ოპოზიციამ შესაძლოა, ნაადრევად იზეიმა გამარჯვება, - ამის შესახებ CNN საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში - "ქართულმა ოპოზიციამ გამარჯვება შესაძლოა ნაადრევად გამოაცხადა" იუწყება და იქვე დასძენს, რომ "საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები შეაფასეს როგორც მშვიდობიანი და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე".
CNN-თან სატელეფონო საუბარში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორმა, ლორნე კრანერმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლებთან უამრავი საჩივარი შევიდა, დარღვევებს სისტემური ხასიათი არ ჰქონდა. მისივე თქმით, შეიძლებოდა დასკვნის გაკეთება, რომ "ვიღაც არჩევნების გაყალბებას ცდილობდა".
კიდევ ერთი ასპექტი, რაზეც კრანერმა ყურადღება გაამახვილა იყო დამკვირვებელთა ჯგუფების სიმრავლე, რომელთა დაფინანსების წყაროები, მისი თქმით, "უკეთეს შემთხვევაში ბურუსით იყო მოცული".
"არჩევნებზე არ არსებობდა დამოუკიდებელი ექზიტპოლი, რაც შეიძლება ნეგატიურ ასპექტად მივიჩნიოთ, არასდროს მინახავს ფულის ასეთი ცვენა", - აღნიშნა კრანერმა და აქვე დასძინა, რომ ფუნქიონირებდა უამრავი კერძო დამკვირვებელთა ჯგუფი, რომელთაც საკუთარი ეგზიტპოლების ჩატარება ევალებოდათ.
მიუხედავად ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისია, კრანერის აზრით, მოქმედებდა დამოუკიდებლად, პროფესიონალურად და დაკისრებულ დავალებას თავი გაართვა.
"მაგრამ საქმე ისაა, შეინარჩუნებს თუ არა ხალხი სიმშვიდეს, როდესაც შედეგები გამოქვეყნდება", - აღნიშნა მან.
კიდევ ერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, CNN-თან საუბარში აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან უპირობო გამარჯვებაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია და ყურადღება მაჟორიტარული არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
"შეიძლება მოიგო პროპორციული არჩევნები, მაგრამ პარლამენტში უმცირესობაში აღმოჩნდე მაჟორიტარული არჩევნების წაგების შემთხვევაში", - განაცხადა CNN-თან დამკვირვებელმა.