ყოველი 10 გამოკითხული ქალბატონიდან 6 ამბობს, რომ არჩევანში ძალიან შეცდა; შეკითხვაზე- წარსულის დაბრუნება რომ შეგეძლოს, გაჰყვებოდი თუ არა იგივე მამაკაცს ცოლად, ერთხმად აცხადებენ, რომ არა. სუზან შაპიროს წიგნი "ქორწინების 9 ფაზა" (The Nine Phases Of Marriage) გთავაზობთ რჩევას, როგორ შეინარჩუნოთ ბედნიერი ქორწინება. მწერალმა სხვადასხვა ქვეყნის 21-დან 85 წლამდე 200 ქალბატონი გამოკითხა და წიგნიც ასე დაიწერა.
პირველი ფაზა - იმედიანი პატარძალი:
წყვილის ცხოვრებაში ეს ყველაზე იდეალური ფაზაა. ცოლ-ქმარი ბედნიერია ქორწინებით: ვნება, სიახლოვე და ვალდებულებები. როცა პრობლემები იჩენს თავს, მას ორივე მათგანი უმკლავდება. ქალი ფიქრობს, რომ მისი ქმარი მსოფლიოში ყველაზე იდეალურია და მთელი ცხოვრება პრობლემებისგან დაიცავს. ამ ფაზაში თითქმის ყველა მანდილოსანი ცდილობს ურთიერთობაში ვნება შეინარჩუნოს. განსაკუთრებით შიშობენ ის ქალები, რომელთა მშობლებიც განქორწინებულნი არიან.
რჩევა: სიყვარული და ვნება ქორწინების ამ სტადიაში იოლი შესანარჩუნებელია, მაგრამ წყვილმა მეგობრობის განვითარება უნდა შეძლოს; მეგობრობა ქორწინებას მარცხისგან იხსნის.
მეორე ფაზა - სრულყოფილი ცოლი:
ყველა გოგონა ამბობს, რომ ქორწინების შემდეგ საოჯახო საქმეებს ქმართან ერთად გაინაწილებს. როგორც წესი, გოგონებს იმედები გათხოვებიდან რამდენიმე თვეში უცრუვდებათ, რადგანაც იძენენ საზოგადოებრივი დირექტორის სტატუსს: დიასახლისი, სახლის გამგებელი. ამ დროს ქმრები ფიქრობენ, რომ ის ვალდებულებები, რაც მამაკაცს ქორწინებაში მოეთხოვება, საკმარისად შეასრულეს.
რჩევა: მოემზადეთ, "იდეალურ" ქმარს ცუდი ჩვევებიც აქვს. არ გაგიკვირდეთ ჭუჭყიანი წინდები სამზარეულოს მაგიდის ქვეშ. ეს ყველა ქალისთვის შოკია, მაგრამ არ დაიბნეთ და გახსოვდეთ, არავის ქორწინება არაა იდეალური, ნურც დაქალებს დაუჯერებთ - ისინიც თქვენსავით ეძებენ მაგიდის ქვეშ ქმრის წინდებს. თავად გაიაზრეთ, რისი მოთმენა შეგიძლიათ და რისი - არა.
მესამე ფაზა - ბავშვი:
როგორც კი ოჯახში პატარა ჩნდება, ქალის ქმართან ურთიერთობა იცვლება. ზოგიერთი ქალი ამ დროს ქმრისადმი ინტერესს კარგავს და მისი ყურადღება შვილზეა გადართული. მავანი კაცს აიძულებს, მამის ფუნქცია მეტი ყურადღებით შეასრულოს. ეს ძალიან რთული ფაზაა, რადგან ქალბატონს ავიწყდება, რომ ქალია და მხოლოდ დედის ფუნქციით შემოიფარგლება. ამ დროს ვნება ქრება და წყვილს შორის დისტანცია იზრდება.
რჩევა: არ დაიკარგოთ დედის ამპლუაში. შვილი ქალის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ნუ დაივიწყებთ ურთიერთობებს. დაელაპარაკეთ მეუღლეს და შეაქეთ.
მეოთხე ფაზა - ერთი საწოლი, ორი სიზმარი:
ეს ფაზა ქორწინების მეცხრე, ან მეათე წელს დგება. სამწუხაროდ, ბევრი ქალი ამ დროს ხვდება, რომ მისი ქორწინება სასწორზე დევს. მიუხედავად, იმისა, რომ ცოლებს მტკიცედ აქვთ ქორწინების შენარჩუნება გადაწყვეტილი, ურთიერთობაში ბზარი მაინც ჩნდება.
რჩევა: მართალია რთულია, მაგრამ დაფიქრდით, თუკი ვარდისფერ სათვალეს მოიხსნით, იმედებიც ნაკლებად გაგიცრუვდებათ. ჩამოწერეთ ის ცვლილებები, რაც ქორწინებამ მოგიტანათ.
მეხუთე ფაზა - დისტანცია:
ის ქალბატონები, რომლებიც გათხოვების შემდეგ მხოლოდ დიასახლისებად დარჩნენ და კარიერა გვერდზე გადადეს, ქორწინებიდან რამდენიმე წელში ფიქრობენ, რომ დროა სამსახური დაიწყონ. ეს განცდა განსაკუთრებით მძაფრდება ქორწინებიდან 15 წელიწადში - შვილები გაიზარდნენ. ამ დროს ქალების დიდი ნაწილი თვლის, რომ დროა საკუთარ თავს მიხედოს.
თუმცა, დიასახლისები ფაქტის წინაშე დგებიან - შეძლებენ კი კარიერაში თვითრეალიზებას? შიში განსაკუთრებით სამსახურში მძაფრდება; ქალს ეჩვენება, რომ სამსახურში გატარებული საათები შვილების მოვლას აკლდება.
რჩევა: ქალს ყველაფერი შეუძლია, ასე რომ მოახერხეთ და დაუთმეთ თქვენს ქმარს დრო და გააუმჯობესეთ ურთიერთობა.
მეექვსე ფაზა - შუახნის განქორწინება:
ქორწინებიდან დაახლოებით 20 წელიწადში შესაძლოა, ერთ დროს მყარი და ბედნიერი ურთიერთობა განქორწინების ზღვარზე დადგეს. ამ დროს ქალების დიდი ნაწილი ფიქრობს, რა მიიღო ქორწინებიდან. ამ დროს ცოლების უმრავლესობა ფულს გამოიმუშავებს, ბავშვები დამოუკიდებელ ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს დგამენ. ასეთ ვითარებაში ქორწინებით უკმაყოფილო ცოლები უფრო თავდაჯერებულები არიან. გარშემო მატულობს განქორწინებული დაქალების რიცხვი, ქმარი ცოლს აღარ ანებივრებს და ზოგიერთი ქორწინება სწორედ ამ დროს სრულდება. აღმოჩნდა, რომ შუახნის ქალბატონები განქორწინებას ყოველთვის ამართლებენ და ამ ნაბიჯს უფრო ადვილად დგამენ, ვიდრე ახალგაზრდა გოგონები.
რჩევა: განქორწინება ადვილია, გმირი მაშინ ხარ თუკი ქორწინებას ინარჩუნებ. ყველაფერი კარგად გაანალიზეთ და შემდეგ გადაწყვიტეთ.
მეშვიდე ფაზა - კონტრაქტის პირობების გადახედვა:
უცნაურია, მაგრამ ქორწინებიდან 15 ან მეტი წლის შემდეგ ყველაფრის გადაფასება ხდება და შესაძლოა იფიქროთ, რომ მიუხედავად პრობლემებისა და უთანხმოებისა კარგი ქენით, რომ წლების წინ ქორწინებაზე თანხმობა განაცხადეთ. გარშემო თქვენი მეგობრები წლების შემდეგ აღიარებენ, რომ განქორწინებამ, ან დაქვრივებამ ბედნიერება არ მოუტანა. როგორც წესი ის ადამიანები, რომლებიც ადრე ამტკიცებდნენ, რომ განქორწინების შემდეგ დაისვენეს და თავს კარგად გრძნობდნენ, წლების შემდეგ აცხადებენ, რომ განქორწინება დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო.
რჩევა: საკუთარ თავს ჰკითხეთ, ღირს კი საუკეთესო მარტოხელა მეგობარს თქვენს პირად ცხოვრებაზე გავლენის უფლება მისცეთ; დაუკვირდით მის ცხოვრებას - გამოგადგებათ კი მისი რჩევა, როდესაც მისი სასიყვარულო ურთიერთობები სრული ბოდვაა.
მერვე ფაზა - ბალანსი:
ქორწინებიდან 30 ან 40 წლის შემდეგ უკვე მანიპულაციისა და თამაშის დრო დამთავრდა, წლები გავიდა და გართობისთვის დაგაგვიანდათ. თქვენ მხოლოდ საკუთარი სიმტკიცისა და სისუსტის მეპატრონე ხართ, ისევე როგორც თქვენი მეუღლე. ამ დროს ურთიერთობაში ბალანსის შეცვლა მხოლოდ შვილიშვილებს თუ შეუძლიათ.
რჩევა: იყავით გულმოწყალე და სულგრძელი. თქვენს მეუღლესთან ერთად შეეგუეთ ახალ სტატუსს და მოემზადეთ, რომ შვილიშვილები ბებიას და ბაბუას დაგიძახებენ. გააცნობიერეთ, თქვენ საუკეთესო მეგობრები ხართ.
მეცხრე ფაზა - სიბრალული და სიყვარული:
თქვენ მიუახლოვდით ფაზას, როდესაც ვერცხლის, ან ოქროს ქორწილის წლისთავისთვის ემზადებით. როგორც წესი ამ ფაზაში ცოლებს უკვე გაცნობიერებული აქვთ, რომ ქმრები არ უნდა დაამცირონ. უკვე ისწავლეს პატიებაც. ფულის პრობლემაც უკანა პლანზე გადადის.
რჩევა: გახსოვდეთ, თქვენ (ცოლ-ქმარი) ერთმანეთისთვის უსაფრთხოების ბადე ხართ. არ გადახედოთ წარსულს, რადგან მას მაინც ვეღარ შეცვლით. წარსულში ყოველთვის მოძებნით შეცდომას და გული ხანდაზმულობაში უფრო მეტად გეტკინებათ.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.