ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ დღეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა. თავდაცვის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს ვახტანგ კაპანაძე წარუდგინა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტთან, უმაღლეს მთავარსარდალთან შეთანხმებულია.
მისივე თქმით, გიორგი კალანდაძე ჯერ რჩება გაერთიანებული შტაბის უფროსად.
ალასანიას თქმით, ვახტანგ კაპანაძე 2008 წლიდან დღემდე საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მას სხვადასხვა დროს მაღალი თანამდებობები ეკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში. კერძოდ, 2004 წელს იყო გენერალური შტაბის უფროსად.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ვახტანგ კაპანაძეს ასევე გამოცდილება აქვს დიპლომატიურ და სამეცნიერო სფეროშიც. იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.
ვახტანგ კაპანაძის წარდგენას გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძეც ესწრებოდა, თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია.