ფილარმონიასთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. მიტინგის დასაწყისში ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს საკუთარი მოთხოვნები და დააყენეს აღმასრულებელი ხელისუფლების გადადგომის და იმ თანამდებობის პირების დასჯის საკითხი, რომლებსაც პატიმართა წამებაში მიუძღვით ბრალი. ამასთან, გააჟღერეს ციხეებში 24-საათიანი მონიტორინგის დაწესების მოთხოვნა, რომლის უფლებაც არასამთავრობო ორგანიზაციებს მიენიჭებათ.
გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორებმა შს სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერებიც შეაფასეს, რომლებიც "კანონიერი ქურდების" გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირს შეეხება. ახალგაზრდების შეფასებით, ეს არის ხელისუფლების ბინძური კამპანია, რომლის მიზანია, საზოგადოების ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, რათა მათ ახალგაზრდების მოთხოვნები არ შეასრულონ. აღნიშნულ კონტექსტში აქციის ორგანიზატორებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, არ დაიჯერონ იმ ინფორმაციის, რომელსაც ოფიციალური უწყება ავრცელებს.
"ეს ბინძური კამპანიაა, თითქოს საქართველოში "კანონიერი ქურდები" თარეშობენ ან იგეგმება სამომავლოდ მათი საქართველოში დაბრუნება. ეს ემსახურება მხოლოდ იმას, რომ საზოგადოების ყურადღება სხვა რამეზე იყოს გადატანილი, რათა ჩვენი მოთხოვნები არ შეასრულონ და სისხლის სამართლის საქმე არ აღძრან იმ პირების წინააღმდეგ, რომელთაც პატიმართა წამებაში მიუძღვით ბრალი. ჩვენ ხელისუფლებას ამის უფლებას არ მივცემთ. სააკაშვილს პირველში ყველა ერთად ბუნტს გამოვუცხადებთ არჩევნებზე მისვლით", - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე კობაიძემ.
მისივე თქმით, პატიმართა ოჯახის წევრების განცხადებით, ციხეში მყოფ მათ ნათესავებს ისევ გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა და დახმარებას სტუდენტობას სთხოვენ. "ჩვენ ისევ გვიკავშირდებიან პატიმართა ოჯახის წევრები და ამბობენ, რომ მათ შვილებს და ძმებს ისევ მძიმე მდგომარეობაში უწევთ ყოფნა და მათთვის არაფერი შეცვლილა. ამიტომაც მოგიწოდებთ, ვიყოთ პრინციპულები და ყოველდღიურად აქციების რეჟიმში ყოფნა ჩვენს მოვალეობად ვაქციოთ", - აღნიშნა კობაიძემ.