ბრიტანული გამოცემა "დეილი მეილი" აქვეყნებს სტატიას, რომელიც ეყრდნობა "ესკორტის ქალის" ნაამბობს იმის შესახებ, თუ რა ხდება დახურულ კარს მიღმა მსოფლიოს მაღალი დონის ფორუმებზე, მათ შორის, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და რას ფიქრობენ ლიდერები გლობალურ პრობლემებზე, რაზე საუბრობენ ისინი მაშინ, როცა კამერები გამორთულია.
"კლიმატის ცვლილება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ყველამ იცის, რომ მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია", - თქვა მან და დამატებით აღნიშნა, რომ "სუპერ მდიდარი" ადამიანების აზრი ამ საკითხზე ძირითადად ორად იყოფა.
"ერთი ჯგუფი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ღარიბებს შეეხება, სხვები კი შიშობენ, რომ შეიძლება, მდგომარეობა გაუარესდეს, მაგრამ რაიმეს გაკეთება აზრი არ აქვს, ამიტომ უბრალოდ, ცხოვრებით ტკბობა უნდა განაგრძონ. ერთი ნახევარი იმედგაცრუებულია, ხოლო მეორე, უფრო სულელი კატეგორია კი სამომავლო მასობრივ ხოცვა-ჟლეტას ზეიმობს. ეს ყველაფერი მხოლოდ დავოსში არ ხდება, რა თქმა უნდა""- აღნიშნავს ქალი.
როგორც სალომემ დააზუსტა, ზოგიერთი უმდიდრესი ადამიანი ამბობდა, რომ ე.წ. მესამე მსოფლიოს ქვეყნებში "შეიძლება, ყველა მოკვდეს, მაგრამ თვითონ კარგად იქნებიან".
ერთმა თქვა, - "ჩვენ რომ მოვკვდებით, თუნდაც წარღვნა მოხდეს".
"დროდადრო ამ თემას წამოვწევ ხოლმე და ისინი პასუხობენ, შემდეგ კი შემიძლია, საკუთარი აზრი ჩამოვაყალიბო. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ გვიან საღამოს, ადამიანი მოდუნებულია და ბარში უბრალოდ, ვიღაცას ესაუბრება. მხოლოდ საგნად აღმიქვამენ და არ ჰგონიათ, რომ მაშინაც კი ვაზროვნებ, როდესაც მათთან ვარ", - აღნიშნა მან.
"საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ღარიბებისა და ქვედა ფენის მტრები არა მიგრანტები, არამედ - ულტრა მდიდრები არიან", - ამბობს სალომე.
ფილოსოფიისა და გერმანული ლიტერატურის კურსდამთავრებული სექსმუშაკის თქმით, ის არ დადის იმ წვეულებებზე, სადაც ვიღაცის მიერ დაქირავებას დაელოდება.
"იმ ადამიანებს, ვისაც ეკონომიკის ფორუმზე ვხვდები, სპეციალურ პირობებს ვუთანხმებ, რის შესახებ საუბარი არ შემიძლია. მე მხოლოდ იმ ადამიანებს ვხვდები, ვინც გარკვეული კრიტერიუმით მომწონს. იქ ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან და ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ალბათ, მათ ახლა ძალიან ბევრი ალკოჰოლის მიღება დასჭირდებათ (მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით)."
დავოსში სექსმუშაკები საქმიან კოსტიუმებში იმოსებიან, რათა ზედმეტად არ გამოირჩეოდნენ. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ განათლებულია, ასევე, მინიმუმ ორ ენას ფლობენ.
ამის მიზეზია მაღალი კლასის კლიენტურა, რომელსაც ემსახურებიან - ძირითადად, ესენი არიან შეძლებული მამაკაცები ბიზნესიდან და პოლიტიკიდან.