მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ლადო აფხაზავას მასწავლებლებმა სასამართლოს მიერ დაკისრებული 5000 ლარიანი ჯარიმის თანხა შეუგროვეს. ამის შესახებ აფხაზავამ "ბათუმელებს" განუცხადა.
"საოცრება ხდება ჩემ თავს. არ ვიცი საიდან ამხელა სოლიდარობა, ძლივს შევძელი და მარტო დავითვალე რამდენი ლარნახევარი იყო ჩარიცხული, რადგან ვიცოდი, რომ ვინც ლარნახევარს ჩარიცხავდა, ყველა პედაგოგი იქნებოდა.
5 800 პედაგოგზე მეტია უკვე, რომლებმაც 1.50 ლარი ჩარიცხა. ამის გარდა, კიდევ, მეცხრეკლასელებისთვის რაღაც ტკბილეული ვიყიდე და რომ ვნახე, ამის შემდეგ, კიდეც ათი ტრანზაქცია იყო გაკეთებული" - თქვა აფხაზავამ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი; ქეთევან ფილაური - ფსიქოლოგი; მაია ცირამუა - ფსიქოლოგი; ირინა ზარანდია - სამოქალაქო აქტივისტი; გივი ცინცაძე - ლანჩხუთის საკრებულოს წევრი; ეკა კუხალაშვილი - „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.
. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება 26 იანვარს, ქუთაისში მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართული აქციის გამო დაიწყო. შეკრებილები "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელ მზია ამაღლობელის პატიმრობას აპროტესტებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ.
საქმეზე წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობდა.