კახეთში მოსულმა ძლიერმა წვიმამ გურჯაანის რაიონი დააზარალა. გურჯაანში, ფალიაშვილისა და 9 აპრილის ქუჩებზე რამდენიმე ათეული სახლის პირველი სართული და სარდაფები დაიტბორა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სტიქიის შედეგად წყალმა მოსახლეობას გაუნადგურა პროდუქტიც. გურჯაანში მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურები, რომლებიც საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვით და გზის გაწმენდითი სამუშაოებით არიან დაკავებულნი.
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულია მდინარეები ახტალა და ნავთისხევი, რამაც გურჯაანი-თბილისის მთავარ მაგისტრალზე მოძრაობა შეაფერხა.
ამასთან, რეგიონის ყველა მდინარესა და ხევში მომატებულია წყლის დონე. ამ დროისთვის კახეთის რვავე რაიონში ისევ წვიმს.