ლაშა ჯუხარაშვილი საზოგადოებამ "მამაკაცის სურნელით" გაიცნო. ეს არის წიგნი, რომელიც ლაშამ ლალი მოროშკინასთან ერთად დაწერა. ოცი წლით უფროს, ლამაზ ქალბატონთან ერთად წიგნის დაწერას, რა თქმა უნდა, შესაბამისი ჭორებიც მოჰყვა, თუმცა ლალი და ლაშა დღემდე ამტკიცებენ, რომ ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა შესაძლებელია... რაც დრო გადის, ლაშა სულ უფრო ცნობილი ხდება. წარმატებას რომ მიაღწიოს, ბევრს შრომობს. "გოგონა გარეუბნიდან"–ის განახლებულ ვერსიაში სანდრო კანდელაკის როლს ასრულებს. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ახალი სამსახური დაიწყო. ლაშას სწორედ ამ ახალ სამსახურში შევხვდი.
- სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ბავშვთა და ახალგაზრდულ ცენტრში ვმუშაობ, პროექტების მენეჯერი ვარ. ვქმნით ხელოვნების სახლს, თეატრს. გვინდა, ახალგაზრდებს გემოვნება ჩამოვუყალიბოთ.
- რამდენი წლის ხარ?
- 21-ის. თანამდებობისთვის შეუფერებელი ასაკი მაქვს, ხომ (იცინის). ამ სამსახურში ჩვეულებრივად მოვხვდი. "სივი" გავაგზავნე, გასაუბრებაზე დამიბარეს, რამდენჯერმე მოვედი და ამიყვანეს სამსახურში. რამდენ ხანს დავრჩები, არ ვიცი. თუმცა მინდა ვთქვა, რომ კარგი სამსახურია, ხელოვნების სფერო ძალიან მაინტერესებს.
- როგორც ვიცი, ხარ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი და სერიალ "გოგონა გარეუბნიდან მედიარში" თამაშობ. ერთდროულად ამდენი საქმე ხელს არ გიშლის სწავლაში?
- რთულია, მაგრამ მთავარია, დრო სწორად გაანაწილო. სერიალში თამაშიც მომწონს და იმ საქმემაც ძალიან გამიტაცა, რასაც ახალგაზრდულ ცენტრში ვაკეთებ. თეატრალურში მესამე კურსზე ვარ და გამოცდები უკვე ჩავაბარე.
- შენი პოპულარობა დაიწყო წიგნით "მამაკაცის სურნელი", რომელიც შენ და ლალი მოროშკინამ ერთად დაწერეთ. როგორ ფიქრობ, ასეთმა სკანდალურმა პიარმა ხომ არ შეუწყო ხელი შენს წარმატებას?
- თავს წარმატებულად არ მივიჩნევ. ეპატაჟურად იმიტომ არ მოვქცეულვარ, რომ სამსახურში წარმატებისთვის მიმეღწია. ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობები, რაც 21 წლის ასაკში გამაჩნია, მაქსიმალურად გამოვიყენო. მიხარია, რომ დღესაც ამ წიგნზე ლაპარაკობენ. ე.ი. ხალხს აინტერესებს ეს წიგნი. "იმედში" სერიალში იმიტომ არ ავუყვანივართ, რომ ლალისთან ერთად წიგნი დავწერე. სერიალის კასტინგზე რომ მივედი, არავინ იცოდა, ვინ ვიყავი.
- შეგიძლია გულახდილად გვითხრა, ლალი მოროშკინა მოგწონს?
- სიტყვა მომწონს ზოგადი ცნებაა. მომწონს, რომ კარგი ადამიანია, მომწონს, რომ ჭკვიანია და მეგობრული.
- როგორც ქალი?
- მშვენიერი ქალბატონია.
- იმ ჭორებზე რას იტყვი, რაც თქვენზე აგორდა?
- მხოლოდ ჭორები იყო და მეტი არაფერი. მე და ლალი დღესაც კარგი მეგობრები ვართ.
- როგორც ვიცი, ბაბუაშენი მოძღვარია. ოჯახში შენი და ლალის წიგნის პიარს როგორი რეაქცია მოჰყვა?
- ოჯახში ჩემი საქციელის გამო პრობლემა არასდროს შემქმნია. ყველამ ზუსტად იცოდა, რომ ცუდს არაფერს გავაკეთებდი. თანაც, წიგნის პიარში ცუდი არაფერი ყოფილა.
- ახერხებ ეკლესიურად ცხოვრებას?
- ყველა მეუბნება, ბაბუა მოძღვარი გყავს და შენ რატომ არ ხარ ეკლესიურიო. მარხვის შენახვას ვერ ვახერხებ. ისეთი დატვირთული რეჟიმი მაქვს, რომ შეიძლება, ქუჩაში მომიწიოს ჭამამ. ამ დრო კი ვერ გააკონტროლებ, რომ ყოველთვის სამარხვო რამე იყიდო, თუმცა ტაძარშიც დავდივარ და ღმერთისაც მწამს.
- სერიალში "გოგონა გარეუბნიდან მედიარი" შენს გმირზე რას გვეტყვი?
- სანდრო კანდელაკი ძალიან შემიყვარდა. სიამოვნებით ვიმეგობრებდი ასეთ ადამიანთან. ცოტა ჩამოუყალიბებელია სიყვარულის ამბავში, თუმცა განათლებულია, პროფესიონალი ექიმია და მძიმე წარსული აქვს. გადასაღებ მოედანზე რომ მივდივარ, გრიმს რომ მიკეთებენ და ექიმის ფორმას ვიცვამ, უკვე სანდრო ვხდები. სანდრო ცოტათი მგავს კიდეც. იმიტომაც გავუგე და შემიყვარდა.
- რა მსგავსებაა შენსა და სანდროს შორის?
- ალბათ იმით ვგავართ, რომ ისიც მიზანდასახულია. სანდრო ჩემზე ბევრად განათლებულია და მიხარია, რომ განათლებული ადამიანის თამაში მიწევს. ამ როლზე მუშაობისას ვისწავლე წნევის გაზომვა. თუ ვინმეს დასჭირდა, დიდი სიამოვნებით გამოვიყენებ ჩემს ცოდნას.
- გავიგე, რომ გყავს შეყვარებული.
- სიყვარულზე, როგორც წესი, არ ვლაპარაკობ.
- დაოჯახებას ხომ არ აპირებ?
- ჯერ ვერ დავოჯახდები. ფინანსურად მყარად არ ვარ. ბუნებით რომანტიკოსი ვარ. ოჯახი ჩემთვის მყუდრო სახლია. არ მესმის, ორმოცი წლის კაცი სახლში რომ ზის და ამბობს, სამსახური არ მაქვს, რა უბედურებააო. ხელი გაანძრიე და ცხოვრებაში ყველაფერი გექნება.
- საუბარი დავიწყეთ იმით, რომ ძალიან დაკავებული ხარ. სწავლობ და ორ ადგილას მუშაობ. წერისთვის დრო გრჩება?
- მუშაობის პროცესში, როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება, რაღაც ფრაზები მომიფრინდება ხოლმე თავში და ძალიან მალე მიფრინავს, თუ არ ჩავწერე, ვეღარ ვიხსენებ.
- ბოლოს რა ფრაზა მოგიფრინდა თავში?
- სულ რაღაც ერთი სათის წინ ფურცელზე ფანქრით ჩავინიშნე:
"სფინქსის ბურუსით გაბრუებული, ვბრუნდები ჰოტელს,
ვაწყდები თვალებს, საოცრად დაღლილს"
ცოტა ხნის წინ ეგვიპტეში ვიყავი. იქ გადაღებულ ფოტოებს რომ ვათვალიერებდი, ეს განცდა დამეუფლა. ზუსტად არ მახსოვს, გაგრძელება როგორაა, მაგრამ ლექსი არის ქალზე, რომელიც ეგვიპტეში მოგზაურობისას გავიცანი.
- ვინაა გოგონა, რომელსაც ეგვიპტიდან დაბრუნებულმა ლექსი მიუძღვენი?
- ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვიყავით. ის ეგვიპტელია. ერთმანეთს იმ სასტუმროში შევხვდით, სადაც ჩემს შვიდ მეგობართან ერთად ვისვენებდი, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. დავიმხეთ ყველაფერი თავზე. ისიც ჩვენს სამეგობრო წრეში შემოიჭრა. ფატიმა ერქვა. სოციალური ქსელით დღესაც ვაგრძელებთ მეგობრობას. ჩვენ შორის მხოლოდ მეგობრობა იყო. სხვა რამ რომ მოჰყოლოდა ჩვენს ურთიერთობას, მოკლავდნენ იმ საცოდავს, მუსლიმანია.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)