ამჯერად "ჩემი ცოლის დაქალების" ქმარი ლევან ყოჩიაშვილი და მისი ნამდვილი მეუღლე მარინა ყაჭაშვილი დავკითხეთ. წყვილის ქორწინება 15 წელს ითვლის. მარინა უცხო ენების სპეციალისტია. ამჯერად დედობაა მისი ძირითადი პროფესია. წყვილს ორი შვილი ჰყავს, 13 წლის კესარია და 5 წლის ვასიკო. ცოლ-ქმარი რედაქციაში გვესტუმრა. ჯერ მარინა დავკითხეთ და მერე უფლება მივეცით, ქმრის ინტერვიუს დასწრებოდა, კარნახისა და მინიშნებების გარეშე. თუმცა ერთხელ მაინც მოუხდა პირობის დარღვევა, ქმრის რომელი პასუხი გააპროტესტა მარინამ, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
- სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?
მარინა:
- მე და ლევანი ერთი რაიონიდან ვართ, დედოფლისწყაროდან. ლევანი დედაჩემთან მოვიდა მოსამზადებლად ინგლისურში. იქ ვნახე პირველად. გავიცანით ერთმანეთი, დავმეგობრდით და დაიწყო და დაიწყო.
- ერთად ხომ არ ისხედით გაკვეთილზე?
- არა, მე ლევანზე უფროსი ვარ.
ლევანი:
- მარინას დედა უცხო ენების სპეციალისტია. ბავშვებს ამზადებდა. ჩემებმა მასთან მიმიყვანეს მოსამზადებლად. იქ შევხვდი პირველად მარინას.
- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ პირველად მასზე, რით მოგხიბლათ. როგორ გგონიათ, თქვენზე რა წარმოდგენა შეექმნა მას?
მარინა:
- სერიოზული, სიმპათიური და მამაკაცური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარა იყო, ამ მხრივ თანატოლი ბიჭებისგან გამოირჩეოდა. მასაც მოვეწონე. ეს იმთავითვე იგრძნობოდა.
ლევანი:
- პირველივე ნახვით მომეწონა და მას მერე სულ მომწონს. მასაც მოვეწონე მგონი (იღიმება). ეს გამოხედვაშიც ჩანდა და საქციელშიც.
- ქორწინების თარიღი?
მარინა:
- ზუსტად არ მახსოვს. 15 წლის წინ იყო ეს ყველაფერი. ვხვდებოდით ერთმანეთს, დაიწყო შეყვარებულობის ხანა. ხან ვახერხებდით შეხვედრას, ხან - ვერა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობების შესახებ ჩვენმა მშობლებმა იცოდნენ, ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტეთ გავპარულიყავით და დავქორწინებულიყავით. მაშინ ლევანი სტუდენტი იყო. ხელი ცოტა მოგვიანებით მოვაწერეთ, პირველი შვილი, კესო, გვყავდა უკვე.
ლევანი:
- არ მახსოვს, 1998 წელი იყო, ხელი რომ მოვაწერეთ. ჯვარი დღემდე არ დაგვიწერია.
- ვინ გამოტყდა პირველი სიყვარულში?
მარინა:
- ლევანი. მაშინ მობილურები არ იყო, სახლის ტელეფონზე დამირეკა და გამომიტყდა გრძნობაში.
ლევანი:
- (დიდხანს ფიქრობს) მგონი, მარინა.
მარინა:
- მე?!
ლევანი:
- არა? მოიცა (ფიქრობს)!
- ძალიან მარტივი შეკითხვაა, უფრო რთულებიც მაქვს.
- (იცინიან) მგონი, მე გამოვტყდი. თუ არ ვცდები დედოფლისწყაროს რკინიგზის სადგურთან სკვერში გავუმხილე ჩემი გრძნობების შესახებ. მაშინვე დავითანხმე.
- თუ იცით, რამდენჯერ ჰყვარებია თქვენამდე? თქვენ?
მარინა:
- ერთხელ. მე ლევანიმდე სერიოზული გრძნობა არ მქონია. მგონია, რომ ლევანიც იმავეს იტყვის, რადგან მისი პირველი გატაცება ბავშვური იყო.
ლევანი:
- მგონი არ ჰყვარებია. მერვე კლასიდან გავიცანი მარინა, ვინ უნდა მყვარებოდა მანამდე. მას მერე ერთად მოვდივართ, გასათხოვარი შვილი გვყავს უკვე.
- როცა რაიმეზე ვერ თანხმდებით, ვინ თმობს უფრო ხშირად?
მარინა:
- მე. ვჩუმდები და მთავრდება კამათი. სიჩუმე ჩემი იარაღია. თან მე უფრო დამთმობი ვარ ხასიათით. ლევანს, როგორც ყველა ხელოვანს, ხელშეწყობა სჭირდება. ოჯახის წევრები ვცდილობთ, ყველანაირად შევუწყოთ ხელი.
ლევანი:
- მარინა. ვუფრთხილდებით ერთმანეთს. ხან მე ვთმობ და ხან მარინა. უბრალოდ, უფრო ხშირად მარინა თმობს. ეტყობა, ის უფრო მიფრთხილდება (იღიმება).
- ბოლოს რაზე იკამათეთ?
მარინა:
- წამოსვლის წინ მანქანაში ვიკამათეთ. ლევანი ძალიან პუნქტუალურია, არ უყვარს, როცა სადმე აგვიანებს. მე დავაგვიანე და სახლში რომ არ დავხვდი თავის დროზე, ამაზე გამიბრაზდა.
ლევანი:
- ახლა მანქანაში ვიკამათეთ მსუბუქად, არ ჩაგვიხოცია ერთმანეთი. დააგვიანა და ამაზე გავუბრაზდი. არ მიყვარს, როცა მელოდებიან. მირჩევნია, ადრე მივიდე. მეგონა მაგვიანდებოდა და თურმე ვცდებოდი. ისედაც, როცა სადმე მივდივართ, ხომ შეიძლება ორი საათით ადრე დაიწყოს მომზადება. ეს იმ დროს იწყებს, როცა უკვე უნდა გავიდეთ.
- რა არ მოგწონთ ერთმანეთის ხასიათში, რას საყვედურობთ ერთმანეთს?
მარინა:
- უცბად იცის აფეთქება. შეიძლება, მართლა გასაბრაზებელი რამ ისე გაატაროს, არც მიაქციოს ყურადღება და უმნიშვნელო რამეზე უცბად აფეთქდეს. ეს არ მომწონს. მას რა არ მოსწონს? არ ვარ ისეთი მოწესრიგებული, როგორიც ლევანი. მის ნივთებს არ უნდა შეეხო. თუ შეეხები, აუცილებლად თავის ადგილას უნდა დადო. ზოგადად უწესრიგობასაც ვერ იტანს.
ლევანი:
- არაპუნქტუალურობა და უწესრიგობა არ მომწონს.
- მარინა მოუწესრიგებელია?
- მოუწესრიგებელი აქვს ნივთები. ცოტა უყურადღებოც არის. მარინას არ მოსწონს, როცა წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნებს ვაძლევ, ჩემი ზედმეტად მოწესრიგებულობა აღიზიანებს.
- რაზე წუწუნებს ხშირად? თქვენ?
მარინა:
- ადამიანი ხომ ასეა მოწყობილი, რაც მეტ ყურადღებას აქცევ, მით მეტს ითხოვს. ლევანს ჰგონია, რომ სათანადოდ არ ვაქცევ ყურადღებას, ძალიან მომთხოვნია. მე არ ვარ წუწუნა.
ლევანი:
- არ არის ეგეთი ტიპი. არაფერზე არ წუწუნებს. მე უფრო მახასიათებს წუწუნი, ჭირვეული ვარ. მეტ ყურადღებას ვითხოვ, მაგრამ მავიწყდება, რომ ორი შვილი გვყავს და მათაც სჭირდებათ ყურადღება. ამ საკითხში არ ვარ მართალი.
- რისი ფობია აქვს? თქვენ?
მარინა:
- სიმაღლის ეშინია. მე წყლის შიში მაქვს.
ლევანი:
- თაგვის ეშინია, ჭექა-ქუხილის, წყლის. მე სიმაღლის მეშინია, ფრენის.
- როდის აქვს დაბადების დღე? თქვენ?
მარინა:
- 23 თებერვალს. მე - 29 ივლისს.
ლევანი:
- 29 ივლისს. მე 26 თებერვალს.
- რა აჩუქეთ ბოლოს დაბადების დღეზე? მან რა გისახსოვრათ?
მარინა:
- სუნამო. გიჟდება სუნამოებზე. ლევანმა (ფიქრობს) ორიგინალური ლარნაკი მაჩუქა, იცის, რომ მიყვარს. ფულიც მაჩუქა და ლარნაკიც.
ლევანი:
- ლარნაკი მომეწონა მაღაზიაში, შავ-წითელ ფერებში იყო და ის ვუყიდე. ვიცი, რომ ლარნაკები უყვარს. საშაქრეებიც კი საყვავილეებად გვაქვს ოჯახში ქცეული (იცინის). მარინამ სუნამო მაჩუქა, მგონი.
- მისი საყვარელი კერძი? თქვენი?
მარინა:
- სალათებიც უყვარს და ხორცეულიც, თუმცა ჭამაზე გაგიჟებული არ არის. მეც არ ვარ დიდი გურმანი. ერთადერთი, რასაც ვერ ვიტან, არის ბადრიჯანი, არასდროს მიჭამია. დანარჩენს ცოტა-ცოტას ყველაფერს ვჭამ. ლევანს, მგონი, მწვანე ლობიო არ უყვარს.
ლევანი:
- მწვადი და ხინკალი უყვარს. მე, გაგეცინებათ, და ბოსტნეულით ვიკვებები, ქათმის ხორცი და მაიონეზი მიყვარს, ერთი სიტყვით, სალათები.
- ვის ელაპარაკება მობილური ტელეფონით დღის განმავლობაში ხშირად? თქვენ?
მარინა:
- დღის განმავლობაში საერთოდ ვერ ვხედავ. შაბათსაც აქვს გადაღებები ზოგჯერ. ისე უყვარს მობილურით ლაპარაკი, თანამშრომლებს ესაუბრება, მშობლებს. მე მეგობრებს ვესაუბრები.
- ლევანს არა?
- ლევანთან არ ვრეკავ. ვიცი, რომ მთელი დღის განმავლობაში დაკავებულია და როცა მოიცლის თვითონ რეკავს.
ლევანი:
- ვაიმეეე... მამიდას ელაპარაკება და ძალიან მაინტერესებს, რას ლაპარაკობენ ამდენს, რა აქვთ ასეთი სალაპარაკო. თან ნამდვილი მამიდაც არ არის, მამიდის მეგობარია ის ქალი. მე არ მიყვარს ტელეფონზე ლაპარაკი. დედაჩემი სულ მეჩხუბება, ხომ შეიძლება, ერთხელ ნორმალურად დამელაპარაკო, კითხვებზე პასუხი გამცეო.
- ეჭვიანია? შენ?
მარინა:
- ისე რა. ძირითადად ჩემს უყურადღებობაზე ეჭვიანობს. სხვა არაფერზე, არ ერევა ჩემი ჩაცმის სტილში, არც ჩემს მობილურში იხედება ჩემ დაუკითხავად. არც მე გამიკეთებია ეს. უკვე იმდენი წელი გავიდა, იმდენად კარგად ვიცნობთ ერთმანეთს...
- არც სერიალის ცოლზე არ ეჭვიანობ?
- არა (იღიმება). მსახიობს ცოლად რომ მივყვებოდი, ზუსტად ვიცოდი, მსგავს სცენებში თამაშიც რომ მოუწევდა. თან ანის კარგად ვიცნობ, არაჩვეულებრივი გოგოა.
ლევანი:
- საერთოდ არ არის ეჭვიანი, ბოლომდე ვენდობით ერთმანეთს. გამორიცხულია, რაიმეზე ვიეჭვიანო. მისი ჩაცმის სტილშიც არასდროს ჩავრეულვარ.
- რა მეტსახელით მიმართავთ ერთმანეთს?
მარინა:
- არა, არ მახსენდება.
ლევანი:
- არ მიყვარს მეტსახელები. ადრე კი ვეძახდი "წრუწუნას", "გოჭს", ახლა ნაკლებად. ჩემთვის ჯერ არაფერი შეურქმევია მარინას.
- რა აღიზიანებს საწინააღმდეგო სქესში? თქვენ?
მარინა:
- ვულგარული ქალები არ მოსწონს. მე ძუნწი კაცები არ მომწონს, ყველაფერზე გამოკიდება რომ იციან. რომ გითვლიან, რაში რამდენი გადაიხადე და ჯიბეში ხელის ჩაყოფა რომ არ უყვართ.
ლევანი:
- უყურადღებო, გაფანტული, მოუწესრიგებელი ქალები არ მომწონს. გარეგნობაზე დიდი გართულება არ მაქვს. მარინას გაუთავებელი სმა აღიზიანებს კაცებში და მართალიც არის.
- არც თქვენ მოგწონთ გაუთავებელი სმა?
- მე მომწონს, მაგრამ ძალიან მღლის. ვიღაცამ ხომ უნდა გაგაჩეროს. ეს ვიღაც მარინაა და მადლობელი ვარ მისი.
- რაში არ ენანება ფული? თქვენ?
მარინა:
- მეოჯახე ტიპია. ოჯახისთვის არაფერში ენანება ფული, არც მეგობრებში. მაღაზიებში სიარული არ უყვარს. შოპინგი რა არის, არ იცის. ტანსაცმელსაც მე ვყიდულობ. მე ადრე უფრო მიყვარდა ტანსაცმლისა და ჩანთების ყიდვა. ახლა საჭიროების მიხედვით მივდივარ ასეთ მაღაზიებში.
ლევანი:
- ტანსაცმელი უყვარს და აქსესუარები ოჯახისთვის. მე (ცოლს გადახედა - ავტ.), გამყიდე უკვე, ხომ? მანქანის ნაწილებისთვის არ მენანება ფული. ვყიდულობ უმიზეზოდ ნაწილს, მგონია, რომ ის არის გაფუჭებული, ვცვლი ამ ნაწილს, აღმოჩნდება, რომ არ ყოფილა იმის ბრალი, ვიწყებ ახალი, ვითომ გაფუჭებული ნაწილის ძიებას. სხვა თუ იღლება ასეთ სიტუაციაში, მე ვისვენებ, ისე მსიამოვნებს ეს პროცესი.
მარინა:
- მე სულ დამავიწყდა, ეგ რომ მომეყოლა.
- როგორ გგონიათ, რამდენი პროცენტით დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?
მარინა:
- ალბათ 80%-ით,.
ლევანი:
- ალბათ 70%-ით.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)