უკვე რამდენიმე დღეა მთელი საქართველო 16 წლის მარიამ კოხრეიძის შეცვლილ ცხოვრებას ადევნებს თვალს. გოგონას, რომელსაც ყბა-სახის დეფექტი ჰქონდა, თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში 7 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. გოგონა პირველად ქუთაისელმა ფოტოგრაფმა დანტესმა იგივე დავით ოქროპილაშვილმა აღმოაჩინა და საზოგადოებას გააცნო.
დანტესი იყო ის ადამიანი, რომელმაც მარიამის პრობლემის მოსაგვარებლად საზოგადოების ჩართულობა ითხოვა. რის შემდეგაც მას თურქეთში მცხოვრები ქართველი მედ გიდი სტამბოლის წარმომადგენელი მედეა იობაშვილი გამოეხმაურა და საერთო ძალებითა და ხალხის ფინანსური დახმარებით შეძლეს, რომ გოგონას ოცნება აუხდა და 20 მარტს მარიამი მეორედ დაიბადა. ოპერაცია პროფესორმა დოქტორმა ალთან ვაროლმა უსასყიდლოდ გააკეთა.
მარიამის ახდენილი ოცნებების სერია ამით არ სრულდება. ახლახან მედეა იობაშვილმა სოციალურ ქსელში გოგონას ცხოვრებაში მომხდარი კიდევ ერთი სიახლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია:
"ბაუ ბაჰჩეშეჰირ უნივერსიტეტის დირექტორმა, ჰიკმეთ ილდიმირმა, მარიამს აიპადი აჩუქა. რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ, გამოთქვა სურვილი, რომ მარიამს და მის ოჯახს მისცემდა სამსახურს და საცხოვრებელს ბათუმის ბაუში. თუმცა მე მოვუყევი მარიამმა საახალწლოდ როგორ ინატრა წიგნები და ვუთხარი, რომ თუ შეიძლებოდა სწავლის მხრივ დავხმარებოდით.
მან კი, სრულად აიღო თავის თავზე მარიამის სწავლა ბათუმის ბაუს უნივერსიტეტში. რისთვისაც მთელი საქართველოს წინაშე მინდა მადლობა გადავუხადო. გაიცანით, მარიამის ზღაპრის კიდევ ერთი გმირი, ჰიკმეთ ილდირიმი.
რა თქმა უნდა, ბატონი ალთანის მხრიდან მოხდა დაკავშირება. წარმატებები ჩემო ფერია გოგო, გპირდები, რომ სულ შენთან ვიქნები, შენი ცხოვრების ყველა ეტაპზე, როგორც და და მეგობარი".
წაიკითხეთ ასევე: