აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს სირიის ხელისუფლებისთვის იარაღის მიყიდვა, ხოლო ჩინეთსა და ინდოეთს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას ურჩევს.
"გვინდა, რომ რუსეთმა შეაჩეროს ასადის რეჟიმისთვის იარაღის მიყიდვა, ასევე გვურს, რომ ჩინეთმა ჩვენთან ითანამშრომლოს, ხოლო ინდოეთი სირიის რეჟიმზე ზეწოლის პროცესში ჩაერთოს, მით უმეტეს, რომ ეს ქვეყნები სირიის ეკონომიკის უმსხვილესი ინვესტორები არიან", - განაცხადა კლინტონმა.
კლინტონმა განმარტა, რომ აშშ სირიის პრეზიდენტს თანამდებობის დატოვებისკენ არ მოუწოდებს, ვინაიდან სხვა ქვეყნები ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ჯერ მზად არ არიან.
ობამას ადმინისტრიცია ამ ეტაპზე სირიის წინააღმდეგ მხოლოდ რეპლიკებით შემოიფარგლება. "სირიელი ხალხი ასადის რეჟიმის გარეშე უკეთ იცხოვრებს", - ასეთი განცხადება გააკეთა თეთრის სახლის წარმომადგენელმა.
თავად კლინტონი კი აცხადებს, რომ ამერიკა პირველი იყო, ვინც ასადის ხელისუფლება არალეგიტიმურად გამოაცხადა.
ოფიციალური მონაცემებით, სირიაში მიმდინარე პროცესებს დღემდე 340 ადამიანი ემსხვერპლა.
მომზადებულია cbsnews.com-ის მიხედვით.