"ჯაბას მდგომარეობა ისევ და ისევ მძიმე და დაძაბულია. გაზაფხულზე, როცა ბუნება იღვიძებს და ადამიანის ორგანიზმში ქრონიკული დაავადებები აქტიურდება და ასეა მისი დაავადებაც. ბუნების ცვალებადობა ისეთ პაციენტებზე, ვისაც ეპილეფსია აქვს, კიდევ უმძიმესად მოქმედებს", - გვეუბნება შშმ პირის, მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტის მამა, თავადაც შშმ პირი გოგიტა მურცხვალაძე.
- ეპილეფსიის დროს, ჯაბა როცა კრუნჩხვაში ვარდება, მომენტალურად მისი თვალებით, სახის გამომეტყველებით ვხდებით ხოლმე და მაშინვე ხელს შევაშველებთ, რომ არ დაეცეს. ახლა ისეთი გულყრა დაეწყო, წამიერად ითიშება, ძირს ვარდება. თუ იმ წუთას არ ზის ეტლზე ან დივანზე, იატაკზე ვარდება და შესაძლოა ფილას თავიც დაარტყას. რამდენჯერმე, შეიძლება ითქვას, მშობლებმა სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ, ენით აუწერელ დღეში აღმოვჩნდით. ყველანაირად ვცდილობთ, ხალხური მედიცინა იქნება თუ მედიკამენტები, შესაძლებლობის ფარგლებში, არაფერი დავაკლოთ. ეს იმისთვის, რომ ეპილეფსია რამენაირად შემცირდეს.
- სულ არ შემცირდა?
- ადრე ჰქონდა "სალმის ტიპის“ გულყრა, რაც დღეში 20-25-ჯერ ემართებოდა. ხალხური მედიცინის დამსახურებით, ეს რიცხვი შემცირდა, 20-25-ჯერ აღარ ემართება, მაგრამ გართულებული მდგომარეობით აქვს - ტანის გრეხით, ღმუილით, პირიდან ქაფით...
ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდით. ამისთვის გვჭირდება ძვირად ღირებული მედიკამენტები, კვლევები... ამ ყველაფრის შემსუბუქებაა საჭირო, რომ რაღაცნაირად ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ და ამისთვის ყველაფერს ვცდილობთ.
- თქვენ თვითონ როგორ გრძნობთ თავს. ჯანმრთელობის პრობლემები თქვენც გქონდათ, ხომ?
- ჩემს ინსულტთან, დიაბეტთან ერთად, აზოტიც აღმომაჩნდა - მეც ძალიან მიჭირს ჯანმრთელობა. ადრეც გითხარით, რომ ამ ყველაფრის გამო სიარული 2 ჯოხის დახმარებით მჭირდება. სიარულთან დაკავშირებით დიდი პრობლემა შემექმნა... არადა, 2006 წელს თბილისიდან ბათუმამდე ფეხით მსვლელობა მქონდა... სწრაფად მოსიარულე ადამიანი ვიყავი და ჩემთვის ლოგინად ჩავარდნა სიკვდილის ტოლფასი იქნება, რადგან ჯაბას პატრონი მე და ჩემი მეუღლე ვართ. არადა, ძალიან მიჭირს გადაადგილება.
2 წელიწად-ნახევარი, თუ მეტი არა, აჭარის ხელისუფლებას, ქალაქის მერიას ადაპტირებულ ლიფტის დამონტაჟებას ვთხოვდი, რადგან ჩემი შვილის გაყვანა გარეთ დიდი ამბავია. ამაში ადამიანების დახმარება მჭირდება. ამ მძიმე პაციენტს ჰაერი განსაკუთრებით ესაჭიროება... ადაპტირებულ ლიფტს თითქოს შემპირდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც უარი მივიღე. ლიფტი არ გაკეთდა.
- და რას აპირებთ?
- რადგან ასეა, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, ლეჩხუმში წავიდეთ. წარმოშობით ცაგერის რაიონის სოფელ ჩხუტელიდან ვარ. ბათუმი და ბათუმში ცხოვრება კარგია, მაგრამ შვილის მეოთხე სართულიდან ეზოში ჩაყვანას, ფაქტობრივად, ვერ ვახერხებთ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასწრაფოდაა კლინიკაში წასაყვანი. მაგ დროს ხან ვის ვემუდარები, დამეხმარეთ, მეოთხე სართულიდან ჩამაყვანინეთ ჯაბა და ხან - ვის, მერე ამაყვანინეთ-თქო. იქ, სოფელში, დაბალი, ერთსართულიანი სახლი გვაქვს. მინდა, იმ კიბის მაგივრად ადაპტირებული შესასვლელი გავუკეთოთ, რომ ეზოში მაინც გადაადგილდეს. ნებისმიერი დამეთანხმება, რომ მისთვის ეს საუკეთესო იქნება...
- ბინა რომ გაგეყიდათ ბათუმში და კერძო სახლი შეგეძინათ?
- გაყიდვაც ვიფიქრეთ, გაცვლაც, მაგრამ როგორ არის, იცით? რომ იგებენ, შშმ პირის ოჯახია, ვაიმე, ჩემს შვილებს არაფერი დაემართოთ, - ფიქრობენ. თითქოს ეს გადამდები ავადმყოფობა იყოს. როგორც კი ჩვენს მდგომარეობას გაიგებენ, გარბიან. მოკლედ, ასეა საქმე.
ამ მთავრობასაც აქ ამ პრეცედენტის დაშვებაც არ უნდოდათ. ჩვენ შემთხვევაში ლიფტი რომ დაემონტაჟებინათ, ალბათ ფიქრობენ, მერე სხვასაც რომ მოეთქვა კიდევ სურვილი. დეპუტატ რატი იონათამიშვილსაც გავუგზავნე წერილი, ვურეკავდი, მესიჯებსაც ვწერდი, მაგრამ საერთოდ არ გამცა პასუხი. ერთადერთი, ვინც პარლამენტიდან მიპასუხა ლევან იოსელიანი იყო, მაგრამ მისი პასუხიც უარყოფითი აღმოჩნდა, რომ მე არ შემიძლია რაიმე სახით ჩავერიო ამ შემთხვევაშიო. ცოტა გასაკვირი იყო...
მოკლედ, დღესდღეობით ჩვენი ოჯახი სუნთქავს და სულდგმულობს ადამიანების დახმარებით. იმ საოცარი ხალხის ჯგუფით, რომელიც წლებია, თქვენი გამოქვეყნებული სტატიების შემდეგ მხარს გვიჭერენ და ფინანსურად გვეხმარებიან.
მოკლედ, ახლა წავალთ სოფელში და იქაც თუ არ მოგვატყუეს...
- რაიმეს შეგპირდნენ?
- სამანქანო გზიდან ჩემს სახლამდე 400 მეტრია და გზა არ ვარგა. მივმართე ადგილობრივ მთავრობას, იქაური დეპუტატის ბიუროშიც ვიყავი, წერილი დავუწერე, ვთხოვე, 400-მეტრიანი გზის მონაკვეთის გაკეთება. ვფიქრობ, 400 მეტრი ბეტონის დასხმა არ უნდა გაუჭირდეთ. შემპირდნენ, აუცილებლად დაგეხმარებითო. ვნახოთ.
მინდა, რომ ღმერთმა ყველამ ერთად და ჯანმრთელად გადაგვატანინოს ვნების კვირა და დამდეგ აღდგომას ვულოცავ იმ ადამიანებს, ვისზეც, ფაქტობრივად, მუდმივად ვლოცულობ და სანთლებს ვუნთებ.
ნებისმიერი ადამიანს, ვის იმედზეც ვარ, თითოეული თეთრით რომ გაუწევია დახმარება, სულთ და გულით, ანთებული სანთლით მათ ოჯახებს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოებას. ყველას ღმერთმა დაეხმაროს, უშველოს, თითოეული დიდხანს აცოცხლოს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.
საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად. ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607
თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007 მიმღები: გოგიტა მურცხვალაძე.
ანგარიში: GE57TB7080645064300028 ლიბერთი ბანკი. ბანკის კოდი: LBRTGE22 მიმღების ანგარიში: GE04LB0711186007624000