ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ ორი მინისტრი გადადგა. - სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, რომლის ადგილიც ყოფილმა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა დაიკავა და შს მინისტრი ბაჩო ახალაია, რომლის მოვალეობასაც ჯერჯერობით ეკატერინე ზღულაძე ასრულებს.
ეკა ზღულაძე 2006-დან 2012 წლამდე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გახლდათ. 2012 წლის 20 სექტემბრიდან კი შს მინისტრის მოვალეობას ასრულებს, - ვკითხულობთ მასზე ოფიციალურ ცნობებში.
საზოგადოებამ ეკა ზღულაძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გაიცნო. საინფორმაციო გადაცემების მოლოდინში მყოფი ქვეყნის ახალ ამბებს მაშინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის პირველი მოადგილე ბრიფინგებზე გვაცნობდა. სწორედ მაშინ დაინტერესდა საზოგადოება ეკა ზღულაძით და მალე ცნობილი გახდა, რომ ეკას მეუღლე "რუსთავი 2"-ის მარკეტინგის დირექტორი, ქალბატონებში განსაკუთრებულად პოპულარული გეგა ფალავანდიშვილი გახლდათ.
როგორც ვიცით, გეგას და ეკას საერთო ინტერვიუ პრესაში არასოდეს დაბეჭდილა. ეკას არასოდეს მოსწონდა პოპულარობა, მაგრამ წყვილი მუდმივად ექცეოდა ყურადღების ცენტრში. მათზე ბევრს ჭორაობდნენ, იმდენჯერ დააცილეს ერთმანეთს, რომ საბოლოოდ დაახლოებით ორი წლის წინ ეკა და გეგა მართლა დაშორდნენ.
რამდენიმე თვეში ეკა მეორედ დაოჯახდა და ქორწილი ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა. მისი რჩეული ებრაული წარმოშობის ფრანგი ჟურნალისტი, კინორეჟისორ-დოკუმენტალისტი რაფაელ გლუკსმანი აღმოჩნდა.
ცნობილია ისიც, რომ ქორწილს ბევრი გავლენიანი მაღალჩინოსანი ესწრებოდა.
რაფაელი ცნობილი ფილოსოფოსისა და მწერლის ანდრეი გლუკსმანის შვილია. გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმი "დახოცეთ ყველა", რომელიც რუანდაში მომხდარ გენოციდს ეძღვნება და ასევე ფილმი უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის შესახებ.
მას შემდეგ, რაც ეკა მინისტრის მოვალეობას ასრულებს, სოციალურ ქსელში აქტიურად ინტერესდებიან, რის შეცვლას მოახერხებს რეალურად N1 პოლიციელი ქალბატონი იმის გათვალისწინებით, როცა მისი მეუღლე პრეზიდენტთან დაახლოებული პირი, საქართველოს უშიშროების საბჭოს კონსულტანტია და გასულ წელს ხელფასის სახით 48 ათასი ლარი მიიღო. ის წლების განმავლობაში გახლდათ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი.
ბოლო პერიოდში ეკამ კიდევ ერთხელ მიიქცია საზოგადოების ყურადღება, როდესაც მინისტრის რანგში წარდგენისას პირველივე ბრიფინგზე განაცხადა, რომ 18 წლის წინ პოლიციის მხრიდან თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი, თუმცა საზოგადოებამ ამ სკანდალური განცხადების მეტი ვერაფერი შეიტყო - ეკა ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებს და არც აკონკრეტებს, კერძოდ რა ძალადობაზე იყო საუბარი. ქალბატონ მინისტრს მეორე მეუღლესთან ერთი ვაჟი ჰყავს. გეგა ფალავანდიშვილთან მას შვილი არ ჰყოლია.
(გამოდის ორშაბათობით)