უკვე 19 დღეა, რაც ჟურნალისტი, "ბათუმელებისა“ და“ნეტგაზეთის თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი შიმშილობს.
ის11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის.
"პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დაკავებულ ქალს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება...
ჟურნალისტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები ყოველდღე იმართება თბილისსა და ბათუმში.
მანანა ამაღლობელი, მზიას ძმისშვილი:
"მზია ჩემი მამიდა და მამიდაზე ბევრად მეტია. მას დიდი როლი აქვს ჩემი დედმამიშვილების აღზრდა-განათლებაში და ადამიანებად ჩამოყალიბებაში. 1992 წელს 6 წლის ვიყავი, როცა მამა, მზიას 28 წლის ძმა ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. მზია დედმამიშვილებში ყველაზე პატარაა, მაშინ ის პირველი კურსის სტუდენტი იყო. დედა, ბებო და მზია დარჩნენ 4 პატარა ბავშვით სოფელ ჭვანაში (შუახევის რაიონის სოფელი), საშუალო სკოლა იქ დავამთავრეთ. მამიდა და-ძმებს მზრუნველობდა და მფარველობდა, მზია იყო ჩვენი დედაც, მამაც და ყველაფერი. არ არსებობდა შაბათ-კვირა, ჩვენთან არ ამოსულიყო. როცა სკოლა დავამთავრეთ, ბათუმში წავედით სასწავლებლად და მზიასთან ვიზრდებოდით. ის ყველანაირად გვერდში გვედგა - მორალურად, ფინანსურად, რაც კი შეიძლება ადამიანს დადებითი გააჩნდეს, მზიასგან გვაქვს. მისი დამსახურებაა დღეს ვინც ვარ...
მზიას ჯანმრთელობა (არ დავაკონკრეტებ, რა აწუხებს) არ უწყობს ხელს, ყველა მისი დაავადება სტრესითაა გამოწვეული - ჯერ მამა გარდაეცვალა, 4 წელიწადში ძმა (მამაჩემი). თავიდან აპირებდა, საერთოდ შეეწყვიტა სწავლა და სოფელში დარჩენილიყო, დედაჩემს დახმარებოდა. არ დაუშვეს, ვინაიდან ყველაზე მეტად მის გარდაცვლილ ძმას ეწყინებოდა. მამას დიდი სურვილი იყო მზიას ესწავლა. მზიამ დედას უთხრა, ბავშვებმა სკოლა დაასრულონ და მერე მე მივხედავო, ასეც მოიქცა, სიტყვა შეასრულა. მერე მოხდა ისე, რომ მეორე ძმის შვილი გარდაეცვალა, 24 წლის თეო, მზიას შვილივით გაზრდილი გოგონა... ჩათვალეთ, რომ მზიას შვილი მოუკვდა. ამ სტრესების ფონზე მას სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. ახლა, ამ შიმშილობის ფონზე, არ ვიცი, რა იქნება, ძალიან ვნერვიულობთ. მზიამ გუშინწინ დაგვირეკა, პირველად გავიგონე მისი ხმა. ხომ ვიცნობ და ვიცი, როგორი ხმის ტემბრი და თავდაჯერებული საუბარი აქვს. ის ძალიან მშვიდად და ხმადაბლა გვესაუბრა, თითქოს ცდილობდა არ დაღლილიყო, თითქოს თავს ძალას ატანდა. გვითხრა, კარგად ვარ, არ ინერვიულოთო, - კიდევ იქეთ გვამშვიდებდა, მომიყევით, ბავშვები როგორ არიან, სამსახურებში თუ დადიხართო. ვეცადე დამერწმუნებინა, რაღაცნაირად შიმშილობის ფორმა შეეცვალა, ამაზე არ გამიგრძელა საუბარი და მითხრა, - ეს ჩემი არჩევანია და სხვა თემაზე მელაპარაკეთო. მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რასაც აკეთებს, აქვს უსამართლობის განცდა.....
ნახეთ სრულად სტატია: ჟურნალისტის ბრძოლა რეჟიმების წინააღმდეგ და გზა თავისუფლებისკენ: შიმშილობის მე-19 დღე