მსახიობი ლელა მებურიშვილი სერიალის - "დეტექტივები" მეორე სეზონის გადაღებებში აქტიურად ჩაება. პარალელურად, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებშიც თამაშობს. დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო, გარეგნობაზე ზრუნვისათვის იმდენი დრო არ რჩება, რამდენიც თავად სურს, თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ ყოველთვის მომხიბვლელად გამოიყურება...
- ლელა, შენ მიერ შესრულებული როლები შენს ყოველდღიურ იმიჯზე გავლენას თუ ახდენს?
- ჩემ მიერ შესრულებული როლები ჯერჯერობით ჩემს იმიჯზე არ ასახულა: ისევ ისე ვცხოვრობ, როგორც ამა თუ იმ როლის შესრულებამდე. მაგალითად, სერიალში "დეტექტივები" ჩემს პერსონაჟს ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებული იმიჯი აქვს. სწორედ ამიტომ, ამ როლის შესრულება ძალიან მიხაროდა. როცა დღე და ღამე გადაღება მაქვს და 2 საათით მაინც ჩემი გმირისთვის დამახასიათებელ სამოსს ვიხდი, ქუსლიანი ფეხსაცმლიდანაც "ჩამოვდივარ", თავისუფლად ვგრძნობ თავს, რადგან "მე" ვხდები. ასე რომ, ჩემს გმირს ვერ "მივეჯაჭვები", პირიქით - ერთი სული მაქვს, როდის ვიქნები "მე" და ჩემს ტანსაცმელს ჩავიცვამ.
- რეალურად, ლელა მებურიშვილი როგორია? შენ მიერ ტელესერიალებში განსახიერებული გმირების ხასიათის რა შტრიხები ემთხვევა შენს ხასიათს?
- რაღაცით სამივე პერსონაჟი - ლეკა, თიკა, ეკა - მგავს, მაგრამ იმავდროულად, ჩემგან სამივე რადიკალურად განსხვავდება. როლის შესრულებისას, პერსონაჟი გარეგნულად, ხასიათით "მერგება". ჩემი მეგობრები ხშირად აღნიშნავენ, რომ ცხოვრებაში "სხვადასხვანაირი" ვარ. ალბათ მსახიობობაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. მინდოდა, ვყოფილიყავი: სერიოზულიც, საქმიანიც, მხიარულიც, მოცეკვავეც, ექიმიც... მსახიობობა იმის საშუალებას გაძლევს, რომ სხვადასხვანაირი იყო. ხასიათიც განსხვავებული მაქვს: ზოგჯერ სერიოზული ვარ (შეიძლება, ვიღაცისთვის - მკაცრიც), ზოგჯერ კი - უბრალო, მხიარული, "გიჟი"...
- გარეგნობაზე ზრუნვას ბევრ დროს უთმობ?
- ბევრს - ვერა. გარეგნობაზე ზრუნვას საათებს სიამოვნებით დავუთმობდი: აუზზე ვივლიდი, სხეულის გამაჯანსაღებელ პროცედურებს ჩავიტარებდი... სამწუხაროდ, ამის დრო თითქმის არასოდეს მაქვს. ამიტომ ხარისხიან კოსმეტიკას ვხმარობ - ეს ერთადერთია, რითაც საკუთარ თავს ვანებივრებ. მაკიაჟის გაკეთება ხშირად მიწევს, რასაც ზოგჯერ 15 წუთი სჭირდება.
- ე.წ. შოპინგზე სიარული თითქმის ყველა ქალს სიამოვნებს...
- ახლა სწორედ შოპინგიდან მოვდივარ - სერიალისთვის ტანსაცმლის საყიდლად გახლდით წასული. ამჟამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროცესი მეზიზღება (იცინის)! საერთოდ, შოპინგს წინასწარ არ ვგეგმავ, რადგან ძალიან ვიღლები. მაგალითად, როცა მეგობრებთან ერთად კაფეში მივდივარ, შეიძლება, ტანსაცმლის მაღაზიაშიც შევიარო და შემთხვევით, თუ რამე მომეწონა, ვიყიდო. დღეს სერიალში ჩემი გმირისთვის სამოსის შესარჩევად, საათ-ნახევრის განმავლობაში დავრბოდით და სიმართლე გითხრათ, ვერაფერი შევარჩიეთ. ალბათ ამ საკითხში პრეტენზიული ვარ.
- შენი პერსონაჟისათვის სამოსის შერჩევისას შენს გემოვნებას ენდობიან?
- შოპინგზე მე და მხატვარი ვიყავით, თუმცა ჩემს გემოვნებასაც ენდობიან, რაც ძალიან მახარებს. მხატვარი ხშირად მეუბნება: ლელა, შენ რაც მოგეწონება, ის შეარჩიეო, მაგრამ მირჩევნია, თავად შეარჩიოს, ჩემს გმირს როგორი სამოსი მოუხდება.
- სამოსთან დაკავშირებით, შენი და შენი პერსონაჟის გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა?
- არა, რა თქმა უნდა. ჩემი გმირის ჩაცმულობა საშინლად არ მომწონს (იცინის). მის მსგავსად არასოდეს ჩავიცვამდი.
- აბა, როგორი სამოსი მოგწონს?
- ყოველდღიურად, დაბალქუსლიან ფეხსაცმელებს, კედებს ვიცვამ. როგორც ხედავთ, ახლა მოკლე კაბა, ჟაკეტი და დაბალძირიანი ფეხსაცმელი მაცვია. შეიძლება, აბსოლუტურად განსხვავებულ სამოსშიც კომფორტულად ვიგრძნო თავი. გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ.
- სამკაულებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- იყო პერიოდი, როცა დიდი საყურე მეკეთა ხოლმე. ახლა შინიდან გასვლა საყურის გარეშეც შემიძლია. საათები ძალიან მიყვარს - ბევრნაირი მაქვს. სხვათა შორის, წინათ ბეჭდებს საერთოდ არ ვხმარობდი, ახლა კი სულ მიკეთია - ძალიან მომწონს! მძივები მომწონდა, მაგრამ ახლა აღარ ვიკეთებ.
- ბოლო დროს, მოკლე ვარცხნილობა გქონდა. გრძელ თმასთან შელევა არ გაგიჭირდა?
- შარშან თმა შევიჭერი. მანამდე ყოველთვის გრძელი თმა მქონდა. გრძელი თმა მომწონს, მაგრამ სერიალის გადაღება რომ იწყებოდა, გვინდოდა, ჩემი იმიჯი შეცვლილიყო და თიკასგან განსხვავებული ტიპაჟი შექმნილიყო. მგონი, ჩემს ახალ გმირს მოკლე თმა მოუხდა. გრძელი თმა შესაჭრელად დამენანა. ამასთან დაკავშირებით, ვწუწუნებდი კიდეც. ახლა ვცდილობ, თმა გავიზარდო. რადგან ჩემი თმის ბუნებრივი ფერი მიყვარს, ამიტომ თმას არ ვიღებავ.
- შენი მომხიბვლელობის საიდუმლო რა არის?
- ვფიქრობ, რომ ქალის სილამაზეს თვალი, ტუჩი, ცხვირი და ფეხები არ განსაზღვრავს. შეიძლება, გოგონას ისეთი შინაგანი ხიბლი ჰქონდეს, რომ მასთან ყოფნა ყველას უხაროდეს, თვალს ვერ სწყვეტდნენ. ჩემი აზრით, ჯერ ქალის ბუნებაა მნიშვნელოვანი, შემდეგ - გარეგნობა.
- ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტი რა მიგიღია?
- სხვათა შორის, ქალისგან მიღებული კომპლიმენტი ძალიან მსიამოვნებს, რადგან ის ყოველთვის უფრო კრიტიკულად გიყურებს და ყოველთვის ხვდები, რომ კომპლიმენტს შენი მოხიბვლის მიზნით არ გეუბნება. ამიტომ, ქალებისგან მიღებული კომპლიმენტების მჯერა (იცინის). ყველაზე სასიამოვნოს რაც შეეხება, 17 წლის ვიყავი, როცა ჩემმა მეგობარმა მითხრა, შენ რომ გიყურებ, ცხოვრება მიხარიაო. მას შემდეგ, მსგავსი კომპლიმენტები ხშირად მიმიღია, მაგრამ პირველი კარგად დამამახსოვრდა...
- შენს გარეგნობაში ყველაზე მეტად რა მოგწონს?
- არ ვიცი, რადგან ხანდახან სარკეში რომ ვიყურები, საკუთარი თავი საშინლად არ მომწონს. ალბათ მსგავსი რამ ზოგჯერ ყველას ემართება... ღმერთის მადლიერი ვარ იმისთვის, როგორიც ვარ. არ ვწუწუნებ და საკუთარ გარეგნობაში არაფრის შეცვლა არ მინდა, რადგან რაღაცა რომ შევიცვალო, შეიძლება, ისეთი აღარ ვიყო, როგორიც ვარ...
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)
მსახიობი ლელა მებურიშვილი სერიალის - "დეტექტივები" მეორე სეზონის გადაღებებში აქტიურად ჩაება. პარალელურად, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებშიც თამაშობს