არქტიკული წრის ჩრდილოეთით მდებარე უდიდეს ქალაქში, მურმანსკში ვიზიტისას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ "არქტიკაში რუსეთის გლობალურ ლიდერობა გააძლიერებს". მისივე თქმით, რეგიონში "გეოპოლიტიკური კონკურენცია იზრდება".
ამის მაგალითად კი მან მოიყვანა დონალდ ტრამპის იდეა გრენლანდიის შეძენის შესახებ. აღსანიშნავია, რომ პუტინს არ გაუკრიტიკებია ტრამპი.
"მოკლედ, ამერიკის გეგმები გრენლანდიასთან დაკავშირებით სერიოზულია. ამ გეგმებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და ცხადია, რომ აშშ სისტემატურად გააგრძელებს თავისი გეო-სტრატეგიული, სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გატარებას არქტიკაში.
რაც შეეხება გრენლანდიას, ეს არის ორი კონკრეტული ქვეყნის საქმეა და ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს", - აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, უკრაინაში დროებითი მმართველობის შემოღება შესაძლებელს გახდის დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და იმ ხელისუფლების სათავეში მოსვლას, რომელთანაც სამშვიდობო მოლაპარაკება და შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერა შესაძლებელი იქნება
პუტინის მტკიცებით, გაერო-ს ეგიდით შესაძლებელი იქნება რუსეთის პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებთან და ევროპის ქვეყნებთან უკრაინაში ასეთი დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობის განხილვა.
"და რა მიზნით? - იმისათვის, რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, ხელისუფლებაში მოვიდეს ეფექტური და ხალხის ნდობით მოსარგებლე მთავრობა და შემდეგ უკვე მათთან დავიწყოთ მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, ხელი მოეწეროს ლეგიტიმურ დოკუმენტებს, რომლებიც აღიარებული იქნება მთელ მსოფლიოში და იქნება სანდო და სტაბილური“, - აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია.
"ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია და არ ვამბობ, რომ სხვა არ არსებობს“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.