"ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე მერვე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 ავტომობილის თანხლებით მივიდა და "ნაციონალების" ორი მხარდამჭერი სასტიკად სცემა, - ამის შესახებ თაქთაქიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ნაცემი აქტივისტები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საზოგადოებას ინფორმაცია უახლოეს პერიოდში მიეწოდება.
"აღმაშფოთებელია, რომ ამგვარი ფაქტები უშუალოდ "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან ფიქსირდება", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
მისი თქმით, არსებობს ფიზიკური შეურაცხყოფის სხვა ფაქტებიც. "ფოთში, საარჩევნო უბანზე N7 "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსს გრიგოლ ღვანიას "ქართული ოცნების" 30-მდე აქტივისტმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.