები სულ მეღადავებოდნენ ამის გამო. ხან მეუბნებოდნენ, თავი გაანებე, ნუ იტანჯებიო. ამ წვალებაში გავიდა 1 წელი და სადაცაა, სკოლაც დამთავრდებოდა. ჩემს ძმაკაცებს იმ გოგოს ჩანთიდან დღიური მოუპარავთ და წაუკითხავთ. თურმე წერდა, რომ მასაც ვუყვარდი. საღამოს ძმაკაცმა დამირეკა - ხომ არ გადაგიყვარებიაო? - არა-მეთქი, - აბა, შეგიძლია, მშვიდად იყო, მასაც უყვარხარო. მეორე დღეს მეგობარმა მითხრა, - სიყვარული აუცილებლად უნდა აუხსნაო. გავჯიუტდი, - არა-მეთქი, რადგან ძალიან მრცხვენოდა.
მომკიდა ხელი და ერთ ოთახში შემიყვანა, კარი კი გარედან გადამიკეტა. იქ ჩემი სატრფო დამხვდა. როგორც იქნა, გავბედე და გამოვუტყდი სიყვარულში. იმის მერე შეყვარებულები ვართ და ჩემი ძმაკაცების დიდად მადლობელიც გახლავართ ამის გამო.
ზაზა.