17 თებერვალს, პარიზში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნისა და ინსტიტუციის ლიდერებმა საგანგებო სამიტი გამართეს, რომელსაც ასევე ესწრებოდა ნატოს გენერალურმა მდივანი. შეხვედრაზე განიხილეს ევროპული ქვეყნების შესაძლო მონაწილეობა სამშვიდობო რუსეთ უკრაინის ომის დასრულებაში. სამიტის მოწვევას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რუსეთთან დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად. განხილულ საკითხებს შორის იყო ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. უფრო ადრე შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირის ქვეყნებისგან მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული წვლილის შეტანა შეუძლია თითოეულ მათგანს.
შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით გაიმართა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო განცხადებებისა და ქმედებების ფონზე, რასაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის შეშფოთება გამოიწვია, ისმის კითხვები: გაითვალისწინებს თუ არა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ევროპის ინტერესებს და რუსეთთან ხომ არ მიაღწევს ევროკავშირისა და უკრაინისთვის არახელსაყრელ შეთანხმებას?
შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, დანიისა და ნიდერლანდის ლიდერები, ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელები და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე.
შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა იყო აზრთა არაფორმალური გაცვლა და ლიდერები არაფერზე შეთანხმებულან.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა, ისევე როგორც ნატოს ყველა ქვეყანამ, ერთად უნდა იმოქმედონ უკრაინის უსაფრთხოებისა და გარანტიების საკითხებზე. ამასთანავე, მან განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი უკრაინაში რაიმე სამშვიდობო მისიაზე და მასში გერმანიის მონაწილეობაზე. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზის შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლოა განხილულიყო სამშვიდობო მისია უკრაინაში. შოლცის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ პარიზში გამართულ სამიტზე მსგავსი მისიის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. კანცლერმა თქვა, რომ სამშვიდობო მისიაზე საუბარი გამაღიზიანებელია, რადგან უკრაინაში ომს ბოლო არ უჩანს და ამჟამად არ არის საუბარი სამშვიდობოების გაგზავნაზე.
"ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოებისა და მოვალეობების განაწილება არ უნდა იყოს. ნატო ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ჩვენ ყოველთვის ერთად ვმოქმედებთ და ვიზიარებთ რისკებს, რითაც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ. ეს ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
შოლცმა ასევე გამოკვეთა რამდენიმე პუნქტი, რაზეც შეხვედრის ყველა მონაწილე შეთანხმდა. ეს არის შესაძლებლობა უკრაინისთვის, გააგრძელოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და დემოკრატია და ჰყავდეს ძლიერი არმია. შოლცის აზრით, ეს პრინციპები არ უნდა იყოს მოლაპარაკებების საგანი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეხვედრის მონაწილეების ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მათ "დაადასტურეს, რომ უკრაინა იმსახურებს მშვიდობას ძალის მეშვეობით. მშვიდობას, რომელიც პატივს სცემს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოების ძლიერი გარანტიებით“. მან ასევე მხარი დაუჭირა ევროპაში თავდაცვის გაძლიერებას.
Today in Paris we reaffirmed that Ukraine deserves peace through strength.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) February 17, 2025
Peace respectful of its independance, sovereignty, territorial integrity, with strong security guarantees.
Europe carries its full share of the military assistance to Ukraine.
At the same time we need… pic.twitter.com/xdAnkeWr4v
შეხვედრის შემდეგ აშშ-სა და ევროკავშირს შორის ერთიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმაც.
მისი სიტყვებიდან ირკვევა, რომ განხილულ თემებს შორის იყო ევროკავშირის ქვეყნებში თავდაცვის ხარჯების ზრდა და ამასთან დაკავშირებული საბიუჯეტო წესების ცვლილებები. ტუსკმა ასევე დაადასტურა თავისი ერთგულება პრინციპისადმი, რომ უკრაინის ბედის თაობაზე გადაწყვეტილებები არ უნდა იქნეს მიღებული უკრაინის მონაწილეობის გარეშე.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და დანიის პრემიერმა ფრედერიკსენმაც დაუჭირეს მხარი თავდაცვის ხარჯების გაზრდას. სტარმერმა დაადასტურა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ბრიტანეთს შეუძლია თავისი ჯარის გაგზავნა უკრაინაში. თუმცა, მისი თქმით, მხოლოდ შეერთებული შტატების გარანტიებს შეუძლია მომავალში თავიდან აიცილოს რუსეთის მორიგი თავდასხმა უკრაინაზე. დანიის პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რუსეთმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ევროპის სხვა ქვეყნებს.
"ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ. ეს არის ერთადერთი გზა უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად ხანგრძლივი, მყარი და სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად“, - განაცხადა კირ სტარმერმა.
მისი თქმით, "სასწორზე მხოლოდ უკრაინის მომავალი არ დევს და ეს მთელი ევროპისთვის ეგზისტენციალური საკითხია“.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მომავალ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე "ხანგრძლივი მშვიდობის ძირითად შემადგენელ ნაწილებს განიხილავს“.
რუსეთი მთელ ევროპას ემუქრება, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა პარიზში, ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"სამწუხაროდ, ახლა რუსეთი მთელ ევროპას ემუქრება. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ უკრაინელებმა ის მიიღონ, რაც სჭირდებათ, რათა ეს ომი არ წააგონ და საუკეთესო მდგომარეობაში იყვნენ“, - განაცხადა მეტე ფრედერიკსენმა.
"მზადაა და სურვილი აქვს. ეს არის ჩემი შეხედულება პარიზში დღევანდელი შეხვედრიდან. ევროპა მზადაა წინსვლისთვის და სურს წინსვლა, უხელმძღვანელოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას. მზად ვართ და გსურს კიდევ ბევრად მეტი ინვესტიცია ჩადოთ ჩვენს უსაფრთხოებაში. დეტალები გადასაწყვეტია, მაგრამ ვალდებულება ნათელია“, - ასე გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში შეხვედრას, რომელიც გუშინ პარიზში გაიმართა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებში უკრაინის პირდაპირი ჩართვის გარეშე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რამდენიმე ევროპელი ლიდერის პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გუშინ პარიზში, ევროპელი ლიდერების სამიტზე განიხილეს გლობალური ვითარება, ევროპაში არსებული სიტუაცია და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.
"ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა: უნდა არსებობდეს საიმედო, ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები. ნებისმიერი სხვა გამოსავალი ასეთი გარანტიების გარეშე, როგორიცაა მყიფე ცეცხლის შეწყვეტა, იქნება მხოლოდ მორიგი მოტყუება რუსეთის მხრიდან და რუსეთის ახალი ომის პრელუდია უკრაინის ან ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ“, - წერს ზელენსკი "ტელეგრამარხზე".
მისი თქმით, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას მუდმივ კონტაქტზე შეთანხმდნენ.
"ემანუელ მაკრონმა ინფორმაცია მომაწოდა სხვა ლიდერებთან, და არა მხოლოდ ევროპელ ლიდერებთან, საუბრის შესახებ. მუდმივ კონტაქტზე შევთანხმდით. მნიშვნელოვანი საკითხები წყდება. უნდა უზრუნველვყოთ საიმედო, ხანგრძლივი მშვიდობა. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების შედეგი“, - წერს ზელენსკი.
"ჩვენ გვსურს ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში. ამის მისაღწევად, რუსეთმა აგრესია უნდა დაასრულოს და ამას უკრაინელებისთვის უსაფრთხოების ძლიერი და სანდო გარანტიები უნდა ახლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა მინსკის შეთანხმებების მსგავსად დასრულდეს. ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე ყველა ევროპელთან, ამერიკელთან და უკრაინელთან ერთად, - დაწერა მაკრონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე ტრამპთან და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ .
მისი თქმით, ევროპელებმა უკეთესი, მეტი და ერთობლივი ინვესტიცია უნდა განახორციელონ თავიანთ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატები და რუსეთი სამშაბათს საუდის არაბეთში გამართავენ მოლაპარაკებებს, რომელსაც ორივე მხარემ უწოდა პირველი ნაბიჯი უკრაინის თაობაზე შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ. მოლაპარაკებებზე არც უკრაინა და არც ევროკავშირი არ არიან მიწვეული, რამაც, ისევე როგორც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებებმა, ევროპის ქვეყნებში შეშფოთება გამოიწვია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა არ აღიარებს სამშაბათს მიღებულ შეთანხმებებს. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებებს მშვიდობის პირობებზე.