მეგობრებო, სიძულვილით არავის გაუმარჯვია, ყველა ეს მცდელობა ფუჭია და დროებითი. უახლესი ისტორიიდან ვიცით, რა მოუტანა საქართველოს სამოქალაქო დაპირისპირებამ, რისკენაც ასე ისწრაფვიან ჩვენი გარე თუ შიდა მტრები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში სხდომაზე განაცხადა, სადაც კახა კალაძე მერიის წლიურ ანგარიშს წარადგენს.
"და რას ვხედავთ ამ დროს რუსთაველის გამზირზე? კარგად ორგანიზებული რადიკალური ჯგუფები, ექსტრემისტული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები, რომელთა ლიდერად გარე ძალებმა დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, ზიზღით, აგრესიით, ბულინგით ესხმიან თავს ყველას, ვისაც უნდა მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და მისი ევროპული მომავალი.
ნახეთ, რა ხდება სოციალურ ქსელებში, რა მასშტაბის ფინანსური რესურსია ჩადებული იმაში, რომ სოკოებივით მომრავლებულმა ათასგვარმა გაურკვეველმა ჯგუფებმა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, ცხადია ეს არ გამოსდით და ძალადობით, ლანძღვა-გინებით ესხმიან თავს ყველას და ყველაფერს.
ეს არის ლიბერალური ფაშიზმი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ფაშიზმი დავასრულოთ. ქვეყანაში უნდა დასრულდეს ის მდგომარეობა და ვითარება, რაც გვაქვს ამ კონკრეტული ძალადობის სახით. თუ შენ დღეს გაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაშინვე ხარ მტერი, აკრავთ რაღაც იარლიყებს - „რუსეთუმე“, „რუსი“. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოება დაყოს. რა თქმა უნდა, შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ უნდა გვქონდეს ამის მიმღებლობა და ის, რასაც აკეთებენ ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში, არის ლიბერალური ფაშიზმი და ფაშიზმი უნდა დასრულდეს ქვეყანაში.
მეგობრებო, სიძულვილით არავის გაუმარჯვია, ყველა ეს მცდელობა ფუჭია და დროებითი. უახლესი ისტორიიდან ვიცით, რა მოუტანა საქართველოს სამოქალაქო დაპირისპირებამ, რისკენაც ასე ისწრაფვიან ჩვენი გარე თუ შიდა მტრები. ეს იქნება დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. დღეს სახელმწიფო ძლიერია, ძლიერია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და რაც მთავარია, დღეს ხელისუფლება სარგებლობს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით და თანადგომით.
მადლობას ვუხდი თითოეულ საჯარო მოხელეს, თითოეულ მეწარმეს, პედაგოგს თუ რიგით მოქალაქეს, ვინც მაღალ სამოქალაქო შეგნებას და პასუხისმგებლობას იჩენს ამ რთულ პერიოდში. ვემსახუროთ საკუთარ საქმეს და ჩვენს ქვეყანას კეთილსინდისიერად ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, მისი ევროპული მომავლისთვის, რომელიც აუცილებლად დადგება“,- აღნიშნა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ისტორია ყველაფერს სწორად შეაფასებს.
„ზუსტად ვიცი, რას და რატომ ვაკეთებ ამ ქალაქისთვის. ზუსტად ვიცი, რას და რატომ აკეთებს ჩვენი გუნდი ამ ქვეყნისთვის. ზუსტად ვიცი, ისტორია ამას სწორად შეაფასებს მიუხედავად იმისა, ვინ რა ეპითეტებით ვამკობთ დღეს ერთმანეთს და რა განცხადებებს გავაკეთებთ ერთმანეთის მიმართ. ისტორია, რა თქმა უნდა, ყველაფერს სწორად შეაფასებს. ეს ყველაფერი ჩაივლის, ყველაფერი იმაზე მალე დალაგდება, ვიდრე ბევრს ჰგონია. საქართველო ძალიან მალე, წელში გამართული მშვიდობიანი და ბევრად უფრო ძლიერი შეაღებს ევროპის კარს. საქართველო იქნება ევროპის ნაწილი, თბილისი იქნება ნამდვილი ევროპული დედაქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.