მთელი დღე ჩემს თავს ვეკითხები, რამ გამოიყვანა ქუჩაში ამდენი ხალხი. სხვადასხვა ციფრებს მეუბნებიან, მეუბნებიან, რომ მილიონამდე ადამიანი იყო გამოსული , არასოდეს ჩვენს ისტორიაში, არც ეროვნული მოძრაობის და არც ვარდების რევოლუციის დროს, ამდენი ხალხი ერთად არ დამდგარა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე განაცხადა.
მისი თქმით, პირევლი ოქტომბერი არის რეფერენდუმი იმაზე, "გვინდა თუ არა თავისუფლება და გვინდა თუ არა მომავალი".
"აქ უკვე აღარ არსებობს პარტიული დაყოფა. ჩვენ გვინდა თავისუფლება და მომავალი ჩვენი შვილებისთვის და ამას გავაკეთებთ. ჩვენმა მტერმა მოახდინა მთელი მობილიზაცია. 2 მილიონი შემოყარა რამდენიმე თვის წინ, ბოლო ფალავანი შემოყარა და რაც ომით და ემბარგოთი ვერ მიაღწია გადაწყვიტა, რომ არჩევნებზე მიაღწიოს, მაგრამ საქართველო ჟინჟილაკებზე არ იყიდება", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე არის პასუხი სიცრუეზე, რომ ქართველებს აღარ სურთ თავისუფლება.
"ასევე, დღევანდელი დღე არის პასუხი ლობისტებზე, რომლებიც რუსულ ფულს ხარჯავენ, რომ საქართველო სხვანაირი დაანახონ. ყოველთვის შეიძლება მოისყიდო ცალკეული ქართველები და უცხოელებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში არც საქართველო და არც დემოკრატია არ გაიყიდება, ჩვენ გავხდებით დემოკრატიული სამყაროს განსაკუთრებული ნაწილი. ეს მართლა რუბიკონია, რადგან პირველი ოქტომბერი იმ ძალების ბოლო გაბრძოლებაა, ვისაც საქართველოს უკან დაბრუნება უნდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, 90-იან წლებში რუსთავს გადაშენება ემუქრებოდა, თუმცა მისი აღმშენებლობა დაიწყო, რაც ბოლომდე იქნება მიყვანილი.