მოლდოვა მოხიბლულია იმ რეფორმებით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა იური ლიანკამ თავის ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლიანკას განცხადებით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განიხილეს ის პრობლემები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში აქვს ორ ქვეყანას. მისი თქმით, ორივე ქვეყანა ერთი და იგივე პრობლემის წინაშე დგას.
გარდა ამისა, მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ვიზიტის მიზანია ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს. ასევე, მოლდოვის დელეგაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმებს სწავლობს.
"მინდა საქართველოს მივულოცო რეფორმების წარმატებით განხორციელება. ბევრი მსმენია ქართული რეფორმების შესახებ, თუმცა საკუთარი თვალით ნანახი სულ სხვაა. მოლდოვის დელეგაცია მოხიბლულია ამ რეფორმებით, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს შეეხება პოლიციას, საბაჟოს, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია", - განაცხადა იური ლიანკამ.
მანვე განაცხადა, რომ მოლდოვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას და აღნიშნა, რომ იგივე მხარდაჭერას უცხადებს თბილისი კიშინიოვს.
გრიგოლ ვაშაძემ კი აღნიშნა, რომ მოლდოვა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა და თავის კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით იმ რეზოლუციის დამტკიცებისას, რომელიც ეუთო-მ გუშინ მიიღო.