გვანცა დარასელია ამბობს, რომ პატარა ერეკლეს დაბადებამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. როდის გამოდის წონასწორობიდან, რისი გამხელის რცხვენია და რაზე არ ლაპარაკობს უახლოეს ადამიანებთანაც კი - ამ ყველაფერზე ტელეწამყვანმა გულახდილად გვესაუბრა.
- სახელი და გვარი...
- გვანცა დარასელია.
- დაბადების თარიღი...
- 1989 წლის 1-ლი სექტემბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ის, ვინც გამოვედი. სულ ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი. სცენა და ტელევიზია მიზიდავდა.
- ჩემზე გავლენა იქონია...
- ...დედამ. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წარმატებული ადამიანი ვყოფილიყავი. თავად ექიმია და არ უნდოდა, მისი პროფესია ამერჩია. საკუთარი ოცნებები ჩემი წყალობით აიხდინა. ერთ დროს სცენაზე იდგა და მღეროდა...
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს ასეთი საოცარი შვილი. ამ პატარა არსებამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა; ბედნიერი ვარ, რომ მყავს მეუღლე, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელსაც ვუყვარვარ; ბედნიერი ვარ იმითაც, რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებ.
- როცა მარტო ვარ...
- ...მძინავს (იცინის). საკუთარ თავთან მარტო დარჩენა კარგია. პირადად მე, ასეთ დროს განვლილი წლებიც მახსენდება; ზოგჯერ ცუდი ფიქრებიც მეძალება და შეცდომებზეც ხშირად ვფიქრობ. ხომ იცი, რასაც ნანობ, ის არასდროს გავიწყდება.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...არაფერს შევცვლიდი! ისე, საინტერესოა, 20-30 წლის შემდეგ ამ წინადადებას როგორ დავასრულებ.
- ვიბნევი, როცა...
- ...რაღაც არ ვიცი. მაგალითად, კონკრეტული ტერმინის მნიშვნელობა, მაგრამ იმწუთას ამას არ ვიმჩნევ. მერე ამის შესახებ ან თავად ვიძიებ ინფორმაციას, ან მშობლებს ვეკითხები.
- წონასწორობიდან გამოვდივარ, როცა...
- ...ჩემი არ ესმით ან რაღაცას მაბრალებენ და საკუთარ სიმართლეს ვერ ვამტკიცებ. მქონია შემთხვევა, როცა რაღაც უნებლიეთ მოვიმოქმედე და მერე კონკრეტული პიროვნება მეუბნებოდა, - შენ ეს განგებ, გამიზნულად გააკეთე. ამას გეგმავდი, რომ ჩემთვის გული გეტკინაო.
- მე ვარ შეუმდგარი...
- ...მსახიობი, მოდელი, მომღერალი. სამოდელო საქმიანობაში აქტიურად არც ვიყავი ჩართული. სულ 2 შემთხვევა მახსენდება, როცა ჩვენებაში მონაწილეობისთვის ფული გადამიხადეს. სილამაზის კონკურსში რომ ვმონაწილეობდი, ხალხს ამიტომ დავამახსოვრდი. იმ პერიოდში ვსწავლობდი და მინდოდა, ჩემს პროფესიას კარგად დავუფლებოდი.
- მეზარება...
- ...რაც მეზარება, ამ ყველაფრის თქმის მრცხვენია (იცინის). მეზარება უთოობა, ოღონდ - ისე მეზარება, რომ ამის გამო ოჯახში სერიოზული კონფლიქტი მაქვს. საოჯახო საქმეები დიდად არ მიტაცებს. სახლის დალაგებას მირჩევნია, სადილი მოვამზადო, გავრეცხო...
- ჩემი შვილი, ერეკლე...
- ...გარეგნობით ჩემგან რადიკალურად განსხვავებულია - მამას უფრო ჰგავს. არის ქერა და აქვს ლურჯი თვალები, ძალიან გრძელი წამწამები, დიდი ლოყები, ბუთქუნა ტუჩები. მსუქანაა, ჩაპუტკუნებული. მშვენიერი ზნის ბავშვია, ღამითაც არ გვაწვალებს. კარგად ვითარდება და თავს უფრო და უფრო გვაყვარებს, ყველას გვაგიჟებს.
- არ მიყვარს...
- ...როცა შენიშვნას უსაფუძვლოდ მაძლევენ. საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ყოველთვის არგუმენტებით ვცდილობ.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...ვაღიარებ და რა თქმა უნდა, ვნანობ.
- ძალიან მინდა...
- ...მოგზაურობა.
- ვიმოგზაურებდი...
- ...ბავშვთან და მეუღლესთან ერთად. მეუღლესთან განმარტოება და დასვენება მომენატრა. ერთ კარგ ტურზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს.
- არასდროს დამავიწყდება...
- ...ის წუთი, როცა შვილმა პირველად გამიცინა; მაშინ 2-3 თვის იყო... არასდროს დამავიწყდება ჩემი ქორწილის დღე და ერთი ზაფხული, რომელიც გათხოვებამდე მეგობრებთან ერთად, ბათუმში გავატარე.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...სასადილოში, რადგან ძალიან მშია.
- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...
- ...ხეზე მაინც ვაკაკუნებ ხოლმე. ეს ცრურწმენა კი არა, ჩვევაა.
- ბოლოს მესიზმრა...
- ...ცუდი რამ. უმეტესად, ცუდ სიზმრებს ვნახულობ და მერე ცუდი განწყობილებით მეღვიძება. სიზმრები ჩემს მეუღლეს უფრო ხშირად უხდება. ყოველთვის ახსოვს, რა ნახა. ერთხელ დაესიზმრა, რომ შვილს 18 რიცხვში გავაჩენდი და ასეც მოხდა.
- ძალიან მჯერა...
- ...უცხოპლანეტელების არსებობის. შეიძლება, ამაზე ბევრს გაეცინოს, მაგრამ მგონია, რომ მათი არსებობა რეალურია.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...მეღიმება. ოპტიმისტი ვარ.
- არავისთან ვსაუბრობ...
- ...ჩემი და მეუღლის ურთიერთობის ინტიმურ დეტალებზე. პიკანტურ თემებს ახლო დაქალებთანაც კი არ განვიხილავ. არ მაღიზიანებს, როცა ამაზე სხვები თამამად ლაპარაკობენ, მაგრამ პირადად მე, ამაზე ლაპარაკს საჭიროდ არ მივიჩნევ.
- სიყვარული ეს...
- ...საოცრებაა. მგონია, რომ ნამდვილი, ჭეშმარიტი სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის.
- ვოცნებობ...
- ...მშვიდ ცხოვრებაზე. ამაზე შვილის გაჩენის შემდეგ უფრო მეტად ვფიქრობ.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ის არის, რომ ყველა ადამიანში კარგის დანახვას ვცდილობ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ცუდი თვისებაა, მაგრამ ვინმეზე ცუდს რომ გავიგებ, ამას ვერ ვიჯერებ. სისუსტეში შეიძლება ისიც ჩამეთვალოს, რომ ადამიანების ამოცნობა არ მეხერხება. ზოგჯერ გარშემო მყოფ ადამიანებზე ისეთ ჭორებს მიყვებიან, რომ მგონია, ჭურში ვზივარ. როცა 2 ადამიანი ზის და ჭორაობს, ოთახიდან გავდივარ. ამიტომაცაა, რომ ხშირად ტყემალზე ვზივარ და ბლის კურკებს ვისვრი.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...მეუღლის თბილმა სიტყვებმა და კომპლიმენტმა, რასაც იშვიათად ამბობს. ახლა ვხვდები, რომ ახლობელი ადამიანების ხასიათზე ვარ დამოკიდებული. დედაჩემის და მეუღლის ცუდი ხასიათი ჩემზე ძალიან მოქმედებს.
- ცხოვრებაში რისკზე...
- ...წასვლა ძალიან მიჭირს. ახალი კერძის გასინჯვაც კი არ მიყვარს. აი, ჩემი მეუღლე კი სულ სხვანაირი ადამიანია. ის გადაწყვეტილებებსაც სწრაფად იღებს. ერთხელ თურმე, რესტორანში მეგობართან ერთად იჯდა და იქვე გაუჩნდათ იტალიაში გამგზავრების იდეა. ჰოდა, სახლში მისულა, დედამისისთვის ეზოდანვე დაუძახია, - პასპორტი გადმომიგდეო და იტალიაში წასულა. მე ამას ვერასდროს გავაკეთებ.
- ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...დავეხმარებოდი ყველას, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. რამდენიმე დღის წინ ადამიანი მატარებელს შეუვარდა იმის გამო, რომ ბანკის ვალი ჰქონია - 15 ათასი ლარი. არადა, ზოგისთვის ეს თანხა არაფერს ნიშნავს... სიკეთის კეთება დიდი სულიერი კომფორტია. პატრიარქის სიტყვები მახსენდება: როგორ გვიხარია, როცა გაჭირვებულ ადამიანს ვეხმარებით! არადა, საკითხავი ის არის, ჩვენ ვეხმარებით მას თუ ის გვეხმარებაო?
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...ვცდილობ, მადლობა დროულად გადავიხადო და გავქრე. ზოგიერთი ითხოვს, ადამიანებმა კომპლიმენტი უთხრან, ეს კი გამაღიზიანებელია.
- ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტია, როცა მეუბნებიან...
- ...დილით შენ გამო ვდგები და გიყურებო. ჩემი ძმის ჯვრისწერაზე თამადა მისი უფროსი მეგობარი იყო. მორიგი სადღეგრძელო ასე დაიწყო: "ახლა მინდა ვადღეგრძელო ადამიანი, რომელიც არის ექიმი... - მეგონა, ბიძაჩემზე ლაპარაკობდა, რომელიც ექიმია, მან კი გააგრძელა: - ეს ადამიანი არის ფსიქოლოგი და ყველანაირ დაავადებას კურნავს; მე რომ ტელევიზორს ვრთავ და..." მაშინ მივხვდი, რომ მე მადღეგრძელებდა და სად დავმალულიყავი, აღარ ვიცოდი. სადღეგრძელო და კომპლიმენტი დამამახსოვრდა.
- ვეპრანჭები...
- ...მეუღლეს.
- ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი...
- ...ჩემი ძმის მეგობრის გარდაცვალებაა. გიგი გარაყანიძე საოცარი ადამიანი იყო...
- არ მჩვევია...
- ...თავის ქება, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა და ჭორაობა.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...მეგობრები, მოუცლელობის გამო.
- ვუფრთხილდები...
- ...ურთიერთობებს.
- ვერავინ მაიძულებს...
- ...ხელი მოვკიდო ვირთხას.
- არ მრცხვენია...
- ...საკუთარი თავის.
- ვერ დავიჯერებ...
- ...ქმრის ღალატს.
- ყოველთვის ძალიან განვიცდი...
- ...შვილის ცუდად ყოფნას. სამსახურში ყველაფერს ისე თუ ვერ გავაკეთებ, როგორც მინდა, შეიძლება, ღამე არ დამეძინოს.
- დაბოლოს, გეტყვით, რომ...
- ...ძალიან მიყვარხართ. იყავით იმედიანად და ჯანმრთელად. ყველას წარმატებებს გისურვებთ!
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)